გოგი ალექსი-მესხიშვილი საქართველოში ბრუნდება

გოგი ალექსი-მესხიშვილი საქართველოში ბრუნდება

დიდი ხანია, რაც გოგი ალექსი-მესხიშვილი წელიწადის რამდენიმე თვეს თბილისში ატარებს და ნაწილს - საზღვარგარეთ. სპექტაკლებზე მუშაობის ორმოცი და უცხოელ სტუდენტებთან მუშაობის ოცწლიანი სტაჟის შემდეგ, რაც მან უმთავრესად დარმუტის კოლეჯში დააგროვა, გადაწყვიტა, საკუთარი გამოცდილება საქართველოშიც გაუზიაროს ახალგაზრდებს. ახლახან მან თბილისში თანამედროვე თეატრალური მხატვრობის სკოლა გახსნა. სწავლების პროცესი ორწლიანია და რაც განსაკუთრებით საგულისხმოა, უფასო. სკოლის პრეზენტაციის შემდეგ მხატვარს ჩვენში არსებულ განათლების პრობლემებზე ვესაუბრეთ...

- ბატონო გოგი, რა განსხვავებაა ქართველ და ამე-რიკაში მცხოვრებ სტუდენტებს შორის?

- იქ აბსოლუტურად თავისუფალი ხალხია, ადამიანს შეუძლია ყველაფრის მიღწევა, რადგან სახელმწიფო მათ საქმეში არ ერევა და მასზე არ არიან დამოკიდებული. აქ კი ახალგაზრდები დამოკიდებულნი არიან სახელმწიფოზე. დავიწყოთ განათლებით: სამხატვრო აკადემია სახელმწიფო სტრუქტურაა, სადაც პედაგოგების 90% არაფერს ასწავლის. სტუდენტები ჩივიან ამის გამო; ერთმა მითხრა, ლექტორს ვუთხარი, ჩემთვის 5 წუთი დაეთმო და მიპასუხა, თავი დამანებეო. ამას ამერიკაში და საერთოდ, საზღვარგარეთ ვერ გაბედავ. შენ იმისთვის ხარ, რომ ასწავლო და სტუდენტები კი იმისთვის, რომ ცოდნა გამოგწურონ. მათი აზროვნება თავისუფალია, ჩვენთან - შებოჭილი. აქ სტუდენტს რომ სთხოვ, კითხვა დაგისვას, ვერ აქტიურობს იმის გამო, რომ კითხვა არ აქვს, ან რაღაცის ეშინია, ჰგონია, შეიძლება სასაცილოდ გამოჩნდეს და ა.შ. კერძო სამეცნიერო სკოლებში სერიოზული სწავლება მიდის, მაგრამ სახელმწიფო სტრუქტურაში არა. აკადემიაში მიდის ადამიანი, იღებს ჯამაგირს, მაგრამ არ უნდა არაფრის კეთება. იცის, რომ მისი `სამყაროს~ გარეთ რომ გავიდეს, არავის დასჭირდება. კერძო სტრუქტურაში კი ასეთები არ აჰყავთ, არამედ საუკეთესოები. ახლა, თბილისში, როცა ჩემს სტუდენტებს ვუყურებ, ნიჭიერი, აქტიური, ჭკვიანი ახალგაზრდები არიან, მაგრამ ვინც სამხატვრო აკადემია დაამთავრა, ელემენტარული რამ არ იცის.

- თქვენი აზრით, რა იწვევს ლექტორების ასეთ დამო-კიდებულებას სტუდენტებისადმი?

- მე რომ აკადემიაში ვსწავლობდი, მასწავლიდნენ პიროვნებები: სერგო ქობულაძე, ზურაბ ნიჟარაძე, ედმონდ კალანდაძე, ვასილ შუხაევი, უჩა ჯაფარიძე და ბევრი სხვა, რომლებსაც მაშინაც და დღესაც პატივს ვცემ. მე არ ვლაპარაკობ მათი ხელოვნების ხარისხზე, არამედ ადამიანობაზე და მათ დამოკიდებულებაზე ახალგაზრდებისადმი. მახსოვს ჩემი პედაგოგის გვარი პიონერთა სასახლეშიც კი, მესხი იყო, მაგრამ დღევანდელმა სტუდენტებმა თავიანთი პედაგოგების სახელები და გვარები არ იციან. ეს პედაგოგს არ აწუხებს, არადა, სამარცხვინოა, როცა წლები გადის და ადამიანს არ ამახსოვრდება, ვინ იყო მისი ლექტორი.

- ეს მხოლოდ ლექტორების ბრალია თუ სტუდენტებისაც?

- რასაკვირველია, პირველ რიგში, ეს ხელმძღვანელობის ბრალია. უნდა იყოს მკაცრი წესები. პედაგოგს უნდა მოეთხოვოს თავისი მოვალეობის შესრულება. პედაგოგებს კონკურსით უნდა არჩევდნენ, ამიტომ მივიჩნევ, რომ სამხატვრო აკადემიას არაფერი ეშველება. რექტორთან არავითარი პრეტენზია არ მაქვს.

- ახალი რექტორი ჰყავს სამხატვრო აკადემიას - გია გუგუშვილი...

- ამას მნიშვნელობა არ აქვს, სამხატვრო აკადემიაში საბჭოთა სისტემაა, აუცილებელია ძალიან მკაცრი რეფორმა, რომელიც უნდა განახორციელოს კულტურის სამინისტრომ. ამას მხოლოდ რექტორი ვერ შეძლებს, აუცილებელია სამინისტროს მხარდაჭერა, რომლის გარეშეც მას ააწიოკებენ, თბილისი ხომ იცით... აქ კიდევ მეორე საკითხია: უწინ ხალხი ნიკოლაძის სასწავლებელს ამთავრებდა და მერე აბარებდა სამხატვრო აკადემიაში. ეს გზა გაიარეს მირიან შველიძემ, აწ გარდაცვილმა თემურ ნინუამ, რომელიც ძალიან კარგი მხატვარი გახლდათ. ასევე არსებობდა თოიძის სახელობის სასწავლებელი, სადაც მსურველებს ხელობას ასწავლიდნენ. დღეს ორივე სტრუქტურა მოშლილია და ყველა პირდაპირ აკადემიაში მიდის. თავის დროზე მე შემომთავაზეს სამხატვრო აკადემიის რექტორობა, სააკაშვილის დროს ვგულისხმობ, მაგრამ იმის გამო, რომ მათ პოლიტიკურ და საერთო შეხედულებებს არ ვიზიარებდი, უარი მითხრეს. როგორც ჩანს, პოლიტიკურ მომხრეზე უფრო ფიქრობდნენ, ვიდრე განათლების ხარისხზე.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება