თამარ ივერი შვილებსა და მეუღლეზე - "ერთხელ დაშვებული შეცდომით ცხოვრება არ მთავრდება...''

თამარ ივერი შვილებსა და მეუღლეზე - "ერთხელ დაშვებული შეცდომით ცხოვრება არ მთავრდება...''

ოპერის მომღერალ თამარ ივერს და მოჭიდავე რაულ ცხადაძეს გასულ წელს ტყუპი შეეძინათ. უგო-ავთანდილი და ნინა-ლიზა ახლა იტალიაში ბებიასთან ერთად არიან. მომღერალი ბავშვების დაბადებამ ძალიან შეცვალა. თამართან ინტერვიუ ტყუპზე საუბრით დავიწყეთ.

- ტყუპი და-ძმა ახლა უკვე ცხრა თვის არის. მათ ჩემი ცხოვრება ძალიან შეცვალეს. ჯერ კიდევ სიზმარში ვარ. ისინი ახლა იტალიაში დავტოვე. ახალი საოპერო როლი მაქვს მოსამზადებელი. დედამთილმა, რომელიც ძალიან კარგი ადამიანია, ხელი შემიწყო და მითხრა, ეს პერიოდი ბავშვები მე მეყოლებაო. თავიდან ჩავთვალე, რომ ბავშვების ფოტოები ''ფეისბუქზე'' არ უნდა დამედო. ვფიქრობდი, რომ ჩემი და რაულის პირადი ცხოვრება პირადი იყო, მაგრამ უცხოელ მეგობრებს აინტერესებდათ, როგორ გამოიყურებოდნენ ჩვენი შვილები და ფოტოები დავდე. კოლეგებისა და მეგობრების უმეტესობა უცხოეთში მყავს და არ აქვთ საშუალება, რომ გვესტუმრონ, მათ გამო დავდე ფოტოები და ძალიან ბევრის მოწონება დაიმსახურეს. ბიჭი ძალიან გვაბრაზებს. გოგო მე მგავს, ჩემი ბავშვობაა. მე ვიყავი ისეთი წყნარი, რომ ერთ ადგილას გაჩერება მთელი დღე შემეძლო. ბიჭს სასწაული ენერგია აქვს. არ ჩერდება ერთ ადგილას. ფეხებს ერთმანეთზე ახახუნებს და ყველა სამოსი ფეხებთან გაცვეთილი აქვს. საკმარისია, ერთი წამით თვალი მოარიდო და მაშინვე გადმოვარდება და ამ შემთხვევაში არასდროს ტირის. ძალიან ანცი გვეზრდება. ან აგვაშენებს, ან დაგვანგრევს. იმედია, აგვაშენებს. ბავშვებმა ჩვენს ცხოვრებაში საოცარი სიო შემოიტანეს და ინტერვიუებშიც, როდესაც მათზე ვსაუბრობ, მგონია, რომ ჩემზე არ ვლაპარაკობ. ჩემს ცხოვრებაში იყო მხოლოდ ოპერა და ხელოვნება. ახლა უცბად რაღაც ახალი გაჩნდა.

- მეუღლე როგორ შეცვალა ტყუპმა?

- ტყუპმა ყველა დადებითად შეგვცვალა. რაული ძალიან მაგარი მამაა. იყო პერიოდი, როდესაც ძალიან დაკავებული ვიყავი. საქველმოქმედო ფონდი შევქმენი. საშობაო კონცერტი მქონდა. ბევრი სამუშაო დამიგროვდა და რაული რომ არ ყოფილიყო, ყველაფერს თავს ვერ გავართმევდი. ღამე დგებოდა და ბავშვებს საჭმელს აჭმევდა, რომ მე არ შევეწუხებინე. ქართველი მამაკაცები, როგორც წესი, ასეთი მზრუნველები არ არიან. მაგრამ არიან გამონაკლისები, როგორიც მამაჩემი იყო და როგორიც რაულია.

- სად გეგმავთ ბავშვების აღზრდას?

- მინდა, მათ ქართული ტრადიციები შეისისხლხორცონ. ჩემ გარშემო უცხოეთში არიან ქართული ოჯახები, სადაც ბავშვები სამი-ოთხი წლიდან წაიყვანეს და ისინი ქართველები არ არიან. მხოლოდ მამისა და ბაბუის მონაყოლით იციან საქართველოს შესახებ. მენტალიტეტიც არაქართული აქვთ. მინდა, ამ ყველაფერს გავექცე და ათ წლამდე მაინც ბავშვები საქართველოში იყვნენ. სკოლას რომ დაამთავრებენ, მერე თვითონ აირჩევენ, სად ისწავლიან. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ წარიმართება საქართველოს ბედი.

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება