"მსოფლიო კინომუსიკის შედევრები" ფილარმონიის სცენაზე ბრუნდება

"მსოფლიო კინომუსიკის შედევრები" ფილარმონიის სცენაზე ბრუნდება

"მსოფლიო კინომუსიკის შედევრები" ფილარმონიის სცენაზე ბრუნდება. ამასთან დაკავშირებით დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი, რომელიც პროექტის ავტორია, მიმართვას ავრცელებს.

"ჩემო ძვირფასებო,

გატყობინებთ, რომ ჩემი და ჩვენი ორკესტრის პროექტი "მსოფლიო კინომუსიკის შედევრები" კვლავ ბრუნდება თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენაზე.

მზადების პროცესში ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ჩვენს საკონცერტო პროგრამას ასეთი დიდი გამოხმაურება ექნებოდა და მაყურებელთა ინტერესი კიდევ არაერთხელ განმეორებას გახდიდა შესაძლებელს.

ბედნიერი ვიქნები, თუ მოისურვებთ დასწრებას, თუ წამოიყვანთ თქვენს მშობლებს, ვისთვისაც ყველაზე ძვირფასი და რომანტიული წლების მოგონებად იქცევა ჩვენი საღამო. აგრეთვე, გამიხარდება თუ კი დარბაზში მოზარდ თაობასაც ვიხილავ, ვინაიდან მიმაჩნია, რომ თითოეული მათგანის სრულყოფილ პიროვნებად ჩამოყალიბებას ხელს შეუწყობს მრავალმხრივი განათლება და ერუდიცია, მათ უნდა იცოდნენ ვინ იყო ჩარლი ჩაპლინი, ფედერიკო ფელინი და ნინო როტა, ვინ არიან და როგორ მუსიკას ქმნიდნენ და ქმნიან მიშელ ლეგრანი, ენიო მორიკონე, ჯონ უილიამსი, გია ყანჩელი…

განმეორებითი კონცერტები კვირას და ორშაბათს, 9-10 ნოემბერს დაინიშნა. კომპანია "ტექნო-ბუმმა"სიურპრიზი გაგვიკეთა და ბილეთის ყოველ მე-10 მყიდველს გადაეცემა ვაუჩერი, რომლის მფლობელი ტექნო-ბუმის მაღაზიათა ქსელში 8GB მეხსიერების ბარათს მიიღებს, რომელზეც ჩვენი შესრულებით კინომუსიკის რამდენიმე დაუვიწყარი მელოდია იქნება ჩაწერილი.

ჩვენ აგრეთვე შემოგვიერთდა გაეროს ბავშვთა ფონდი "იუნისეფი", რომელიც წელს ბავშვის უფლებათა დაცვის კონვენციის შექმნიდან 25 წელს აღნიშნავს და სიამოვნებით ვუძღვნით განმეორებით კონცერტებს ამ საიუბილეო თარიღს. აგრეთვე ჩვენს მხარდამჭერ კომპანია "მაგთისთან", თბილისის მერიასთან და საკრებულოსთან ერთად პარტნიორის რანგში მოგვევლინა ახლად დაფუძნებული სახელოვნებო კომპანია "არტ-პალასი", ხოლო უანგარო საინფორმაციო მხადაჭერა აღმოგვიჩინა რუსთავი 2-მა, Outdoor.ge-მ, 118 08-მ, რადიო ჰოლდინგმა "ფორტუნამ", Myvideo.ge-მ და "მედია-პალიტრამ". ყველას მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო თანადგომისთვის!

გელით 9 და 10 ნოემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში!

მაღალი მუსიკისა და გენიალური კინო-ხელოვნების ერთობლიობით გპირდებით ჯადოსნურ წუთებს და ემოციურ აღმაფრენას, რომელიც ჩვენს შეხვედრას დაუვიწყარ მოგონებად აქცევს.

სიყვარულით, თქვენი

ნიკოლოზ რაჭველი", - აღნიშნულია დირიჟორის მიმართვაში.

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება