ჯუდ ლოუ, ჯერემი აირონსი... - მსახიობები, რომლებმაც ოსკარზე "მანდარინებს" მხარი დაუჭირეს

ჯუდ ლოუ, ჯერემი აირონსი... - მსახიობები, რომლებმაც ოსკარზე "მანდარინებს" მხარი დაუჭირეს

როგორ და რა პრინციპებით ხდება "ოსკარზე" წარდგენილი ამა თუ იმ ნომინანტი ფილმის შეფასება, რამდენი ადამიანი წყვეტს ფილმის წარმატების ბედს და ვინ არიან მსახიობები, რომლებმაც "მანდარინებს" მხარი დაუჭირეს, ამ თემებზე "სარკეს" ფილმის რეჟისორი ზაზა ურუშაძე ესაუბრა. Ambebi.ge გთავაზობთ მცირე ფრაგმენტს ინტერვიუდან.

"სარკე": თქვენი აზრით, რა დაგვაკლდა, რატომ ვერ აიღეთ "ოსკარი"?

ზაზა ურუშაძე: ნომინანტობა უკვე გამარჯვებაა. პოლონური ფილმი "იდა", რომელმაც "ოსკარი" აიღო, ძალიან კინემატოგრაფიული ფილმია. ხუთეულიდან გამარჯვებულს ხმას 6700 ადამიანი აძლევს. ისინი არ არიან ვალდებულები, ყველა ფილმი ნახონ. ერთი თვის განმავლობაში 40 ფილმზე მეტი უნდა ნახონ და არავის აქვს ილუზია, რომ ყველა მათ ნახულობს. ამიტომ ხშირად გადაწყვეტილებას იმის მიხედვით იღებენ, რომელი ფილმის შესახებაც უფრო მეტი გაუგიათ. "იდა" ამერიკის კინოთეატრებში 5 თვეა გადის, ჩვენ კი, 2 კვირაა, რაც ეს უფლება მოვიპოვეთ. ჩემთვის სასიამოვნო აღმოჩნდა, რომ 40 კაციანი გასაიდუმლოებული ჟიურიდან, ვინც ნომინანტ ხუთეულს აძლევს ხმას, "მანდარინებს" ხმა მისცეს ჯუდ ლოუმ და ჯერემი აირონსმა.

მომავალ წელს უკვე მეც ვიქნები ჩართული და საშუალება მექნება, "ოსკარის" ნომინანტი ფილმები შევაფასო. არავინ გამაკონტროლებს, ვნახავ თუ არა ყველა ფილმს, შეფასებებს ისე მიიღებენ.

"სარკე": ესტონეთში როგორ აფასებენ ამ წარმატებას?

ზაზა ურუშაძე: ესტონეთში ძალიან ბევრი ჯილდო მივიღე "ოსკარამდე". მთელი ესტონეთი ზეიმობს ამ წარმატებას. ერთი ისეთი ჯილდო მაქვს მიღებული, რომელიც ესტონეთის ისტორიაში სულ სამჯერ გაიცა. ერთი პოეტს მისცეს, მეორე - სიმფონიურ ორკესტრს და მესამე - მე. დამაჯილდოვეს ქვეყნის პოპულარიზაციისთვის საზღვრების მიღმა.

საქართველოში როცა დავბრუნდით, კულტურის სამინისტრომ ხელოვნების ქურუმის ჯილდო გადმოგვცა. პრემიერ-მინისტრთან გვქონდა შეხვედრა და დაგვპირდა, რომ ქართული კინოს დაფინანსების საკითხი მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამიტომ არ მაქვს ის განცდა, რომ ჩვენი ქვეყანა მხარში არ გვიდგას. პრეტენზიები არავისთან მაქვს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება