"გივი სიხარულიძეს" "დუბლიონკა" დაუპატარავდა - "მოულოდნელი კითხვები" ვახო ბიჭიკაშვილს

"გივი სიხარულიძეს" "დუბლიონკა" დაუპატარავდა - "მოულოდნელი კითხვები" ვახო ბიჭიკაშვილს

მსახიობ და იუმორისტ ვახო ბიჭიკაშვილს ეკრანული პერსონაჟები საკმაოდ დაუგროვდა. ისინი კარგა ხანია, ხალხმაც შეიყვარა და თავადაც ძალიან უყვარს. ბოლო დროს მომღერლობაც დაიწყო და ნიკა არაბიძესთან ერთად, დუეტში "ბუთქუნა და თამაზა" მღერის...

ამჯერად, ის ბლიც-სერიაში - "მოულოდნელი კითხვები" მოვიწვიე. ცოტა კი გაუკვირდა, - მე რატომ შემარჩიეო?.. პასუხი მარტივია, -როდესაც ასეთი პოპულარული ხდები, ბუნებრივია შენ მიმართ კითხვებიც ჩნდება... 

- ვახო, მოგესალმები. სად ხარ?

- მანქანაში ვზივარ და წოდორეთში, გადაღებაზე მივდივართ.

- როგორ ხასიათზე ხარ?

- სათანადო სამუშაო განწყობით ვარ, ახლა ტექსტზე ვფიქრობ.

- გარდერობში უკვე ბევრი "კოსტიუმი" დაგიგროვდა, არა?

- რას გულისხმობ? საცურაო კოსტიუმს (სიცილით ამბობს)?

- სასცენო: ზაურას "დუბლიონკა", ჟიმნის წითელი და ბუთქუნას თეთრი პიჯაკიც...

- უფრო მეტი უნდა დაგროვდეს, მაგრამ ყველაფერს დრო სჭირდება, ხომ ხვდები...

- რომელი კოსტიუმია უფრო კომფორტული?

- ყველა კოსტიუმი რაღაც კარგთან ასოცირდება. მიყვარს თითოეული ჩემი შექმნილი პერსონაჟი, მაგრამ ბოლო დროს, თეთრი უფრო კომფორტულია, ალბათ ცოტა დიდი მაქვს და მასში თავს კარგად ვგრძნობ. "დუბლიონკა" დამიპატარავდა...

- წონაში მოიმატე?

- სულ რაღაც 5 კილო, მაგრამ დამეტყო...

- "ბუთქუნა და თამაზას" დუეტში რატომ დაირქვი ბუთქუნა?

- მართალია, პირიქით უნდა იყოს, მოკლედ, "პირიქითი" ხუმრობაა... თუმცა მასში რაღაც სიმართლეც იმალება...

- ისე, შენ და ნიკოლოზმა ბოლო დროს სიმღერაც რომ შემოგვაპარეთ?

- ვიხუმრეთ და აღმოჩნდა, რომ მომღერლებიც ვყოფილვართ...

- ალბათ სოლო კონცერტსაც გამართავთ?

- არა, ჯერ ალბომს გამოვუშვებთ... იმდენად არაფერი არ ხდება ქართულ შოუბიზნესში, რომ იქნებ სიმღერა წამოვიწყოთო და მე და ბატონმა ნიკოლოზმა ''დავჭექეთ''. რესტორნის მომღერლებს კეთილად გავეხუმრეთ...

- თავადვე ხართ თქვენი ფანოღური კომპოზიციების ავტორები?

- არა. მუსიკა თამარ ლეკვეიშვილისაა ხოლმე და ტექსტი - კობა ბარათელის.

- მეტსახელებიც დაგიგროვდა: თაგვი, ვახანხალა...

- ამ სახელებს სამსახურში, მეგობრები მეძახიან, ქუჩაში ადამიანები ხან ჟიმნის, ხან ზაურას, გივის, - პერსონაჟების სახელებით მომმართავენ.

- გივი სიხარულიძის პაროდია როდის გეძალება?

- როცა კარგი, მხიარული ამბავია. ბატონი გივი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა და ამიტომ, ეს პაროდია, როცა არ უნდა მივაწოდოთ მაყურებელს, უხარიათ და მოსწონთ. ასე რომ, ხშირად მეძალება.

- ყოველთვის გაინტერესებს, შენზე რას ფიქრობენ?

- არ არსებობს ადამიანი და მით უფრო, ცნობილი, რომ საზოგადოების აზრი არ აინტერესებდეს. ხალხის აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია. ზოგჯერ სწორი შენიშვნა აქვთ, ზოგჯერ - არასწორი, მაგრამ მაინც ვითვალისწინებ, რადგან ეკრანზე ვჩანვარ, მინდა, ყველასთვის მისაღები ვიყო, თუმცა ყველასთვის მისაღები მაინც ვერ ვიქნები. ეს ყველაფერი კი გეხმარება, გაიგო ის, თუ რას ფიქრობს შენზე სხვა. მგონი, ცუდად არ არიან ჩემ მიმართ განწყობილები.

- რომელი ფერი გაღიზიანებს?

- ფერი უკვე კარგი რამ არის და მხოლოდ დადებითთან ასოცირდება. ერთადერთი ყავისფერი არ მომწონს, მას არ ვხმარობ არც ტანსაცმელში და არც აქსესუარებში. თან, ეს ისეთ რაღაცასთან ასოცირდება, არ მგონია, საზოგადოებასაც უყვარდეს...

- რა არის შენი "ბეწვის ხიდი"?

- როგორი ჩასაფიქრებელი კითხვაა?.. ზოგისთვის ის ცხოვრებაა და ზოგისთვის ბეწვია, რომელიც ხიდი ჰგონია (სიცილით ამბობს). მთავარია, ბეწვის ხიდი არ გაწყდეს... ასოციაციები ამასთან დაკავშირებით ბევრნაირი შეიძლება გვქონდეს.

- აღტაცებას როგორ გამოხატავ?

- ძალიან ემოციურად. მიხარია, როცა რაღაცისგან აღტაცებული ვარ და შემიძლია ბოლომდე გამოვხატო. ბოლო დროს ბევრი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რომელმაც ეს აღტაცება გამოიწვია, - ოჯახი შევქმენი, შვილი შემეძინა, რაღაცები ხდება და ამიტომ გამოვხატავ და გულში არ ვიკლავ...

- მიზეზი, რის გამოც შეიძლება ღამე გაათენო?

- მაგისთვის ბევრი რამ არის, მაგალითად, ქეიფი, სამსახური, სიყვარული...

- რეინკარნაციის გჯერა? წინა ცხოვრებაში ვინ იქნებოდი?

- წინა ცხოვრებაში ალბათ თაგვი ვიქნებოდი. რატომაც შემარქვეს ეს სახელი, ამ მიზეზით, ალბათ მართლაც თაგვი ვიქნებოდი. ნიკა გრიგოლიამ რატომღაც ასე გადაწყვიტა, როგორც ჩანს, რაღაც დაინახა ჩემში.

- რა მაინც?

- ძალიან მიყვარს თხილი, ნიგოზი, ყველი. თუმცა წინა ცხოვრებაში შეიძლება, ბაჭიაც კი ვყოფილიყავი, მგელი ნამდვილად არ ვიქნებოდი, გადარეული და მტაცებელი ცხოველი...

- ქეიფი გიყვარს, "სამი დალიეს პრინციპი" ალბათ შენთვის მიუღებელია, არა?

- სამს რომ ვსვამდე, კარგი იქნებოდა ჩემი ორგანიზმისთვის, ჩემი ოჯახისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ ხდება. ქართველობა ჩემში მეტად ჭარბობს. სამ ჭიქას ვერ ვგრძნობ, ბევრი სამი ჭიქა უნდა დავლიო, რომ მერე ვთქვა, "სამი დალიე"... ზომა და წონა ჩვეულებრივად არ ვიცი...

- შავი კატის გეშინია?

- შავი კატა არ მიყვარს, რომ დავინახავ, უნებლიედ, პირჯვარს ვიწერ. არც ცუდად მაქვს დაცდილი და არც - კარგად, უბრალოდ, ასე ვაკეთებ...

- "თაგვმა თხარა, თხარა და კატა გამოთხარაო" - ვისზეა ნათქვამი?

- ეს არის ყველაზე უგუნურ ადამიანზე. რაც მისი საქმე არ არის, არ ეხება, არ უნდა გააკეთოს. არ უნდა ამოთხარო, თორემ შეიძლება იქ კატაც დაგხვდეს და კატაზე უარესიც.

- რა ფრაზა გახსენდება ახლა ლექსიდან?

- გამახსენდება აფხაზეთი, ფსოუ და სოჩა,/ ხიდზე დავდგები, გადავხტები და მორჩა.

- ვინ არის ავტორი?

- არ ვიცი, სტუდენტობისას გავიგე და სლოგანად, ფრაზად მახსოვს. აფხაზეთი ხომ ჩვენი ქვეყნის დიდ, მტკივნეულ ნაწილს მაგონებს ყოველთვის... ახლაც ისეთ ადგილზე ვარ, რომ გამახსენდა...

- დაასახელე საყვარელი პოლიტიკოსი...

- ქართველი პოლიტიკოსი?.. ბევრს ვიცნობ და ბევრთან ვმეგობრობ. ვისაც საქართველო უყვარს, ყველა ჩემი საყვარელი პოლიტიკოსია.

- ბოლოს რას გვეტყვი?

- ძალიან მიყვარს ადამიანები, ჩემი ქვეყანა, გულშემატკივრები, ვისაც ვუყვარვარ მე და ჩემი ოჯახი, ბედნიერებას ვუსურვებ და ბევრ პოზიტივს. ჰქონდეთ სიყვარული, სიხარული, ყველას სულ ფერად-ფერადად ეცხოვროთ.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება