ვინ დაამახსოვრდათ ყველაზე მეტად და რომელი ცნობილი კონკურსანტი ვერ იცნეს - "X ფაქტორის" ჟიურის წევრები პირველი კასტინგის კულუარებზე

ვინ დაამახსოვრდათ ყველაზე მეტად და რომელი ცნობილი კონკურსანტი ვერ იცნეს - "X ფაქტორის" ჟიურის წევრები პირველი კასტინგის კულუარებზე

"რუსთავი 2"-ის ეთერში სულ მალე "X ფაქტორის" ახალი სეზონი დაიწყება. ახალი მენტორები, ახალი წამყვანი, საინტერესო მონაწილეები და დაუვიწყარი სანახაობები, ეს ის არის, რასაც პროექტის შემქმნელები მაყურებელს ახალ სეზონზე შესთავაზებენ. გადაცემის ჩაწერა უკვე დაიწყო. პროექტისთვის ამერიკიდან საქართველოში დაბრუნდა მომღერალი სოფო ნიჟარაძე. მას ჟიურიში ყოფნის გამოცდილება უკვე აქვს, თუმცა ამბობს, რომ მენტორობა გამორჩეულია.

სოფო ნიჟარაძე (მენტორი):

- ჯერ ძალიან ადრეა შეფასებების გაკეთება, რადგან პირველი დღის პირველი სეტია, მაგრამ რამდენიმე საინტერესო ადამიანი მოვისმინეთ. თუ ასე გაგრძელდა მგონი კარგი სეზონი გამოვა, რადგან საქართველო ბევრ საინტერესო ადამიანს გაიცნობს. ველოდებით ახალ ტალანტებს.

თამთა გოდუაძე (მენტორი):

- მეტს ველოდები, ბევრი კარგი კონკურსანტი მოვისმინე. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ორსული გოგონა და ჯგუფი "ვანილა ქეიჯის". ჟიურიში არის ცვლილება, ცოტა თავს ისე ვგრძნობ, ბავშვს სკოლას რომ შეუცვლიან. იმის მიუხედავად, რომ სტეფანე ჩემი ახლობელი ადამიანია და მინდოდა ჟიურიში მისი ყოფნა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ანრისთან მუშაობა არ მომწონს. ყველაფერი კარგად არის. სოფოს და ანრის ადრე შევხვედრივარ. მთლად უცხოები არ არიან ჩემთვის. რაც მთავარია, გიორგი გვერდით მიზის.

ჟიურის ამპლუაში პირველად უწევს მუშაობა ეპატაჟურ ანრი ჯოხაძეს, რომელიც კონკურსანტების მიმართ მკაცრი და კრიტიკულია.

ანრი ჯოხაძე (ჟიური):

- საინტერესო მასშტაბური პროექტია. ახალგაზრდა კონკურსანტების შექმნა გიწევს, გამოწვევების წინაშე დგახარ, მე მაქვს ამის ამბიცია. მე სამართლიანი მენტორი ვარ. ვცდილობ შუალედი დავიჭირო, რომ ადამიანს ბოლომდე არ დავცე მეხი (იცინის). განსაკუთრებით დამამახსოვრდა ორსული გოგონა ლინდა ადამია. არაჩვეულებრივი გოგო იყო, გამოვიდა თუ არა გაიღიმა, მომენტალურად მოვინუსხე და მერე ისე იმღერა, სუპერ.

გიორგი გაბუნია (ჟიური)

- მრავალფეროვანი სეზონია, ბევრად მეტი არა ვთქვი, ვიდრე კი. მინდა საუკეთესოები მოხვდნენ ფინალში. იმ ადამიანის ფინალში გადაყვანა, რომელიც იცი, რომ სხვას კონკურენციას ვერ გაუწევს ფინალში, გადაყვანას აზრი არა აქვს. დამამახსოვრდა ორსული გოგონა ლინდა ადამია. ერთ-ერთი საუკეთესო იყო დღეს, ფაქტიურად ნაკლი არ ჰქონდა. ახლოს დგას ფინალთან.

- ანრი ჯოხაძესთან მუშაობა კომფორტულია თქვენთვის?

- კომფორტულია. იქედან გამომდინარე, რომ მე და სტეფანე ვკინკლაობდით, ვატყობ ახლაც აქვს ხალხს მოლოდინი, რომ ანრისთანაც იგივე გაგრძელდეს. სტეფანესთან მე მისი პიროვნებიდან გამომდინარე ჩამომიყალიბდა ასეთი ურთიერთობა. ანრი განსხვავებული ადამიანია. მაინცდამაინც ერთმანეთს არ ვხოცავთ. ანრიმ გამაფრთხილა, იცოდე არ დამჩხაპნოო და ერთხელ მაინც დავჩხაპნე, მაგრამ ჯერჯერობით მშვიდობაა.

პროექტის პროდუსერის გიორგი ხაბურძანიას თქმით, ახალ სეზონში ცვლილებები, ბავშვების კატეგორია და ბენდების კატეგორია დაემატა. "X ფაქტორის"-ის სცენაზე მეგობრის სახელით და შავი სათვალეებით გამოვიდა მაია ჯაბუას ქალიშვილი ლიზა ყენია, რომელმაც ფინალში მოხვედრის შემდეგ მოიხსნა სათვალე და ამის შემდეგ განაცხადა მისი ნამდვილი ვინაობა.

- წელს ძალიან კარგი ნაკადი იქნება, სიახლეა ჟიურიში. ვფიქრობ ანრი ჯოხაძე საინტერესო და ქარიზმატული პიროვნებაა. ახალი ჟიური ახალი ენერგიით მოდის პროექტში. მაყურებელი ნახავს, რომ წლევანდელი შემადგენლობაც ძალიან კარგი იქნება. გიორგი გაბუნია მწარე ენით გამორჩეულია, ანრიმ დიდი ენერგია შემოიტანა, ასევე ორი დივა გვყავს ჟიურიში. საინტერესო დინამიკაა. ბევრი მასალა გვაქვს დასამონტაჟებლად და ეთერში გასაშვებად. "ვანილა ქეიჯის" სოლისტი, ორსული გოგონა და ლიზა ყენია დამამახსოვრდა განსაკუთრებით.

- თქვენი იდეაა ლიზა ყენიას სცენაზე სხვა სახელით და გვარით გამოსვლა?

- თვითონ უნდოდა მაქსიმალური აქცენტი ყოფილიყო ვოკალზე. სუბიექტური რომ არ ყოფილიყო ჟიური, ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. მაია ყველას უყვარს და რაღაც გავლენის ქვეშ მოექცეოდა ჟიური. ამიტომ ლიზას შევთავაზეთ იქნებ ისე გარდაისახო, რომ ვერ მიხვდნენ ვინ ხარ-თქო, მოახერხა ეს და ანრიმაც კი ვერ იცნო.

- სანახაობრივად რას გეგმავთ?

- ახლა კასტინგებია და შემდეგ სანახაობრივად უფრო საინტერესოს გავხდით. დანიელები ჩამოგვყავს და მათთან ერთად ვიმუშავებთ. გვინდა კიდევ წინ წავიდეთ.

თამარ ბოჭორიშვილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება