''ვინმეს შვილობით ''სუხიშვილებში'' ვერ მოხვდები''

''ვინმეს შვილობით ''სუხიშვილებში'' ვერ მოხვდები''

ცოტა ხნის წინ ანსამბლმა ''სუხიშვილებმა'' განახლებული მოდერნბალეტ ''რამიშვილებით'' კიდევ ერთხელ გაავსო თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი. წარმოუდგენელი სიახლე, ცოცხალი მუსიკა სცენაზე, სილამაზე და რიტმი ანსამბლმა მაყურებელს ერთი ამოსუნთქვით აჩვენა. პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე, მარიამ მათიაშვილი, დღეს ჩვენი სტუმარია. მარიამი ანსამბლის ერთ-ერთი გამორჩეული სოლისტის, თეა დარჩიას შვილი გახლავთ. თეამ მეოთხე შვილის გაჩენის შემდეგ ''სუხიშვილები'' დატოვა და ახლა თავისი ქალიშვილის ყურებით ტკბება.

- როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, დედის პროფესია არასდროს მნდომებია. ბავშვობაში თეასთან დავდიოდი სტუდიაში, ვსწავლობდი არა კონკრეტულად ქართულ ცეკვას, არამედ შერეულ პროგრამას, სადაც იყო ევროპული ცეკვებიც, ბერძნულიც, ქართულიც. მაშინ 3-4 წლის ვიქნებოდი. ახლა იოანა, ჩემი პატარა და დადის ზუსტად ამ პრინციპით. რაც შეეხება სუხიშვილების კლასიკურ პროგრამას, ჩემი პედაგოგი სტუდიაში იყო ტატა გომელაური, რისთვისაც მას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. მისი დამსახურებაა, რომ მე დღეს ანსამბლში ვარ. ერთხელ უბრალოდ მითხრა, თუ გინდა, იარე ჩემთან, ისწავლე, თუ მოგეწონება, გააგრძელე ცეკვა, თუ არადა, ისწავლი მაინცო. მივედი და როგორც იტყვიან, მოვიწამლე.

- რატომ არ გინდოდა, დედის პროფესიას გაჰყოლოდი?

- არ მინდოდა-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს არ ყოფილა ჩემი იდეაფიქსი. მე მყავს მეგობრები, რომლებიც ბავშვობიდან ოცნებობენ ''სუხიშვილებში'' ცეკვაზე. ყოველთვის მსახიობობა მინდოდა, მაგრამ ოცნება ვერ ავიხდინე. ეს სურვილი ცეკვაში განვახორციელე. წარმოუდგენელია, იყო მოცეკვავე და არ იყო მსახიობი. ასე რომ, ჩემთვის ორი საყვარელი საქმე ერთ პროფესიაში გავაერთიანე. სულ 5 წელია ვცეკვავ, აქედან 4 წელია, რაც ანსამბლში ვარ.

- ერთ წელიწადში ისწავლე პროგრამა?

- დღემდე ვსწავლობ. ვერასდროს ვიტყვი, რომ ვისწავლე. ცეკვა ამოუწურავი ფენომენია. მგონია, რომ სულ სწავლაში ვიქნები. უბრალოდ, გამიმართლა, რომ მოვხვდი სტაჟიორებში, საიდანაც ანსამბლისთვის კადრები აირჩიეს. სწორედ მაშინ გადამიყვანეს ანსამბლში.

- ალბათ, ხშირად გაგიგია ფრაზა, რომ დარჩიას შვილობამ შენს კარიერაში ბევრი რამ განაპირობა. ეს გულს გტკენს?

- მართლაც საწყენია. წარმოუდგენელია, ვინმეს შვილობა ჩვენს ანსამბლში არაფერს წყვეტს. თუ არ გაქვს იმის შესაძლებლობა და ნიჭი, რომ იდგე სცენაზე სუხიშვილების სახელით, ვინმეს ხათრით ეს გამორიცხულია. მსგავსი ფრაზები მეც ხშირად მსმენია. თავიდან ძალიან მტკენდა გულს, ახლა ვცდილობ, ძლიერი ვიყო და ამას ყურადღება არ მივაქციო.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება