"ისეთი კი არ ვარ, ბაქარი პირველივე გოგოზე რომ ავარდა" - მეთერთმეტეკლასელი ბუბა და მისი რეალური სახე

"ისეთი კი არ ვარ, ბაქარი პირველივე გოგოზე რომ ავარდა"  - მეთერთმეტეკლასელი ბუბა და მისი რეალური სახე

ბუბა მათნაძე - 106-ე საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელია, მაგრამ ფართო საზოგადოება ასე არ იცნობს, რადგანაც ის უბრალოდ ბაქარია, სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები", რომელიც სოფლიდან ქალაქელ ნათესავებთან იმისთვის ჩამოვიდა, რომ უმაღლეს სასწავლებელში ისწავლოს... დამაჯერებლად თამაშობს პროვინციალი სტუდენტი ბიჭის როლს, რომელიც სერიალის მესვეურებმა მისცეს.

ჯერ 16 წლის არის, წინ მთელი ცხოვრებაა და დიდი გეგმები. თუმცა ამ ეტაპზე ფაქტია, რომ წარმატებით გაართვა თავი ამოცანას. "ამდენი ფოტო ახლა რომ მიღებენ, არასდროს გადამიღია", - ამბობს ბუბა და იცინის.

- სკოლის მოსწავლე მოულოდნელად პოპულარული გახდი.

- კი, ხალხის დიდ სიყვარულს, ყურადღებასა და სითბოს ვგრძნობ...

- ჩემთვის აღმოჩენა იყო, რომ მითხარი, სკოლის მოსწავლე ვარო. თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი მეგონე... მსახიობობა არ გინდა?

- თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლის გარდა, სხვა გეგმებიც მაქვს და ჯერჯერობით ვფიქრობ. კარიერა ისეთი რაღაც არის, რომ არჩევანის გაკეთებისას აჩქარება არ ვარგა. ისე, სერიალის მერე როგორ განვითარდება მოვლენები, ამაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. როცა შევატყობ, რომ მსახიობობის გარდა სხვა არაფერი მინდა, მაშინ მივიღებ ამ გადაწყვეტილებას. ისე, მსახიობობა, ადრე უფრო მინდოდა, რადგან 9 წლიდან საბავშვო თეატრში ("მეორე სახლი - 2") ვთამაშობ... მოკლედ, ახლა დაკვირვებისა და ფიქრის პროცესში ვარ.  

- ის სხვა გეგმები რა არის, რაზეც ფიქრობ?

- მომწონს სამხედრო საქმე და მიზიდავს სამხედრო სამსახური. გერმანული ენის შესწავლაც მინდა და გერმანიაში წასვლა.

- როგორი მოსწავლე ხარ?

- არც ცუდი და არც - კარგი. შეძლებისდაგვარად ვახერხებ, რომ ყველაფერი მოვასწრო და გავაკეთო.

- სერიალში ქასინგით მოხვდი?

- ქასთინგი არ დამჭირვებია... თავიდან ბაქარის როლი უსიტყვო იყო. მერე სცენარისტმა გადაწყვიტა, რომ მას ხმაც ამოეღო...

- მოგწონს შენი პერსონაჟი?

- კი, მაგარი ხასიათი აქვს: სადაც როგორ არის საჭირო, ისე იქცევა. არის ჯიგარიც, ჩხუბობს კიდეც, მოკლედ, სიტუაციურად მოქმედებს და უკან არ იხევს. მებრძოლი სული აქვს.

- მიმაჩნია, რომ კარგად შეძელი, გაგესახიერებინა პროვინციელი ბიჭის როლი. მშვენიერი სახე შექმენი. ეს როგორ მოახერხე, როცა სამსახიობო განათლება არც გაქვს?

- თეატრში უკვე წლებია ისეთ გაკვეთილებს გავდივართ, რომ ამ საქმეში პრაქტიკა დამიგროვდა. მერე ჩემი ყველანაირი გამოცდილება გავაერთიანე და ასეთი ტიპაჟიც შეიქმნა. იუნა შაფათავასთანაც მქონდა სცენა, ადრეც ხომ ვმონაწილეობდი ამ სერიალში, მეხუთე სეზონზე. მერე ჩემი ეკრანული ოჯახის დიალექტსაც ვუკვირდებოდი, განსაკუთრებით ქალბატონი ქეთი ჩხეიძის და ესეც დამეხმარა. ისინიც ხომ ბაქარისნაირი იმერულით ლაპარაკობენ. მოკლედ, ეს დიალექტი და ინტონაცია ჩემს ტექსტს მოვარგე (ბაქარი ღორეშელია, ეს სოფელი რიკოთთან ახლოსაა).

- შენს პერსონაჟს პირველ შემხვედრი ქალი ცოლად მოჰყავს...

- ბაქარი 18-19 წელი სოფელში ცხოვრობდა. თბილისში არასდროს ჩამოსულა, გოგოც, როგორ მამაკაცს, არასდროს უნახავს და ძალიან მიმნდობია, - როგორც კი ნახა პირველი ქალბატონი, მაშინვე მოეწონა. შეიძლება ეს მისი ბავშვური გატაცებაც იყოს, დიდი სიყვარულის ამბავი. იმ გოგოს სილამაზე მოეწონა, მიუხედავად იმისა, რომ ბოზია, ამისთვის ყურადღება არც მიუქცევია.

არასტანდარტულად რომ იყო ჩაცმული, ამითაც მოიხიბლა. ცხოვრებაშიც ხომ ხდება ასეთი რაღაცები.

- ჰოდა, ცხოვრებაში რამენად ჰგავხარ ამ ბიჭს?

- თუ არ შემიძლია, საქმის ბოლომდე მიყვანა, იმას ხელს არ მოვკიდებ. თუ მოვკიდებ და ბოლომდე აუცილებლად მივიყვან. მეტით არაფრით ვგავარ ალბათ მას, რადგანაც მაინც ძალიან მორიდებული ბიჭია, რაღაც კომპლექსები აქვს.

- გოგოებთან როგორი ხარ?

- გააჩნია, ნებისმიერი მათგანი როგორ ურთიერთობასაც იმსახურებს, ისეთი ვარ.

- და როგორები მოგწონს?

- ეგ ჩამოყალიბებული არ მაქვს. გააჩნია, ვინ რითი მომაწონებს თავს. კონკრეტულად რა მიზიდავს გოგოში, არ ვიცი, ხომ ვთქვი, თავი თვითონ უნდა მომაწონოს-მეთქი.

- შეყვარებული ხარ?

- არა, მაგრამ ერთი გოგო მომწონს.

- არ გაწონებს ისე თავს, რომ შეგიყვარდეს?

- ერთმანეთს ერთი წელია, ვიცნობთ. სანამ ბაქარი გავხდებოდი, მანამდე გავიცანი.

- ბაქარი რომ გაჩნდა, რა მოხდა?

- ეჭვიანობს, რადგანაც სოციალურ ქსელში ბევრი მწერს...

- ე.ი. იმ გოგონას უყვარხარ.

- რადგან ეჭვიანობს, ეგ მეც მაფიქრებინებს, რომ ვუყვარვარ (სიცილით ამბობს).

- სიყვარული არ აგიხსნია მისთვის?

- ხომ გითხარით, აჩქარება არ მიყვარს. ნელ-ნელა და ხარისხიანად მიყვარს ყველანაირი საქმის გაკეთება. ისეთი კი არ ვარ, ბაქარი პირველივე გოგოზე რომ ავარდა... 

- ოჯახის შესახებ რას გვეტყვი? მსახიობი ხომ არ გყავს ვინმე?

- მსახიობი არა, მაგრამ ხელოვნებასთან კი არიან დაკავშირებულები. პაპაჩემი "რეროში" ცეკვავდა, ოპერაშიც. დედაც მოცეკვავე იყო და პატარაობაში მეც დავდიოდი ქართულ ცეკვებზე. მამა ძველი ფეხბურთელია. ძმებიც პატარა ფეხბურთელები არიან. ერთი 9 წლის არის, მეორე - 10-ის. მე უფროსი ვარ და გვყავს უმცროსი და, რომელიც ჯერ 2 წლის არის...

- საიდან ხარ წარმოშობით?

- კახეთიდან, მაგრამ აქ დავიბადე და გავიზარდე. მამაჩემის დედა ჩარგლიდან გახლავთ, რაზიკაშვილია, ფშაველი. იმერეთთან არანაირი შეხება არ მაქვს.

- რა არის ეს სერიალი შენთვის?

- "ჩემი ცოლის დაქალები" ფაქტობრივად, უკონკურენტო სერიალია. ხალხის ამდენი ემოცია და სიყვარული მგონი, არც ერთს არ რგებია. როგორც მსახიობისთვის მაგარია, ჯერ ერთი გამოცდილებაა, მერე საოცარი შეგრძნებაა, ხალხის სიყვარული.

- მსახიობებთან როგორ ურთიერობა გაქვს?

- საერთოდ, მთელ გადამღებ ჯგუფთან გადასარევი ურთიერთობა მაქვს.

- უშუალოდ შენს პარტნიორზე რას იტყვი?

- ხატია ბრაჭული მაგარი პარტნიორია. ისე, პარტნიორს დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ძლიერი არ არის, სცენაც ვერ იქნება მაგარი. მოკლედ, ერთმანეთზე ვართ დამოკიდებულები. მისი სითამამე და არაკომპლექსურობა მეხმარება...

- უყურებ ხოლმე შენს ნამუშევრებს?

- საერთოდ მიჭირს სერიალში საკუთარი თავის ყურება, არადა, არის ხოლმე რაღაც ხარვეზები, რომელსაც მასობრივად მაყურებელი შეიძლება ვერ ამჩნევს, მაგრამ მე ვგრძნობ და ვხედავ. როგორ უნდა ყოფილიყო, სად რა უნდა გამეკეთებინა, სად მომივიდა ბევრი თუ ცოტა. მიმიკას, მანერას ყველაფერს მნიშვნელობა აქვს. მოკლედ, საჭიროა, და ამიტომ ვუყურებ სერიალს.

- რას გეუბნებიან ახლობლები, მეგობრები...

- უხარიათ ჩემი წარმატება და სიხარულს იზიარებენ. ერთად ვუყურებთ ხოლმე, იმათი ემოციებიც მაინტერესებს. ერთ-ერთი, ვინც სულ მაკრიტიკებს და ძალიან მიხარია, რომ ასეთი ადამიანი არსებობს ჩემს გვერდით, ეს დედაჩემია. ჩემი თამაშით ყოველთვის უკმაყოფილოა, რაც მაძლევს იმის საშუალებას, რომ მეტი გავაკეთო და ამისთვის მადლობა დედას.

- მოკლედ, გაგიმართლა...

- კი, ძალიან გამიმართლა და ამ ყველაფერს სწორი გამოყენება უნდა.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება