"ახალ წელს დაკარგულები" - ქართული ვარსკვლავების უცნაური თავგადასავლები

"ახალ წელს დაკარგულები" - ქართული  ვარსკვლავების უცნაური თავგადასავლები

ახალი წელი საახალწლო ფილმების, მუსიკის და კარგი განწყობის გარეშე წარმოუდგენელია. საქართველოს კინოთეატრებში ახალი წლის დღეებში, ახალი ქართული საახალწლო ფილმის პრემიერა შედგება, რომელშიც ცნობილი მსახიობები და მომღერლები თამაშობენ. ფილმის რეჟისორი გიორგი კიკალეიშვილია, სცენარის ავტორი კი ნიკა რამიშვილი, იგივე დრუპია, რომელიც გადაღებების და ფილმის შესახებ, Ambebi.ge-ს ესაუბრა.

- ეს არის საახალწლო, მუსიკალური ჟანრის კომედია. გადაღებები ახლა დასრულდა. ფილმს ჰქვია "ახალ წელს დაკარგულები". სიუჟეტის მიხედვით ქართველი მომღერლები ახალ წელს კონცერტის ჩასატარებლად მიდიან სამცხე-ჯავახეთში და ტყეში დაიკარგებიან. ავტობუსის მძღოლს თამაშობს მიშა მესხი. საღამოს ორგანიზატორები იძულებული გახდებიან ხალხი მოატყუონ და მოწვეული მომღერლების მსგავსი ადგილობრივი მაცხოვრებლები გამოიყვანონ სცენაზე. ფილმში ქართველი მომღერლების როლს ჩვენი მუსიკოსები თამაშობენ. "ახალ წელს დაკარგულების" პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში 2 იანვარს შედგება.

- რა ხდებოდა გადასაღებ მოედანზე?

- საშინელება ხდებოდა, ამდენი არანორმალური ერთად როგორ იქნებოდა? ყოველ დღეს, სხვადასხვა მომღერლებს ვიბარებდით სამცხე-ჯავახეთში. სცენარის მიხედვით, "ქუჩის ბიჭები" უნდა ასფალტს აგებდნენ ადიგენში და მგონი ისე მოეწონათ ეს საქმე, "ლაფატკას" აღარ აგდებდნენ ხელიდან. აჩი მეფარიძემ მეორედ ითამაშა პოლიციელის როლი და ამჯერადაც კარგად გამოუვიდა. საინტერესო ფილმი გველოდება წინ.

- ვინ არ დათანხმდა ფილმში მონაწილეობას?

- ტექნიკური პრობლემების გამო ვერ მოხერხდა ერთი-ორი მომღერლის გადაღება.

- რას გულისხმობთ ტექნიკურ დეტალებში?

- საახალწლო თემატიკის სიმღერა აღარ ჰქონდათ. ასეთი მიზეზები იყო. სხვა ყველაფერი გემრიელად დაიგეგმა და კეთდება. ფილმში ასევე თამაშობს ლიკა ქორქია, ის არის კონცერტის ორგანიზატორი, მისი პარტნიორია შონზო, რომელიც სახელმწიფო დარბაზის დირექტორია.

- ქართველი მუსიკოსების სიმღერა ბევრს არ მოსწონს და ირონიულად აფასებს, ეს იქნება წარმოჩენილი თქვენს ფილმში?

- მეც სხვა მუსიკას ვუსმენ. ნიჭიერი ხალხია ჩვენი მომღერლები, გემოვნების საკითხია, ვის რა მოსწონს. რა ქვეყანაც ვართ და რამდენზეც შეგვიძლია, იმდენზე ვშლით ფეხს. რა ვქნათ?

ფილმში ქართველ მომღერლებთან და მსახიობებთან ერთად ტელეწამყვანი ლიკა ქორქიაც თამაშობს. მისთვის ეს პირველი როლი არ არის.

ლიკა ქორქია:

- ყოველთვის განსაკუთრებულად ველოდები ახალ წელს, ზაფხულიდან ვემზადები. ახალი წელი ყველა დღესასწაულზე მეტად მიყვარს. ერთი თვით ადრე ვდგამ ნაძვის ხეს. ფილმები, რეკლამები, მუსიკა კარგი ხასიათით მავსებს. მამხიარულებენ არხებიც საახალწლო პროექტებით. იმის მიუხედავად, რომ დეკემბერში განსაკუთრებით დატვირთული ვარ, როცა დამირეკეს და მითხრეს რომ საახალწლო ფილმს აკეთებდნენ, დავთანხმდი. ალბათ კარგი იქნება იმ მხრივ, რომ საახალწლო განწყობას ქმნის ფილმი. რაც შეეხება ჩემს პერსონაჟს, სცენარი მუშაობის დროს იცვლებოდა და იცვლებოდა. მგონი პოზიტიური და კარგი პერსონაჟი გამოვიდა, რომელიც კონცერტებს გეგმავს. მე სულ ვფიქრობ, სადაც ხარ, იმაში უნდა იყო კარგი და წარმატებული. მრცხვენია ჩემი მსახიობი მეგობრების, მათ სულ ვეუბნები, რომ ეს არის საახალწლო ფილმი. მაქსიმალურად ვეცადე, კარგად მეთამაშა და რა გამოვიდა, მაყურებელი შეაფასებს. ნუ მიუდგებით ამ ფილმს კრიტიკული თვალით. ეს არის საახალწლო პროექტი, რომელიც ემსახურება ჩვენს განწყობას, ბევრ რაღაცას გაგვახსენებს ეს ფილმი და გაგვამხიარულებს. ახალი წელი ყველაზე პოზიტიურია.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება