პავლე მგოსანს შალვა ნათელაშვილსა და რეზო ამაშუკელს ამსგავსებენ - ინციდენტი ''ჩემი ცოლის დაქალების'' გადაღებებიდან

პავლე მგოსანს შალვა ნათელაშვილსა და რეზო ამაშუკელს ამსგავსებენ - ინციდენტი ''ჩემი ცოლის დაქალების'' გადაღებებიდან

''ჩემი ცოლის დაქალებში'' პავლე მგოსანი ერთ-ერთი ექსცენტრიკული პერსონაჟია, რომელიც სერიალის მაყურებელში არაერთგვაროვან ემოციებს იწვევს. ზოგს მის გამოჩენაზე ეცინება, ზოგსაც აღიზიანებს და ზოგიც სოციალურ ქსელში უშვერი სიტყვებით მოიხსენიებს. მსახიობი კახა გაბელია, რომელმაც იუბილარი პოეტის პავლე მგოსანის პერსონაჟი განასახიერა, მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობია და დღესდღეობით რამდენიმე სპექტაკლშია დაკავებული. საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ...

- მოზარდ მაყურებელთა თეატრში 1994 წელს მივედი. მანამდე მარჯანიშვილის თეატრში ორი სეზონი ვმუშაობდი. თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ კი ახმეტელის თეატრში, სადაც ნუკრი ქანთარიამ მიმიყვანა.

თეატრალურში მიშა თუმანიშვილის ჯგუფში ვსწავლობდი. ბატონ მიშასთან მუშაობა დიდი ბედნიერება იყო. ყველაფერი, რაც კი ვიცი, მისი დამსახურებაა. მაგრამ მსახიობობა ისეთი პროფესიაა, ნიჭი თუ არ გაქვს, ვინც უნდა იყოს შენი პედაგოგი, ვერაფერს ისწავლი. მსახიობობის სწავლა შეუძლებელია. ნიჭიერი ადამიანი, თუ ამას შრომისმოყვარეობაც ერთვის, თუ კარგი პედაგოგი შეხვდა, აუცილებლად მიაღწევს თავი პროფესიაში დაოსტატებას. ბატონი მიშა უნიკალური ადამიანი იყო, ჩემს თავზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ ვიტყვი, მისი სტუდენტები ყოველთვის პროფესიონალიზმითა და საქმისადმი ერთგულებით გამოირჩევიან. ის სულ გვასწავლიდა, რომ სცენაზე საკუთარი თავის თამაში არ შეიძლება. ადამიანი სპექტაკლზე რომ მოდის, პერსონაჟის გრძნობათა ბუნება, ჟესტები, მანერები, მეტყველება აინტერესებს და გმირის სრულყოფილების მიღწევას სკრუპულოზურად გვასწავლიდა.

- ხშირად პროფესია ხდება ოჯახური ტრადიციის მაგვარი. თქვენი მშობლები რა პროფესიის იყვნენ?

- ფიზიკურად სცენაზე არ დავბადებულვარ, თორემ (იცინის). დედაჩემი, აზა ნუცუბიძე, ჩემზე ორსულად რომ იყო, ხატიას თამაშობდა. მამაც ცნობილი მსახიობი იყო, შოთა გაბელაია. გაგახსენდებათ, ალბათ, ელდარ შენგელაიას ''არაჩვეულებრივი გამოფენიდან'' ვალოდია ჯინჭარაძის პერსონაჟი. არისტო - ''სამანიშვილის დედინაცვალში'', ქუცარა ''ყვარყვარეში'' და სხვა. ის 20-მდე ფილმშია გადაღებული, მაგრამ, სამწუხაროდ, 42 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მამა სოხუმელი იყო, დედ-მამამ ერთმანეთი იქვე გაიცნეს. დედას პედაგოგი, დიდი ვასო ყუშიტაშვილი, სოხუმში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რომ გახდა, დედაჩემი თან წაიყვანა. მამა უკვე მუშაობდა სოხუმის თეატრში. 1968 წელს ჩემი მშობლები თბილისში გადმოვიდნენ, დედამ მუშაობა დაიწყო მოზარდ მაყურებელთა თეატრში და მამამ - მარჯანიშვილში. ჩემი ცხოვრება ამ თეატრების გარეშე არ მახსოვს. ჩემი ერთი შვილიც, შოთა გაბელაია, მსახიობი გახდა და გოგონა, ანა, კი წელს აბარებს, მაგრამ სულ სხვა პროფესია აირჩია.

- მეუღლე რა პროფესიისაა?

- ფილოლოგია, ''რუსთავი 2''-ის გახმოვანების სტუდიის მთავარი რედაქტორი.

- თქვენ როდის მოგეცათ კამერასთან მუშაობის პირველი შანსი?

- პირველი შეხება კამერასთანო, როცა მეკითხებიან, ვამბობ, რომ ეს იყო ბატონი ელდარ შენგელაიას ''სამანიშვილის დედინაცვალი'', სადაც მამა არისტოს თამაშობდა, დედა მის ცოლს და მე მათ შვილს. იმ დროს დაახლოებით 10 წლის ვიყავი. შემდეგ უკვე სერიოზული ნამუშევარი მქონდა ალეკო ცაბაძესთან ფილმში ''ღამის ცეკვა'', რომელშიც ივერი ზანდუკელის როლი შევასრულე. გადაღებები 1992 წელს მიმდინარეობდა, მერე დაემთხვა არაულობა ჩვენ ქვეყანაში და იმ პერიოდში მოკვდა საქართველოში კინოინდუსტრია. სერიალების გადაღებები რომ დაიწყო, მონაწილეობა მივიღე ''ცხელ ძაღლში'', ''დეტექტივებში'' და ა.შ. ახლახან მოხსენ მაჰმალბაფთან გადამიღეს ფილმში ''პრეზიდენტი'', რომელშიც პოლიტპატიმარს ვთამაშობ. ჩვენთან მისი პრემიერა ჯერ არ ყოფილა, მაგრამ ვენეციის ფესტივალზე საკმაოდ წარმატებული ჩვენება ჰქონდა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება