"დავრეკე, ხმით ტიროდა, გულამოსკვნილი" - რა მდგომარეობაშია ამალია ჯიბლაძე სკანდალის შემდეგ

"დავრეკე, ხმით ტიროდა, გულამოსკვნილი" - რა მდგომარეობაშია ამალია ჯიბლაძე სკანდალის შემდეგ

ამალია ჯიბლაძე, "ნიჭიერის" პირველი გადაცემის ვარსკვლავად იქცა, თუმცა ახლადაღმოჩენილ ტალანტს მცირე დროში, იგივე რაოდენობის მძაფრი ემოციები შემოუბრუნდა, რამდენიც გასცა...

მას შემდეგ, რაც გამოითქვა ეჭვი, რომ მან პლუს-ფონოგრამაზე იმღერა, ამალიას ათობით ჟურნალისტის კითხვაზე პასუხის გაცემა და ასობით კრიტიკული შეფასების მოსმენა მოუწია.

რა მდგომარეობაშია ამალია ჯიბლაძე სკანდალის შემდეგ, ამას პროექტ "ნიჭიერის" მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი სალომე ლილუაშვილი აღწერს.

Facebook/ სალომე ლილუაშვილი, "რუსთავი 2":

"წელს, "ნიჭიერის" პრეკასტინგზე ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა. კასტინგები სრულდებოდა, ამალია ჯიბლაძე რომ შემოვიდა დარბაზში. ვიდრე სიმღერას დაიწყებდა, განსაკუთრებული ყურადღება არც მიგვიქცევია, გატელევიზორების მსურველი მორიგი კონკურსანტი გვეგონა. მახსოვს, მისი ნამღერი პირველი ფრაზა და ჩვენი რეაქცია - გაოგნებული ვუსმენდით. სუნთქვა შეგვეკრა მოულოდნელობისა და სიამოვნებისგან, სიხარულისგანაც.. მახსოვს, რა მორცხვად გვპასუხობდა ყველა კითხვაზე. თქვა, ისე მერიდებოდა, აქ შემოსვლაც ძლივს გავბედეო. მერე, როდესაც სცენაზე ჟიურის წინაშე იმღერა, კულისებში ვიდექით და ისევე მონუსხულები და თვალცრემლაინები ვუსმენდით, როგორც პირველად. მეორე დილიდან ჩემი ტელეფონი აფეთქდა - ამალისთან ინტერვიუ უნდოდა ყველა გამოცემას. ვკითხულობდი სოციალურ ქსელებში ადამიანების დადებით შეფასებებს და მიხაროდა.

მიხაროდა, რომ მასამ ადეკვატურად მიიღო ნიჭიერი და თავმდაბალი ადამიანი. ქალი, რომელსაც მძიმე ცხოვრების მეორე ნახევარში გაუმართლა და "სახალხო" გახდა. მერე დამირეკა, ძალიან მერიდება პოპულარობის გამო, იმდენი ჟურნალისტი მირეკავს, მიუჩვეველი ვარ და მიჭირს ამ ყველაფრის გააზრებაო. ვიგრძენი, რომ ბედნიერებისგან დაბნეული იყო - ამ დილამდე!

არ ვიცი, როგორ შევაფასო ბოღმის ის ტალღა, რომელიც ერთმა ადამიანმა ააგორა და ხალხის ნაწილი აჰყვა. არც ვიცოდი, როგორ უნდა დამერეკა ამალიასთან და როგორ დამემშვიდებინა. როგორ მეთქვა, რომ ხალხი ბოღმაა, რომ ამას უნდა მიეჩვიოს? როგორ ამეხსნა, რომ მისი წარმატება პირდაპირპროპორციული იქნება ხოლმე მისსავე მორალურად განადგურების მცდელობასთან? როგორ მეთქვა, რომ ამ პატარა ქვეყანაში სძულთ ნიჭიერი და წარმატებული ადამიანები? მაინც დავრეკე. მიპასუხა, მაგრამ სიტყვა ვერ ამოიღო. ხმით ტიროდა, გულამოსკვნილი. ახლახან შევხვდით, დავამშვიდეთ, შეძლებისდაგვარად... სახე და

თვალებდასიებული მოვიდა, 6 წლის ანგელოზ შვილთან ერთად, რომელმაც ვერ გაიგო, რატომ ტიროდა დილიდან დედამისი. თვალებგაფართოებული უყურებდა ხან მას, ხან ჩვენ...

პ.ს. ადამიანისთვის ადამიანზე დიდი საფრთხე არ არსებობს. და კიდევ, ლათინურად უფრო კარგად ჟღერს: Misera plebs!", - წერს სალომე ლილუაშვილი.

თემის ყველა მნიშვნელოვანი განახლება ნახეთ თეგზე #სკანდალი "ნიჭიერში"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება