''კარგად იციან, ვისი ბრალია, რომ ''მანდარინები ''ოსკარზე'' საქართველოს სახელით არ წარადგინეს''

''კარგად იციან, ვისი ბრალია, რომ ''მანდარინები ''ოსკარზე'' საქართველოს სახელით არ წარადგინეს''

მსახიობ ია სუხიტაშვილს ნაახალწლევს შევხვდით. ვესაუბრეთ ახალ სპექტაკლზე, ახალი წლის ტრადიციებსა და სხვა თემებზე. მათ შორის შვილზე, ლუკაზე, რომელიც შვიდი წლისაა და ინტერვიუზე დედასთან ერთად მოვიდა. თავიდან ფოტოები გადაიღო, მშვიდად გვისმენდა, შემდეგ კი აქტიურობა დაიწყო. იამ გაგვიმხილა, რომ ლუკა არც ისე წყნარი ბავშვია.

- ვიცი, რომ საახალწლო სპექტაკლზე, ბატონ რობიკო სტურუასთან ერთად, ღამეები ათენეთ.

- მეთხუთმეტე წელი დაიწყო, რაც რუსთაველის თეატრის მსახიობი ვარ და საახალწლო ორომტრიალს ყოველ ჯერზე ავცდი, წელს კი გამონაკლისია (იღიმის). ვერ გეტყვი, ამას სიხარულით ვამბობ თუ არა. ახალი წელი ის პერიოდია, როცა დრო უნდა გამონახო ახლობლებთან გასატარებლად. დეკემბრის დასაწყისიდან 12 იანვრამდე რუსთაველის თეატრში დილიდან გვიანობამდე ვიყავით. რაღაც ეტაპზე მსახიობებიც გავერთეთ, მაგრამ ღამის რეპეტიციებმა ძალიან დაგვღალა. ჩვეულებრივ პერიოდებში არანაირი პრეტენზია არ გვაქვს, მაგრამ ახალი წლის წინ ყველას სახლში ეჩქარება, სახლის დალაგება, საჩუქრები, საცივის გაკეთება. ბევრმა ჩვენგანმა ბევრი რამ ვერ მოასწრო, თუმცა კმაყოფილი ვარ იმით, რომ ავისრულე სურვილი და ამ სპექტაკლში ტანგო ვიცეკვე. მერე რობიკომ ჩემი და სანდრო მიკუჩაძის ცეკვა, რომელიც კოტე ფურცელაძემ დადგა, თავის არგენტინელ მეგობრებს გაუგზავნა. მათ ტანგოს კლუბი აქვთ და რობიკოს მოსწერეს, ძალიან მაგარიაო. ჩვენ მართლა ძალიან მოვინდომეთ (იღიმის), საახალწლოდ ეს პატარა ნატვრა ავისრულე.

- სახალისო ამბებიც გექნება მოსაყოლი.

- დაღლილობისგან ნელ-ნელა ყველამ ''გააფრინა''. უფროსმა თაობამაც კი, რომელიც აქამდე საკმაოდ დინჯი მეგონა. ყველას თავისი ოფოფები ჰყოლია (იღიმის).

- ახალ წელს გადაქანცული შეხვედრიხარ.

- სულ ოთხი ჭიქა ღვინო დავლიე და ძალიან მთვრალი ვიყავი, პირველი იანვარი ძილში გავატარე და ორი იანვრიდან საქმეს შევუდექი. ახალი წელი არ მქონია, რაც პირველად მოხდა.

- ტრადიციები გაქვს?

- მაქვს ტრადიცია, რომ ახალ წლამდე ყველა პრობლემა უნდა გადავწყვიტო, თუკი რაიმე მოუწესრიგებელი მაქვს ურთიერთობაში, მეგობართან თუ სხვასთან, უნდა მოვაწესრიგო. ბედობის ძალიან მჯერა, ეს, ალბათ, უფრო თვითდარწმუნების ამბავია, მაგრამ გინდა, ამ დღესასწაულს მაქსიმალურად კარგ ხასიათზე შეხვდე. ძალიან ბევრს, ალბათ, გაეცინება, მაგრამ ფურცელზე ვწერ ხოლმე სურვილებს, შემდეგ კი ვწვავ, შამპანურში ან სხვა სასმელში ვაზავებ და ვსვამ. ზოგადად, მაქვს რაღაც ცრურწმენებიც. არ ვგულისხმობ იმას, რომ კატის გადარბენისას შოკში ვვარდები, ახალ წელს პატარ-პატარა ცრურწმენები უხდება.

- 2014 როგორი იყო შენთვის?

- ძალიან კარგი, ცხენური, ჯანმრთელი, ჯიგრული წელი იყო (იცინის). თუმცა, რატომღაც მეჩქარებოდა ამ წლის გასვლა, მინდოდა ბეკეკოს წელი, მგონია, რომ სუფთა ტიპია და ბევრ კარგს ველოდები.

- ამ წელს რა ხდება ახალი შენს ცხოვრებაში?

- თებერვლის ბოლოს მეწყება ორი გადაღება, სექტემბერშიც ასევე გადაღება მაქვს. ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, რას ვიღებთ (იღიმის), იმედია, მაყურებელს გაუხარდება.

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება