ჯაკარტაში, კრის ბოტისა და ბობი მაქფერინთან ერთად, ქართულ ეთნოჯაზბენდსაც ელოდებიან

ჯაკარტაში, კრის ბოტისა და ბობი მაქფერინთან ერთად, ქართულ ეთნოჯაზბენდსაც ელოდებიან

"ჯავა ჯაზფესტივალი" ინდონეზიაში (ჯაკარტა) 2005 წლიდან იმართება. ის მსოფლიოში უდიდესი მუსიკალური ზეიმია, სადაც 125 ჯგუფი დარამდენიმე ასეული არტისტი გამოსულა. ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა და ყოველ წელს, მარტის პირველ დეკადაში იმართება. წელს ამ გრანდიოზულ ფესტივალზე ქართული ეთნოჯაზბენდი - "ირიაო" დავით მალაზონიას ხელმძღვანელობით მიემგზავრება. ექნებათ ორი გამოსვლა - 7 და 8 მარტს.

ჯაზფესტივალის მონაწილეთა სია წელსაც შთამბეჭდავია, რომლის სათავეშია მთავარი ჰედლაინერი ჯესი ჯეი, მთელ მსოფლიოში პოპულარული ბრიტანელი პოპშემსრულებელი. ამასთან, მონაწილეობენ: კრის ბოტი, ბობი მაქფერინი, ჩაკა კჰანი და სხვა ცნობილი შემსრულებლები.

რაც შეეხება ქართულ ეთნოჯაზბენდს, დაახლოებით ორი წლის წინ დაფუძნდა. აღნიშნულ ფესტივალამდე კიდევ რამდენიმე ჯაზფესტივალში აქვს მონაწილეობა მიღებული, მაგრამ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური ფორუმია, სადაც ქართველთა შვიდკაციანი ჯგუფი წარდგება.

"ირიაოს" მუსიკას კომპოზიტორი დავით მალაზონია ქმნის. რეპერტუარი დაფუძნებულია ქართულ ფოლკლორულ მოტივებსა და ჯაზის სინთეზზე, თუმცა მალაზონიამ ახალი კომპოზიციები ეთნოჯაზის ჟანრში შექმნა.

ფესტივალზე გამგზავრების წინ ბატონ დავითს გავესაუბრეთ.

- ჯგუფს სახელი "ირიაო" დავარქვით. "ირიაო" კრიმანჭულის მოძახილია. კრიმანჭული ხომ თავისთავად გამორჩეული რამ არის, საოცრად ჟღერს და ყველას არც გამოსდის. ამიტომ ჩვენი მიზანია, სწორედ ასეთ დონეს მივაღწიოთ და სახელწოდებაც ამიტომ ავირჩიეთ.

- თქვენს კომპოზიციებში ჯაზისა და ფოლკლორის საოცარი სინთეზია. ასეთი ექსპერიმენტი რატომ გადაწყვიტეთ?

- ეს გათანამედროვებული, გაარანჟირებული ფოლკლორი არ არის. გამოყენებულია ის მუსიკალური ენა, რაც ფოლკლორს ახასიათებს და ორიგინალური კომპოზიციები მის ბაზაზეა შექმნილი.

- ანუ ეს არის ფოლკლორულ ელემენტებზე დაფუძნებული ჯაზური და თანამედროვე მუსიკის ელემენტებით გაჯერებული მუსიკა.

- დიახ და ჩვენი გამოცდილების საფუძველზე შევძელით გაგვეკეთებინა, ვინაიდან ფოლკლორთანაც მაქვს შეხება და ჯაზიც დამიკრავს.

- და საინტერესო ექსპერიმენტი გამოგივიდათ.

- დიახ, ოღონდ, ექსპერიმენტი არა ექსპერიმენტისთვის, არამედ ეს მოთხოვნილება თავისთავად, ბუნებრივად წამოვიდა, რომ ქართული ხალხური ფილოსოფია, რაც მას ახასიათებს, გადმოგვეტანა თანამედროვე მუსიკაში. ვიმეორებ, ეს არ არის მცდელობა, რომ ფოლკლორი გავაუმჯობესოთ, მით უფრო, რომ ეს მას არ სჭირდება.

- ჯგუფში შეკრებილი ადამიანები როგორც ვიცი, სხვადასხვა ჯგუფებში მოღვაწეობთ. ერთად შეკრებას როგორ ახერხებთ?

- ქართული რეალობა ის არის, რომ არ გვაქვს საშუალება, ყოველდღე კონცერტები მივცეთ. საერთოდ, ჯგუფი ორი წლის წინ, კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და იდეით შეიქმნა. შემდეგ უცხოეთში სხვადასხვა მიმართულებით ჩვენი მუსიკალური მასალა გავგზავნეთ, რასაც კარგი გამოხმაურება მოჰყვა. ვიყავით ესტონეთში, პოლონეთში ფესტივალებზე, სტრასბურგში იყო დიდი ღონისძიება, შარშან მალაიზიაში ჩატარდა სერიოზული ფესტივალი და ტალღა ნელ-ნელა აგორდა. ერთი კვირის წინ პოლონეთიდან დავბრუნდით, სადაც დისკი ჩავწერეთ.

- უცხოელები როგორ იღებენ თქვენს კომპოზიციებს?

- მათთვის უცხო კი არის, მაგრამ ბარიერი ჯერ არ შეგვქმნია. პუბლიკა ყურადღებით ისმენს... ჯავა ფესტივალი ინდონეზიაში, სადაც ახლა მივემგზავრებით, ერთ-ერთი საუკეთესო და პრესტიჟულია, რომელშიც მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი ვარსკვლავები მონაწილეობენ.

- ვინ მიგიწვიათ?

- შარშან ინდონეზიაში გახლდით. საქართველოს საელჩომ ქართული კულტურის დღეებზე დაგვპატიჟა. ერთ-ერთი კონცერტი გვქონდა ჯაკარტის ჯაზკლუბში, რომელსაც ჯაზფესტივალის ორგანიზატორი ესწრებოდა და წლევანდელ ღონისძიებაზე დაგვპატიჟა.

- როგორ ემზადებით და რა მოლოდინი გაქვთ?

- მთავარია ხარისხიანი პროდუქტი ჩავიტანოთ. მგონი, მას რაღაც მოჰყვება. ახლა "არტპალასმა" დახმარება გაგვიწია, სარეპეტიციო დარბაზი არ გვქონდა და სივრცე დაგვითმო, სადაც რეპეტიციებს გავდივართ. მთელ დროს რეპეტიციებს ვუთმობთ. იქ მინიმუმ 10 კომპოზიციას მაინც დავუკრავთ.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება