2014 წლის ყველაზე ხმაურიანი სკანდალები ქართულ შოუ-ბიზნესში

2014 წლის ყველაზე ხმაურიანი სკანდალები ქართულ შოუ-ბიზნესში

2014 წელი მიიწურა და Ambebi.ge საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს მნიშვნელოვან მოვლენებს აჯამებს. ამჯერად ქართული შოუ-ბიზნესის ყველაზე სკანდალური და რეზონანსული ამბებით დავინტერესდით.

თუ 2014 წელი მსოფლიოს მსახიობ რობინ უილიამსის სუიციდით, ან "ევროვიზიის" კონკურსზე უჩვეულო გარეგნობის ავსტრიელი კონჩიტა ვურსტის გამარჯვებით დაამახსოვრდა, საქართველოში ყველაზე დიდი ინტერესი მსახიობ ია ფარულავასა და მუსიკოს ტარიელ სუარის პირად ცხოვრებაში განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია.

ინტერნეტ რეიტინგების მიხედვით, სწორედ ამ წყვილის შესახებ მომზადებული მასალები ნახა ყველაზე მეტმა მკითხველმა. ფარულავა-სუარის გარდა, წლის სკანდალურ ათეულში მოხვდნენ მომღერალი სოფო ნიჟარაძე და მიხეილ სააკაშვილი, პრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილი, მსახიობი თინა მახარაძე, ”ნიჭიერი” ამალია ჯიბლაძე, ედუარდ შევარდნაძის საყვარელი ანა-მარია კიპაროიძე, მედავითნე-მოდელი თამუნა ვაშალომიძე, მაია ჯაბუას ქალიშვილი ლიზა ყენია, მსახიობი ლალი ბადურაშვილი და ცოტნე გამსახურდია მეუღლის შესახებ გაკეთებული სკანდალური განცხადებით. თუმცა ჩვენ ყურადღებას პირველ ხუთეულზე გავამახვილებთ.

ია ფარულავა და ტარიელ სუარი

ყველაფერი 2013 წლის სექტემბერში დაიწყო, როდესაც გერმანიდან დაბრუნებულმა ცნობილმა გიტარისტმა მსახიობს ხელი პირდაპირ "ნიჭიერის" სცენაზე სთხოვა. ასე საქვეყნოდ სამუდამო სიყვარულის შეფიცვა საზოგადოებამ ტარიელის მიერ "ქალღმერთად" შერაცხული ფარულავასგან პოპულარობისთვის ჩატარებულ მორიგ ხრიკად აღიქვა, მაგრამ წყვილმა იმ ღამეს ჯვარი დაიწერა. როგორც გაირკვა, მუსიკოსი მრავალი წლის განმავლობაში მსახიობის თაყვანისმცემელი იყო. კლასიკურ მუსიკაზე ბავშვობიდან შეყვარებული ია ფარულავას მოხიბლვა ვირტუოზ გიტარისტს არ გასჭირვებია.

ბედნიერი დასასრულის მიუხედავად, მათი ცხოვრება საკმაოდ უცნაურად წარიმართა. მეოთხედ გათხოვილი მსახიობის ცხოვრებაში სკანდალები არავის უკვირს, თუმცა ამ მხრივ ნაკლები არც სუარი აღმოჩნდა. წყვილის ქორწინების შემდეგ პრესაში მუსიკოსის პირველი ცოლის, ირმა ბროიერის ინტერვიუ გავრცელდა, სადაც ის ამბობდა, რომ ტარიელ სუარი ჯერ კიდევ მისი ქმარი იყო, როდესაც ფარულავაზე იქორწინა. გარდა ამისა, ყოფილი ცოლი გიტარისტს პედოფილიაში ადანაშაულებდა, რის გამოც შვილების ნახვა სასამართლოს გზით აუკრძალა. მოგვიანებით, ირმა ბროიერის სიტყვები სუარის დედამ, მზია ასლამაზიშვილმა "ამბები.გე"-სთან ინტერვიუში უარყო და ია ფარულავას მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მის ვაჟს სიცოცხლის ხალისი დაუბრუნა.

ქორწინებიდან რამდენიმე თვეში წყვილის ურთიერთობა დაიძაბა, რისი მიზეზიც, არც მეტი, არც ნაკლები, ფარულავას საყვარელი კატა ზუზი აღმოჩნდა, რომელიც, თურმე, ტარიელის გიტარის ჩასადებში აფსამდა. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში სუარის სკანდალური სტატუსები მოჰყვა, რომელთა გამოც ხშირად იას თავის მართლება უწევდა. სკანდალში ჩართული აღმოჩნდა იას სტილისტი მიშა გასიტაშვილი. ყველამ გაიგო, როგორ წაიკითხა სუარმა მეუღლის მესიჯები, სადაც "პარიკმახერი" მიშა და ია ტარიელს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ. ამას მოჰყვა გიტარისტის აღშფოთება, ფანჯრის ჩამტვრევა, დაკარგული კატა – ზუზი, და წყვილის ცხოვრება ერთგვარ სერიალად იქცა. რამდენიმე დღეში ყველაფერი მოგვარდა და ამის შემდეგ წყვილი არაერთხელ ნახეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც ისინი ერთად ბედნიერად გამოიყურებოდნენ.

გასულ თვეს ყველაფერი ისევ აირია - იამ სოციალურ ქსელში მეუღლის შესახებ შოკისმომგვრელი სიტყვები გამოაქვეყნა, სადაც მას "ყ***კაცა" და "ვიგოდნიკი" უწოდა და ყველას მისი "დაბლოკვა" ურჩია. წყვილი საქალაქო სასამართლოშიც გამოჩნდა - გავრცელებული ინფორმაციით, ფარულავა მეუღლეს სექსუალური ძალადობის გამო უჩიოდა, თუმცა ეს ინფორმაცია ორივემ უარყო. როგორც ტარიელმა განაცხადა, საწოლში მათ ყველაფერი რიგზე აქვთ, თბილი სიტყვები არ დაუშურებია მეუღლისთვის მსახიობსაც. ხელოვანი ხალხია და რას გაუგებ... ია ამჟამად კვლავ "ნიჭიერის" ჟიურის წევრია და, სავარაუდოდ, საზოგადოების ყურადღება არც 2015 წელს მოაკლდება, თუმცა პირადი ცხოვრების შესახებ წყვილს ბოლო დროს სოციალურ ქსელში განცხადებები აღარ გაუკეთებია - ორივე მათგანს სტატუსები უცხო პირებისთვის დაფარული აქვთ.

ანა მარგველაშვილი

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილის გამარჯვების შემდეგ მისი ქალიშვილი ანა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. ამას თავად გოგონას ეპატაჟური ცხოვრების სტილმაც შეუწყო ხელი, რასაც ხშირად ქვეყნის პირველი პირის შვილისთვის შეუფერებლად მიიჩნევენ.

ანა მარგველაშვილი 2 წლის განმავლობაში რუსეთში სწავლობდა. იქ ჩააბარა ინსტიტუტშიც, თუმცა 2013 წლის აგვისტოში სასწავლებლად თბილისში გადმოვიდა.

მამის გაპრეზიდენტების შემდეგ ანამ პირველად საზოგადოების ყურადღება მაშინ მიიქცია, როდესაც სოციალურ ქსელში მის შეყვერებულთან, ვინმე ბაჩო სირაძესთან ერთად გადაღებული ფოტოები გავრცელდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ფოტოების გავრცელების მომენტში წყვილი უკვე დაშორებული იყო. ამის მიზეზი კი მაკა ჩიჩუას სიძის, მინდია გოგოჭურის და ბაჩო სირაძის დაპირისპირება გახდა.

დაპირისპირება გოგოჭურსა და სირაძეს შორის ანა მარგველაშვილის გამო მოხდა. ამბობენ, რომ ზაფხულში ანას და ბაჩოს ურთიერთობა დაეძაბათ, ვითარების გარკვევას კი მინდია გოგოჭური შეეცადა, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სირაძე ფეხში დაჭრა. სისხლიანი გარჩევა სოლოლაკში მოხდა და მასში სამი პირი მონაწილეობდა. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა.

ანა მარგველაშვილი წლის განმავლობაში ხშირად ხვდებოდა ინტერენტ-საიტებსა თუ ჟურნალ-გაზეთების გვერდებზე, ქართული ბომონდის წარმომადგენლებთან ერთად ღამის კლუბებსა და სხვადასხვა ღონისძიებაზე გამოჩენის გამო. მისი სანაცნობო წრე საკმაოდ ფართოა - კესარია აბრამიძით დაწყებული ქრისტინე ძიძიგურითა და ხუან ბაგრატიონით დამთავრებული. პრესის ყურადღების მიღმა არ დარჩენია ანას პოსტი სოციალურ ქსელში რეპერ მასტერის სიმღერის ტექსტზე ("მოდი ჩემთან რა, კიდევ მომეფერე,/ კიდევ ერთი მოვწიოთ და მერე"), რაც საზოგადოებამ ანას მხრიდან მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მხარდაჭერად შეაფასა. უნდა აღინიშნოს, რომ ანა საკმაოდ აქტიურია სოციალურ ქსელებში, მის გვერდებზე არაერთ თამამ ფოტოს ნახავთ, მათ შორის პლაჟზე საცურაო კოსტუმებში გადაღებულს, თუმცა მას განსაკუთრებით "სელფების" გამოქვეყნება ხიბლავს. მაკა ჩიჩუასთან ერთად ანა ხშირად ახლავს მამას დღესასწაულებსა თუ არაოფიციალურ ღონისძიებებზე. საზოგადოებას დაამახსოვრდა დამოუკიდებლობის დღეზე გადაღებული პრეზიდენტის ოჯახური "სელფები". რამდენიმე თვის წინ კი ანა კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდა იმის გამო, რომ რუსთაველის თეატრში მამასთან ერთად დრესკოდისთვის შეუფერებელი სამოსით მივიდა - მას სამხედრო პრინტით გაფორმებული მაისური, ტყავის შარვალი და კედები ეცვა.

დიდი ხმაური მოჰყვა ზაფხულში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც პრეზიდენტის ქალიშვილი მეგობარ ბიჭთან ერთად ღამით ავტომობილში თემურ რცხილაძის სიმღერას მღეროდა. მორალის დამცველებმა ეს ფაქტი კვლავ მამის სტატუსისა და ღირსების შემლახველ საქციელად მონათლეს. უყურადღებოდ არ დარჩენილა ანას პირველი ტელე-ინტერვიუ GDS-ზე, სადაც მან მაყურებლისთვის გარეპა და მამასთან მეგობრული ურთიერთდამოკიდებულების შესახებ ისაუბრა.

რამდენიმე დღის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის ქალიშვილი გათხოვდა. მისი რჩეული მუსიკოს ლევან ჩიჩუას, იგივე თიელის ძმა, გეგი ჩიჩუაა. ანამ და გეგიმ 1-ელ დეკემბერს იქორწინეს. გეგი ჩიჩუა პროფესიით დიჯეია და ის თბილისის კლუბებში უკრავს. მანამდე ერთობლივი თამამი ფოტოების გავრცელების გამო, ანას ლევან ჩიჩუასთან მიაწერდნენ რომანს. ანას და გეგის დაქორწინების შესახებ ხმები მედიასთან ოფიციალურად არავის დაუდასტურებია.

სოფო ნიჟარაძე და მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მომღერალ სოფო ნიჟარაძის ურთიერთობის შესახებ ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებაში არაერთი სკანდალური ჭორი გავრცელდა. ამ მხრივ გამონაკლისი არც 2014 წელი აღმოჩნდა. წლის დასაწყისში, ვიდრე სოფო ამერიკაში გადავიდოდა საცხოვრებლად, მომღერალი ქართული შოუ-ბიზნესის სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაზეთ "ვერსიაში" გამოქვეყნებული მასალების გამო აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში. გაზეთში გამოქვეყნებულ მასალაში კულტურის სამინისტროს, მერიისა და სხვადასხვა კერძო კომპანიის ჩართულობით კორუფციულ სქემებზე იყო საუბარი. სტატიაში - "მარინა ბერიძე, სტეფანე, კახა ცისკარიძე, ზუმბა და სოფო ნიჟარაძე შესაძლოა, დაკითხვაზე დაიბარონ", მოყვანილი იყო 2009 წლის საახალწლო კონცერტის თანხები და სოფო ნიჟარაძის კლიპების გადაღებაზე გაწეული ხარჯები. სტატიამ მომღერლის აღშფოთება გამოიწვია, მან გავრცელებულ ინფორმაციას მარაზმი და ზღაპრები უწოდა, საკუთარი ჰონორარები ღიად დაასახელა, სკეპტიკოსები კი "წაღებული თანხების" საჩვენებლად შინ მიიპატიჟა.

მოგვიანებით, როდესაც შოუ-ბიზნესის წარმომადგენლების (მათ შორის, სოფო ნიჟარაძის) პროკურატურაში დაბარების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, მომღერალმა პროკურატურას დაკითხვაზე თავიანთი ოჯახების წევრთა დაბარება ურჩია.

გაზაფხულზე სოფო ნიჟარაძე საცხოვრებლად აშშ-ში, კერძოდ ნიუ-იორკში გადავიდა.

მომღერლის მიზანი ბროდვეის მიუზიკლის აკადემიაში დამატებით კვალიფიკაციის მიღება და ამერიკული კარიერისათვის მომზადება იყო. მას შემდეგ, მან სოციალურ ქსელში აშშ-ის სხვადასხვა ადგილზე გადაღებული არაერთი ფოტო გამოაქვეყნა.

გავრცელდა ხმა, რომ ამერიკაში სოფო ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია მომღერლის მეგობრებმა არ დაადასტურეს, მოგვიანებით კი სოციალურ ქსელებში ნიუ-იორკის მუსიკისა და დრამის თეატრში (New York City Center) ლინკოლნის ცენტრის ფესტივალზე გადაღებული ფოტოები გავრცელდა, რომელსაც სოფო ნიჟარაძე მიხეილ სააკაშვილთან ერთად დაესწრო.

შემდეგ სოფო ნიჟარაძესთან დაახლოებულმა პირმა საინფორმაციო პორტალ ambebi.ge-ს განუცხადა, რომ სააკაშვილმა საყვარელ მომღერალს სიურპრიზი გაუკეთა და ამერიკაში სახლი უყიდა. ბინა, რომელიც ambebi.ge-ს ინფორმაციით, სააკაშვილმა ნიჟარაძეს აჩუქა, მანჰეტენზე 42-7 ქუჩების კვეთაზე მდებარეობს. ნიჟარაძის ახლობლის განცხადებით, სააკაშვილმა საცხოვრებელ ბინაში 2 მილიონი დოლარი გადაიხადა.

ასვე ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილი და ნიჟარაძე ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს ამერიკაში და ეს არც იქ მცხოვრებ ემიგრანტებს რჩებოდათ შეუმჩნეველი. სანდო წყაროს ცნობით, ისინი ხშირად სტუმრობდნენ მანჰეტენზე მდებარე კაფე-ბარებს, ასევე სააკაშვილი სოფოსთან ერთად ხშირად სეირნობდა ველოსიპედით.

ეს ამბავი მომღერალს უპასუხოდ არ დაუტოვებია, მან აშშ-ში საკუთარი საცხოვრებელი ბინის ფოტო გამოაქვეყნა და სოციალურ ქსელში დაწერა: " ეს არის ის "ორ მილიონიანი" 15 კვადრატული მეტრის სიდიდის ოთახი, სადაც ამჯერად ვიმყოფები ამერიკაში. ერთი პატარა სტუდიოა, ერთ ჩვეულებრივ სახლში, რომელსაც ვქირაობ! თუმცა, ალბათ, ის თანხა, რომელიც ამ აბსურდული სტატიის შეკვეთაში და "სიცრუის აჟიტირებაში" გადაიხადეს, ნამდვილად მაცხოვრებდა ერთი წელი უდარდელად მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, ბინაც საყიდლად მომივიდოდა".

თინა მახარაძე

ის მაყურებელმა სერიალიდან "გოგონა გარეუბნიდან" თამუნას როლით გაიცნო. შემდეგ "ჩემი ცოლის დაქალებში" პარლამენტარ ცოტნე ცოტაშვილის საყვარლის როლში მოგვევლინა. მაყურებლის ყურადღება მსახიობმა სხვადასხვა შოუებში გაკეთებული სკანდალური განცახდებებით მიიპყრო - ერთ-ერთი გამორჩეული აღმოჩნდა ორალური სექსის შესახებ გადაცემაში "მძიმე კაცთან" გაკეთებული განცხადება. მან ის მსახიობები გააკრიტიკა, რომლებისთვისაც ორალური სექსი მიუღებელია, ვინაიდან ეს მისთვის "მოსული პონტია". თინა საზოგადოებაში თანამედროვედ მოაზროვე, უკომპლექსო ქართველი გოგონას იმიჯის შექმნას ცდილობს. ის ქართველ ერს გაუნათლებლობის, სტერეოტიპული აზროვნების, ფუნდამენტალიზმისა და მოძველებული ტრადიციების გამო აკრიტიკებს. მან არაერთ ინტერვიუში ღიად დაიცვა ჰომოსექსუალური ორიენტაციის ადამიანები და სამღვდელოება ძალადობრივი დოგმატური სწავლებების გამო გააკრიტიკა.

"ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ თავიანთი ინტერესების, სურვილების შესაბამისად, ბოზს ეძახიან. თუ ასეა, ვიტყვი, რომ მეც ბოზი ვარ, მაგრამ ეს მიხარია'', - ამ განცხადების შემდეგ მსახიობს ენათმეცნიერმა ლევან ღვინჯილიამ "ეროვნული ბოზი", მომღერალმა თემურ წიკლაურმა კი "ავადმყოფი" უწოდა.

თინა მახარაძის განცხადებებს სოციალურ ქსელებში განიხილავდნენ საზოგადოების ცნობილი სახეები და უბრალო მოქალაქეები, როგორც ხდება ხოლმე - ზოგისთვის ის ანგელოზი, ზოგისთვის კი - დემონია.

ტრანსგენდერ საბის მკვლელობის შემდეგ თინა მახარაძის გავრცელებული ვიდეოპოსტი, სადაც მან ღმერთი "ბიბლიის მიფუჩეჩებაში" დაადანაშაულა, წლის ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ მოვლენად იქცა. მსახიობს საპასუხო ვიდეო პოსტი მიუძღვნა ბაკურ სვანიძემ, სადაც მას ტუტუცობისა და ქაჯობის ეტალონი უწოდა, რეპერმა მასტერმა კი რელიგიისა და სხვათა სარწმუნოების შეურაცხყოფის გამო, გიჟად შერაცხა. თუმცა, ამას მსახიობი არ შეუშინებია, პირიქით, ამის შემდეგ მან კიდევ უფრო მწვავე განცხადებები გააკეთა და კრიტიკოსები ტვინმიფუჩეჩებულ ყ***ბად მოიხსენია.

თინა არც პოლიტიკურ განცხადებებს ერიდება, ის ივანიშვილ/ღარიბაშვილისგან განსხვავებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ღია მხარდამჭერია. თუმცა მსახიობს სკანდალური განცხადებების "საფასურის გადახდა" უწევს. როგორც თავად ამბობს, მის მიმართ აგრესიულად განწყობილი ადამიანების შიშით, ქუჩაში ცრემლსადენი გაზით დადის.

მიუხედავად ამისა, ცოტა ხნის წინ ტელეშოუ "ბრავოს" წამყვანის როლში მოგვევლინა და სცენაზე თამამი სანახაობების დადგმას არ ერიდება. ყველას დაამახსოვრდა საცვლების გარეშე გამჭვირვალე შავ კაბაში მისი გამოჩენა - როგორც ჩანს, მსახიობი გაჩერებას არ აპირებს.

ამალია ჯიბლაძე

თავიდან ამბობდა, რომ სასწაულების არ სჯერა, თუმცა ახლა თავი ზღაპარში ჰგონია. ტელეპროექტ "ნიჭიერის" მონაწილე ამალია ჯიბლაძე მაყურებელმა 2014 წლის ოქტომბერში გაიცნო, როდესაც ფილარმონიის დიდ სცენაზე ღარიბი და მოუვლელი, ბაბთებით მოვაჭრე ქალის იმიჯით წარსდგა და Moon River იმღერა. მისი შესრულება იმდენად ემოციური აღმოჩნდა, რომ მთელი ჟიური და დარბაზი აატირა, თუმცა შოუს შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ქვეყანაში მიმდინარე ყველა პოლიტიკური თუ სოციალური მოვლენა გადაფარა. მეორე დღესვე გამოჩდნენ ადამიანები, მათ შორის მომღერალი ანრი ჯოხაძე და დეპუტატი გოგა ხაჩიძე, რომლებმაც ამალია ჯიბლაძე ფონოგრამით სიმღერაში დაადანაშაულეს. თემას ავითარებდნენ თბილისის ფორუმზეც. თუმცა ამალიას სოციალურ ქსელებში მრავალი მხარდამჭერი გამოუჩნდა, მათ შორის სხვა პროფესიონალი მომღერლები (ნანი ბრეგვაძე, ნინი ბადურაშვილი, ეკა კვალიაშვილი, სტეფანე მღებრიშვილი, მაია დარსმელიძე). მოგვიანებით, ანრი ჯოხაძემ ამალიას ბოდიში მოუხადა.

ფონოგრამის შესახებ ბრალდება უარყვეს შოუს პროდუსერებმა, გიორგი ხაბურძანიამ და დემნა ჯაფარიძემ, ასევე არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, რომელმაც ბრალდების გამო "ბრავოს" ლობოსტობიდან მოხსნა გოგა ხაჩიძე. მედიაექსპერტებმა კი ამალის პერსონის, როგორც გაჭირვებული ქვრივის წარმოჩენა, ტელევიზიის მხრიდან მაყურებლის ემოციებზე აპელირებად და სპეკულაციად შეაფასეს.

გარდა ამისა, გამოჩნდა ადამიანი, კერძოდ კი, ჟურნალისტი მაია კახიძე, რომელმაც ამალია ჯიბლაძის წარსულში რუსეთში ცხოვრების დროს გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ის სულაც არ ჰგავს გაჭირვებულ ადამიანს. როგორც ჟურნალისტი აცხადებდა, ამალია არა თვითნასწავლი მომღერალი, არამედ ვოკალის პროფესიონალი პედაგოგია, რომელიც თავის დროზე ასტრახანის კრემლში მღეროდა და გუბერნატორის ჯილდოც დაუმსახურებია სიმღერისთვის. მაია კახიძემ "რუსთავი 2" ამალიას დამცირებასა და მაყურებლის მოტყუებაში დაადანაშაულა. თავად ამალიამ მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ფონოგრამის შესახებ ბრალდება უარყო და თქვა, რომ ცოცხლად იმღერა. თუმცა ამ ყველაფერს თან ახლდა დიდი სტრესი და ნერვიულობა, იგი რამდენიმე დღე ფიქრობდა, გაეგრძელებინა თუ არა კონკურსში მონაწილეობა. ამალიამ მის წინააღმდეგ მიმართული აგრესიის ტალღა გადალახა და ჟურნალისტებთან მძიმე პირადი ცხოვრების დეტალებიც გაამხილა. მან არ უარყო, რომ რუსეთში ოცწლიანი ცხოვრების პერიოდში კულტურის სასწავლებელიც დაამთვარა, რესტორანშიც მღეროდა და ასტრახანის კრემლშიც უმღერია, თუმცა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მის მუსიკალურ კარიერაში "ნიჭიერში" მოხვედრამდე, საინტერესო არაფერი მომხდარა. ფინანსურად ნაწილობრივ ქალიშვილი ეხმარება, ძირითადად კი, თავის რჩენა ბაზრობაზე ხელნაკეთი ნივთების ჩაბარებით უწევს. მისი პირადი ცხოვრების შესახებ მეტი დეტალის გაგება "ამბები.გე"-სა და "რეიტინგი.გე"-ს საიტებზე შეგიძლიათ. "ნიჭიერის" ფინალი ჯერ კიდევ წინაა და უცნობია, როგორ დამთვარდება ამალიასთვის 2014 წელი.

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება