აჩი მეფარიძე 7 წლის შემდეგ: რატომ შეწყვიტა ბიზნესი რუსეთში და რა ამბიციური გეგმებით ბრუნდება მომღერალი

აჩი მეფარიძე 7 წლის შემდეგ: რატომ შეწყვიტა ბიზნესი რუსეთში და რა ამბიციური გეგმებით ბრუნდება მომღერალი

მომღერალი აჩიკო მეფარიძე საქართველოში დაბრუნდა. ბოლო დროს ის სკანდალური განცხადებებით გამოირჩევა; ვისზეა განაწყენებული, რატომ შეწყვიტა ბიზნესსაქმიანობა რუსეთში და რის იმედზე აპირებს საქართველოში სიმღერის გაგრძელებას, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

- ბოლო წლებში იშვიათად ჩნდებოდით ეკრანზე, სად იყავით?

- 7 წელი ვცხოვრობდი და ვმუშაობდი მოსკოვში. ახლახან დავბრუნდი საქართველოში. იმედი მაქვს, ამიერიდან ხშირად გამოვჩნდები ჩემი კონცერტებით და ახალი სიმღერებით.

- რას აკეთებდით მოსკოვში, ბიზნესით იყავით დაკავებული თუ მღეროდით?

- რა თქმა უნდა, შემოქმედებითი გეგმები მქონდა. იქ უფრო ანაზღაურებადია ჩვენი პროფესია, ვიდრე შემოქმედებითად საინტერესო. ძირითადად კორპორატიულ ღონისძიებებზე ვმღეროდი, რომელიც ფინანსურად საინტერესოა. ახლა აირია მდგომარეობა რუსეთში, ამიტომ საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება მივიღე, თან აქ დალაგდა ყველაფერი. მინდა შოუ-ბიზნესი აღორძინდეს და საკუთარი წვლილი შევიტანო ამ საქმეში. იმ ეტაპზე მაინც მინდა მივიდეთ, სადაც გავჩერდით.

- ყველა ამბობს, რომ საქართველოში აღარ ტარდება კონცერტები, პრიორიტეტული მომღერლებიც კი აღარ გვყავს და ამის მიუხედავად გაქვთ შოუ-ბიზნესის განვითარების იმედი?

- ბევრ მომღერალს აქვს სურვილი გამოცოცხლდეს შოუ-ბიზნესი. არაჩვეულებრივი მომღერლები გვყავს, როგორც უფროსი თაობის, ასევე ახალგაზრდები, ამიტომ საცოდაობაა, ეს ხალხი არ მუშაობდეს.

- სახელმწიფოსთვის კულტურა არაა პრიორიტეტი, ბიზნესმენებიც უარს ამბობენ მუსიკალური ღონისძიებების დაფინანსებაზე და როგორ ააღორძინებთ შოუ-ბიზნესს?

- მაინც გამოვა საქმე. თუ ბიზნესი გათავისუფლდა, შესაძლოა, უარი არ თქვან დაფინანსებაზე და ამან მისცეს ბიძგი შოუ-ბიზნესის განვითარებას. მიკერძოებულობა აღარ არის ამა თუ იმ მომღერლის მიმართ და ეს უფრო მისცემს შოუ-ბიზნესს განვითარების საშუალებას.

- სააკაშვილის ხელისუფლების დროს თქვენ არ იყავით პრივილეგირებული მომღერალი?

- რა თქმა უნდა, არა, თუ გავითვალისწინებთ მამაჩემის საქმეს, რომელიც 2004 წლის თებერვალში დააკავეს, ადვილი მისახვედრია, რომ მე არ ვიყავი იმ ხელისუფლების პირობებში პრივილეგირებული მომღერალი. ამან კვალი დატოვა ჩემს საქმიანობაზეც.

- გინდათ თქვათ, რომ ე.წ. "შავ სიაში" თქვენც იყავით?

- დიახ, მხოლოდ საახალწლო კონცერტებზე ვიღებდი მონაწილეობას.

- თუ "შავ სიაში" იყავით, როგორ ახერხებდა კახა ცისკარიძე და სტეფანე თქვენს ჩასმას საახალწლო კონცერტებში? არიან მომღერლები, რომლებიც იყვნენ ე.წ. "შავ სიაში" და ვერავინ ახერხებდა მათ ჩასმას სამთავრობო კონცერტებში...

- მე ვფიქრობ, თვითონ ჩემი შოუები იყო საინტერესო და აქედან გამომდინარე, ვხვდებოდი საახალწლო კონცერტში. მე არ მქონდა შემოსავალი ჩემი საქმიდან და ამიტომაც წავედი მოსკოვში.

- წელს მღერით საახალწლო კონცერტზე?

- კი, მცხეთაში ვმღერი ახალი წლის კონცერტზე.

- საახალწლო კონცერტში ინგა გრიგოლიას გადაცემის შემდეგ მიგიწვიეს, სადაც ხმაურიანი განცხადებები გააკეთეთ, თუ მანამდე?

- გადაცემამდე გაცილებით ადრე დამირეკეს. დიდი მადლობა კულტურის სამინისტროს, ჩემს მიმართ ყურადღება ვიგრძენი.

- ცნობილია, რომ ბიზნესით ხართ დაკავებული, მოსკოვშიც ეწეოდით ბიზნესსაქმიანობას?

- მოსკოვში მქონდა სტომატოლოგიური კლინიკა. მდგომარეობა რუსეთში ძალიან ცუდად არის, ამიტომ დავხურე ჩემი წილი სტომატოლოგიურ ბიზნესში. საქართველოში ჯერ არ მაქვს არანაირი ბიზნესი, მაგრამ ალბათ რაღაცას ხელს მოვკიდებ.

- რას გვეტყვით თქვენს როლზე ფილმში ”ახალ წელს დაკარგულები", რომელიც მალე გამოჩნდება კინოთეატრებში. საინტერესო იყო ფილმზე მუშაობა?

- პირველად არ ვთამაშობ ფილმში. საინტერესო სცენარია, კარგი ჩანაფიქრია. არის კომედიური ჟანრის, მომღერლები მონაწილეობენ. ყველა მღერის. მეორედ ვთამაშობ ფილმში. მიჭირს საკუთარ თავზე საუბარი. საიდუმლოს გავამხელ, სიუჟეტის მიხედვით დათო ხუჯაძეს ვაპატიმრებ, რომელიც რაბათის ერთ-ერთ დამსვენებელს მოსვენებას არ აძლევს. გადაღებების პროცესიც კარგი იყო.

- ცნობილია, რომ გეგმავთ საქველმოქმედო კონცერტის ჩატარებას. როდის გაიმართება და ვის დაეხმარებით შემოსული თანხით?

- საგაზაფხულოდ ვაპირებ კონცერტს. მინდა დავეხმარო მოხუცებს და ბავშვებს, ექიმი ვარ და მინდა იმ ხალხს დავეხმარო, ვინც ავად არის და დახმარება უნდა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება