ქართველი მწერლის რომანის მიხედვით ჰოლივუდს ფილმის გადაღება სურს - ავტორი წარმატებასა და გასაჭირზე

ქართველი მწერლის რომანის მიხედვით ჰოლივუდს ფილმის გადაღება სურს - ავტორი წარმატებასა და გასაჭირზე

ქართველმა ქალბატონმა, იზა ჭკადუამ, წლების წინ, მეგობრის დახმარებით ინგლისში 2 წიგნი გამოსცა. მათგან, როგორც ამბობს, ერთ-ერთი რომანი (ობოლ და-ძმაზე) ამერიკაში ("ჰოლივუდი") ფილმის გადასაღებად შეარჩიეს. წესის თანახმად, სცენარი ამერიკელმა სცენარისტმა უნდა დაწეროს, რაც გარკვეულ თანხასთან არის დაკავშირებული, რომლის გადახდაც ავტორს ეკისრება. ქალბატონ იზას ამის საშუალება არ აქვს და როგორც ამბობს, დახმარებისთვის უამრავ ადამიანს უშედეგოდ მიმართა. არადა, ამერიკიდან მუდმივად უკავშირდებიან და აოცებთ ამ მათთვის სერიოზულ პროექტთან მისი პასიური დამოკიდებულება.

არერთი უშედეგო მცდელობის შემდეგ, ქალბატონი იზა ჩვენც დაგვიკავშირდა და ვეცადეთ, აღნიშნულ საკითხში გავრკვეულიყავით.

- რას გვეტყვით თქვენს წიგნად გამოცემულ რომანზე, რომელმაც "ჰოლივუდამდეც" მიაღწია, მაგრამ ამ საქმეს, როგორც გაირკვა, წინააღმდეგობა შეექმნა...

- ჩემი რომანი არის სათავგადასავლო, რომელიც ობოლი და-ძმის ცხოვრებას ასახავს. პირველი, რაც შემიძლია ვთქვა, ის არის, რომ მას ძალიან სწრაფად და სპონტანურად ვწერდი. თანაც, ყოველგვარი გათვლის გარეშე, მაგრამ სულ ფილმის კადრებად წარმოვიდგენდი და ვსახავდი. გამომცემლობა, სადაც უკვე მქონდა მოთხრობების წიგნი "The Loony's Royalties"  გამოცემული, მთავაზობდა მორიგი წიგნი მომემზადებინა, რაც ჩემთვის ერთგვარი სტიმულიც იყო. მათგან, რამდენიმე თვეში, შემოთავაზება მივიღე, სადაც ჩემი წიგნის კონსულტანტი მატყობინებდა რომანის სცენარად გარდაქმნისა და "ჰოლივუდში" წარდგენის აუცილებლობაზე და თანაც, რომ უამრავ წიგნთა შორის, არჩევანი ჩემს ნამუშევარზე გაკეთდა და ამ იშვიათ შემთხვევას, როგორც დიდ გამარჯვებას, ისე მილოცავდნენ. მიგზავნიდნენ იმ გამოცემების ნუსხას, რომლებიც ჩემი წიგნის მსგავსად, შეირჩა და რომლებიც უკვე წარმატებულ ფილმებად იქცა. ამიტომ, ჩემი თანხმობა იყო საჭირო, რომ სცენარი დაწერილიყო, რომელსაც ამერიკელი მაღალპროფესიონალი სცენარისტი შექმნიდა.

მომსახურების სერვისის თანახმად, სცენარის შექმნა თანხებთან არის დაკავშირებული, რასაც უშუალოდ ავტორი იხდის (შემდეგში ფილმის შემოსავლებზე სრული უფლებების მოსაპოვებლად). ამ დროს დიდ წინააღმდეგობას წავაწყდი, - თანხები ვერ მოვიძიე.

- ისიც საინტერესოა, საერთოდ როგორ მიაღწია თქვენმა ნამუშვარმა (Lizi's Wig ) აღნიშნულ ადგილამდე?

- ზოგადად როგორც იღბლიან, ისევე უიღბლოთა კატეგორიას განვეკუთნები, - ორი უკიდურესობის ზღვარზე მყოფი ადამიანი ვარ...

სრულიად შემთხვევით, ამერიკიდან დაბრუნებულმა ჩემმა მეგობარმა შემომთავაზა (იცოდა, რომ ლექსებთან ერთად, მოთხრობებსაც ვწერდი), ამა და ამ მისამართზე შენი მოთხრობები გავაგზავნოთო. სასწრაფოდ ვთარგმნეთ ორი მოთხრობა და გავაგზავნეთ. სულ მალე მისი წიგნად გამოცემის შემოთავაზება მივიღე. ჩემმა მთარგმნელმა ეკატერინე მაჩიტიძემ, სასწრაფოდ ოცდახუთი მოთხრობა მითარგმნა, რომელიც ინგლისისა და ამერიკის ერთობლივ გამომცემლობაში "Author House''- ში გამოვეცი. ყოველთვის ვგრძნობდი და ვგრძნობ მათგან აღიარებას, მოწონებას, დაფასებას. ალბათ წარმატებულებიც ამიტომ არიან...

- ამ ყველაფრის შესახებ საქართველოში ვინ არის ინფორმირებული და ვინმემ დახმარება ხომ არ აღგითქვათ? ხელისუფლების წარმომადგენლებს ვგულისხმობ.

- ცდუნება დიდი იყო... მუდმივად " ჰოლივუდი'' " ჰოლივუდი...". ეს ხომ ყველა ადამიანის ოცნებაა. რომ ჩამოვთვალო იმ ადამიანების სია, ვისაც წერილობით, ან სატელეფონო საუბრებით გავუგზავნე მთელი დოკუმენტაცია (ჩემი ამერიკელებთან დადებული ხელშეკრულების ტექსტი და უამრავი რამ), ალბათ დრო არ მეყოფა. ექსპრეზიდენტ სააკაშვილიდან დაწყებული, ყველას ვწერდი. ორჯერ კულტურის სამინისტროს მივმართე, რომელმაც სამწუხაროდ, ვერ გაიგო, რას ვითხოვდი. კინოცენტრს ვაცნობე ჩემი აპლიკაციის გვერდი (თითქოსდა ფილმის დაფინანსებას ვითხოვდი). ბიძინა ივანიშვილს წერილი წიგნთან ერთად გავუგზავნე და შემდგომ კი წერილები... "თიბისი" ბანკმა ლამის დამაფინანსა, თუმცა ბოლო მომენტში უარი მითხრა. მეტად კი ის მწყინდა, რომ წერილი ადრესატამდე არასდროს მიდიოდა. მისი გვერდის ავლით, ანდა ცრუ დაპირებებით გადიოდა დრო. ვერ აცნობიერებენ ალბათ, რომ ეს წარმატება საქართველოს ღირსების საქმეა...

- ისე, რამდენად რეალურია ეს ყველაფერი და რა გარანტიები არსებობს იმის, რომ სცენარს, რომელსაც ამერიკელებს აქედან გაუგზავნით, აუცილებლად ფილმად გადაიღებენ?

- თუ რამდენად რეალურია ჩემი წიგნის მიხედვით დაწერილი სცენარი ფილმად იქცეს, ამასთან დაკავშირებით ეჭვი არაერთხელ გამოვთქვი ჩემს გამომცემლობასთან, კონსულტანტებთან, უშუალოდ, საშუამავლო კომპანიასთან, რომელმაც საგარანტიოდ იმ ავტორთა ნამუშევრები დამისახელა, რომლებიც ჩემი რომანის მსგავსად შეირჩა და რომლებიც უკვე ჰოლივუდში წარმატებულები არიან. მე არ მაქვს საფუძველი შევიტანო ეჭვი ისეთ სერიოზულ და პროფესიონალურ გამომცემლობასთან, როგორიც "Author House''-ია.

- რომ არ გამოგიჩნდეთ დამხმარე ადამიანი, როგორ განვითარდება მოვლენები?

- როგორც იტყვიან ხოლმე, იმედი ბოლოს კვდება... თუკი არ გამომიჩნდა სპონსორი, ბრძოლას მაინც გავაგრძელებ. აუცილებლად ვიბრძოლებ მანამ, სანამ არ დავაჯერებ თავს, არ დავაჯერებ ერს, ჩემს კეთილისმსურველს და მტერს, რომ ბრძოლის გარეშე მოგებული ომი ომი არ არის!..

- ამასთან, როგორც მითხარით, მოსამზადებელი ეტაპისთვის გარკვეული თანხა უკვე გაგიღიათ და გაგიგზავნიათ კიდეც. რაზეა საუბარი იქნებ უფრო კონკრეტულად მითხრათ და ხომ არ დაიკარგება ისიც, რაკი ასე სწრაფად ვერ ახერხებთ იმ მითითებული თანხისთვის თავის მოყრას და გაგზავნას?

- ის სრული პაკეტი, რაც ფილმის გადასაღებად არის აუცილებელი (სცენარი), დიდი ფასდაკლებით შემომთავაზეს. მისი ოფიციალური თანხა ფასდაკლების პაკეტს ბევრად აღემატება. ჩემი ახლო ნათესავის დახმარებით, 5.500 ლარი უკვე გადავრიცხე, ხოლო დარჩენილი თანხის გადასახდელად სპონსორს ვეძებ. თუ ვერ გადავრიცხე დარჩენილი თანხა, ის, რა თქმა უნდა, დაკარგულია.

- რა თანხაზეა ზოგადად ლაპარაკი? - სანამ ლარი დაკნინდებოდა, 17.000 იყო (ასე დავაანგარიშებინე), ხოლო იმ კურსით, რაც დღეს არის 23.000 ლარია...

- საერთოდ როდიდან წერთ?

- პროფესიით ფილოლოგი ვარ. წერა ლექსებით დავიწყე. მალე პროზას გადავწვდი. სტუდენტობისას პერიოდულ ჟურნალ-გაზეთებში ვბეჭდავდი ლექსებს... ჩემმა ღრმა ბავშვობამ ზემო სვანეთში გაიარა. სკოლის პერიოდში საცხოვრებლად თბილისში გადმოვედით. მიმაჩნია, რომ ჩემი შემოქმედება მთლიანად ეკუთვნის ამ მშვენიერ კუთხეს.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება