ლელა წურწუმიას საახალწლო გალა-კონცერტზე არ დაუძახეს - ''ეტყობა, ხალხს მაძღარი ვგონივარ...''

ლელა წურწუმიას საახალწლო გალა-კონცერტზე არ დაუძახეს - ''ეტყობა, ხალხს მაძღარი ვგონივარ...''

ჩვენს შეკითხვას, ურჩევს თუ არა პოპულარობისკენ სწრაფვას ახალგაზრდებს. საქართველოში ყველაზე პოპულარული ქალი ლელა წურწუმია ანეკდოტით პასუხობს:

''გურული ეკითხება თავის მეგობარს, შენი ბიჭი როგორია შეხედულებითო. გადასარევი, ძალიან ლამაზი ბიჭიაო, პასუხობს. ისე, ჯანზე როგორ არისო. აგერ მუხის ხეს ხომ ხედავ, მაგას ფესვიანად ამოიღებს, მაგრამ მერე სად წაიღოს, არ იცისო... ასეა პოპულარობის ამბავიც. დღეს სხვადასხვა ტელეარხზე ბევრი საინტერესო მუსიკალური პროექტი გადის და ახალი სახეები და ხმები გავიცანით, მაგრამ მერე სად მიდიან? საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში ბევრი კარგი მომღერალია, მაგრამ ბაზარი მწირია. ვერავის ვურჩევ, წადი, სხვა საქმე მონახე-მეთქი, მაგრამ ერთი მთავარი რამ არის ის, რომ ჰყავდეთ პროდიუსერი. ეს არ არის ჩემი მოგონილი. მამულიჩამ ძალიან ბევრი რამ შემიმსუბუქა... კარგი იქნება, თუკი შეიქმნება კომპანია, რომელიც რამდენიმე ახალგაზრდა მომღერალს მეურვეობას გაუწევს...''

- ბავშვობაში ოცნებობდით, რომ გამხდარიყავით პოპულარული, ცნობილი ადამიანი?

- მართალი გითხრათ, ოცნებაც ვერ მოვასწარი, იმიტომ რომ ხუთი წლიდან დედაჩემმა პიონერთა სასახლეში მიმიყვანა, ქალბატონ შურა ჯანელიძესთან. ფაქტობრივად, იმ წლებიდან სცენაზე ვდგავარ. შესაძლოა, ასეთი სერიოზულობით მაშინ არ აღვიქვამდი, მაგრამ კარგად მახსოვს, რომ მიუხედავად ასაკისა, სცენაზე გასვლის წინ ყოველთვის ვღელავდი და ეს დღემდე გრძელდება.

სკოლის დამთავრება სერიოზული პოლიტიკური ცვლილებებისა და გარდაქმნების პერიოდში მომიწია, 80-იანი წლების ბოლოს ვგულისხმობ. საესტრადო სასწავლებელში ჩავაბარე, თუმცა მანამდე ვფიქრობდი სამხატვრო აკადემიაზე, მამას ძალიან უნდოდა, რადგან თვითონ ხატავდა. რაღაც პერიოდი ვემზადებოდი კიდეც, მაგრამ სიმღერამ მაინც სძლია, რადგან სხვა გატაცება მას ვერ მოერეოდა, სიმღერა ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო...

შემდეგ ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში მუსკომედიის ფაკულტეტზე, ჩვენი ჯგუფი გაიყო და მე დავრჩი დრამის სამსახიობოზე. ასევე დავასრულე ასპირანტურა ვოკალის განხრით ქალბატონ ციცინო ციცქიშვილთან და დადგა 1996 წელი. ხომ ხვდებით, როგორი პერიოდის შესახებ მოვყევი? გაჭირვება, არა შუქი, არა წყალი, კაცის კვლა და შიმშილი. აქ საუბარი იყო თავის გადარჩენაზე და არა პოპულარობის მოპოვებაზე. იმ პერიოდში დიდი პრაქტიკა მივიღე რესტორან ''ევროპაში''ცოცხალ ბენდთან მუშაობით, მონაწილეობა მივიღე კონკურსში ''იალტა-მასკვა-ტრანზიტი~. ამით იმას ვამბობ, რომ ჩემს ცხოვრებაში სულ რაღაც ხდებოდა.

- ამას თავად გეგმავდით თქვენი კარიერის განსავითარებლად?

- ვერ გეტყვით, რომ მთლად დაუგეგმავი იყო. ამას თავად ვაკეთებდი, მიზანდასახულად. მინდოდა, სიმღერა ყოფილიყო ჩემი პროფესია, თუმცა ვიცოდი, რომ ადვილი გზა არ ამირჩევია. გაცნობიერებული მქონდა, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები შეიძლებოდა ჰქონოდა პოპულარობას.

- ამდენი წელია, პოპულარული ხართ. ალბათ, ბევრი რამ გსმენიათ საკუთარ თავზე...

- ამისთვის მზად უნდა იყო. თუკი ნერვული სისტემა დაგენგრა, ამას ვერ გაუძლებ. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მაგარი ვარ, მაგრამ ჩვენმა თაობამ ისეთ რაღაცებს გაუძლო, რომ ეს, ასე ვთქვათ, ''ყვავილებია". არ უნდა გეშინოდეს. ცხოვრება მიდის და მეტწილად ადამიანები ქმნიან თავიანთ ცხოვრებას. ბევრი მოდის, ბევრი მიდის, ჩვენ კი სხვა ხვედრი გვაქვს, სხვა ფუნქცია. სხვა ქვეყანაში რომ დავბადებულიყავი, ბევრად დიდ ქვეყანაში, ალბათ, უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებოდი. ასე რომ, გვინდა თუ არა, ჩვენს კისერზე გადადის პოლიტიკური ცვლილებები. ''ჩვენში'' ხელოვანებს ვგულისხმობ. რაც არ მომწონს ამ ყველაფერში, ის, არის, რომ პოლიტიკოსები სხვის ნაშრომს ძალიან კარგად ითვისებენ.

- რას გულისხმობთ?

- აღარ ვარ იმ ასაკში, რომ ვიღაცამ რაიმე მაიძულოს. ყველაფერი, რაც მაქვს, ჩემი წვალებითა და შრომით არის მოპოვებული. არავის მივცემ მისი ხელყოფის საშუალებას, თუმცა პოლიტიკურ სიტუაციას თუ გადავხედავთ, ბევრჯერ მოისმენთ, ეს იმის მომხრეა და ამის მომხრეაო. ამას ისე ადვილად ამბობენ, გეგონება, სულ იმ პოლიტიკოსების შექმნილია ესა თუ ის ხელოვანი. სულ არ მახსოვს, რამდენიმე წლის წინ ვინ იყო ამა თუ იმ მინისტრის მოადგილე და სულაც არ მინდა, მათი ვინაობა ვიცოდე. მინდა, ქვეყანაში იყოს სტაბილურობა და სიმშვიდე. ნორმალური ადამიანები ასე აზროვნებენ და ნორმალური ქვეყანა ასეთი უნდა იყოს. ცხოვრება არც ისეთი დიდია და ვფიქრობ, თუ ადამიანებს საშუალებას მისცემენ, რომ თავიანთი საქმე აკეთონ, ქვეყანაში გაცილებით კარგი ცხოვრება იქნება.

იხილეთ გაგრძელება

"ბევრი წყვილი ვიცი, ერთად ცხოვრობენ და იტანჯებიან, ჩვენ ცალ-ცალკე ვცხოვრობთ და ძალიან დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთს" - ეკა ჩხეიძე ოჯახზე

"დიდი სცენა" როკ-ტურისთვის ემზადება - რაზე საუბრობენ აუტსაიდერები გადამწყვეტ ტურამდე

გამოიმუშავე თანხა მარტივად - განახლებული MOVIE.GE ახალ პროექტს იწყებს, რომელშიც ჩართვის შესაძლებლობაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს