სალომე გოგიაშვილი თავის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ - ''ჩემს ხელებში დალია სული...''

სალომე გოგიაშვილი თავის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ - ''ჩემს ხელებში დალია სული...''

''ქართული ხმების'' წევრის დავით გოგიაშვილის ხსოვნის საღამოზე, მოგეხსენებათ, დიდი ტრაგედია დატრიალდა. დიდი ხნის წინ გარდაცვლილი მომღერლის სიდედრი თრომბის შედეგად კონცერტის მიმდინარეობისას პარტერში გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მისთვის საკმაოდ მძიმეა გასახსენებლად, სალომე გოგიაშვილმა, ტრაგედიიდან ერთი თვის თავზე, ამ შემთხვევასთან დაკავშირებით თავისი ემოციები გაგვიზიარა და ისიც გაგვიმხილა, როგორი უნდა ყოფილიყო მამის, ''თავგასას'' ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო…

- სალომე, როგორი უნდა ყოფილიყო მამის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო?

- საღამო უნდა წაგვეყვანა მე, კახა მიქიაშვილსა და ჯაბა კილაძეს, ჩემს მეგობრებს. იდეა ჩემი იყო, დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდი მის განხორციელებას, მაგრამ დიდ ფინანსებს უკავშირდებოდა და მარტო გაკეთებას თავი ვერაფრით მოვაბი. ბოლოს დათო ოქიტაშვილი დამეხმარა და ორგანიზება გაუწია. ყოველთვის მინდოდა, მამაჩემის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ძალიან განსხვავებული ყოფილიყო, მქონდა უამრავი იდეა, თუმცა ალბათ, ბილ გეიტსი უნდა იყო, რომ ამ ყველაფრისთვის ფინანსები გქონდეს. რასაკვირველია, სრული ჩანაფიქრის განხორციელება ვერ შევძელო, მაგრამ თბილი საღამო უნდა შემდგარიყო, ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ ადამიანები, რომლებიც იცნობდნენ მამას, მონაწილეობაზე დამთანხმდნენ ჩემი მეგობარი მომღერლებიც, რომლებიც ქართულ სიმღერებს ასრულებენ. ღონისძიება ძალიან კარგად დაიწყო, მაგრამ შუამდეც არ ვიყავით მისულები, რომ ამ საოცარი მიზეზით, რაც საზოგადოებისთვის ცნობილია, კონცერტი შეწყდა. დავამონტაჟე ფილმი მამაჩემის შესახებ, სადაც თავი მოვუყარე ფართო საზოგადოებისთვის უცნობ კადრებს, კოლორიტებს, რომლებიც მამას იცნობდნენ და მასზე საუბრობდნენ. ამ ფილმისთვის გადაღებებზეც თავად დავდიოდი. ფილმს საკმაოდ ემოციური ფინალი ჰქონდა, რისთვისაც განსაკუთრებულად მოვემზადეთ. საუბარი მაქვს ''ვკეცე, ვკეცეს'' შესრულებაზე, არსებობს კადრები, სადაც მაცაცო სებისკვერაძე უზის ინსტრუმენტს და სიმღერას ასრულებს ოთხი მომღერალი, მათ შორის მამაჩემიც და მათგან არც ერთი აღარ არის ცოცხალი. ამ დროს სცენაზე უნდა გამოსულიყო რამდენიმე ანსამბლი და ''ვკეცე, ვკეცე'' ამ ოთხ ადამიანთან ''ერთად''

უნდა შეესრულებინა, ერთ-ერთ მისამღერს უნდა აჰყოლოდნენ ცოცხლად…

- სალომე, რა გახდა ბებიას გარდაცვალების მიზეზი?

- თრომბი… მე ბებიას გაზრდილი ვიყავი. ჩემ დროს ძალიან თბილი ურთიერთობა და დამოკიდებულება იყო ბებიებსა და ბაბუებს და შვილიშვილებს შორის. ბებიაჩემს ბოლო წუთამდე ძალიან მიჯაჭვული ვიყავი, მასზე ვგიჟდებოდი. ის 76 წლის გახლდათ. ბოლო პერიოდში ცუდად იყო. მე და ჩემმა მეუღლემ და მეგობრებმა დავაწვინეთ საავადმყოფოში, დედაჩემი თბილისში არ იყო. ღამე გავათენეთ და მაშინ პირველად გავიფიქრე, ახლა რომ გარდაიცვალოს, ვერ გადავიტან-მეთქი. სიყვარულის გარდა კიდევ ისიც იყო, რომ ამაზე მანამდე საერთოდ არ მიფიქრია. კარგ კლინიკაში მკურნალობდა და ამ სიტუაციიდან გამოვძვერით. ჰქონდა გულის და სხვა პრობლემებიც, ასაკიდან გამომდინარე. რეაბილიტაცია სახლში გაიარა და სულ ამბობდა, კარგი შვილიშვილი მყავსო. შინ სპეციალურად მისთვის სამნაირ კერძს ვამზადებდით. გამოკეთდა, კარგად გამოიყურებოდა და არაფერი აწუხებდა. კონცერტს რომ ვამზადებდით, გვთხოვა, აუცილებლად უნდა წამოვიდეო. დედაჩემი სასტიკი წინააღმდეგი იყო. მე განსაკუთრებულად მთხოვა და დავპირდი, რომ კონცერტზე წავიყვანდით. სანამ კონცერტი დაიწყებოდა, კულისებიდან გავიხედე, ჯერ არავინ იყო მოსული, მხოლოდ ბებია და მისი მეგობარი ისხდნენ. ხელი დავუქნიე, მანაც დამიქნია, ფარდა გადავწიე და მას შემდეგ ცოცხალი აღარ მინახავს…

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება