"ბევრ ნიჭიერ მსახიობს არ აფასებენ, ახალი სახეების მოძებნაც ეზარებათ...'' - მაია დობორჯგინიძე

"ბევრ ნიჭიერ მსახიობს არ აფასებენ, ახალი სახეების მოძებნაც ეზარებათ...'' - მაია დობორჯგინიძე

მსახიობი მაია დობორჯგინიძე წარმატების შესახებ საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებს. მისივე თქმით, დღეს ბევრი არამსახიობი ცდილობს ამ პროფესიით მუშაობას, ზოგს გამოსდის, ზოგს - ნაკლებად. მაია იმის მომხრეა, რომ ყველამ თავისი საქმე აკეთოს.

- როგორ შევაყვაროთ ბავშვებს თეატრი?

- როგორც კი ცოტა წამოიზრდებიან, თეატრში უნდა წავიყვანოთ. ჩემი შვილი, გაბრიელი, ძალიან ცელქი იყო, სანამ 5-6 წლის არ გახდა, სპექტაკლებზე ვერ დამყავდა. ახლა არა მარტო პატარებისთვის, არამედ მოზრდილებისთვის განკუთვნილ დადგმებსაც ესწრება, ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე. ეს გაბრიელს ადაპტაციაში ეხმარება.

ბილეთების შეძენა ფინანსებზეა დამოკიდებული. ხანდახან ადამიანები ვერ ახერხებენ თანხების გამოყოფას, ეს გასაგებია, თუმცა სიზარმაცის გამო ბავშვის თეატრში არწაყვანა სწორად არ მიმაჩნია. ზოგჯერ, სამწუხაროდ, დედ-მამა ფიქრობს, რომ სპექტაკლების ყურება საჭირო არ არის, მაშინ, როდესაც რეალურად თეატრი ბავშვის ბუნებასა და ინტელექტზე დადებითად მოქმედებს.

შვილის დაინტერესება მარტივია, ყველა ბავშვს ჰყავს საყვარელი პერსონაჟი. თუ მას ეტყვით, რომ რჩეული გმირის სანახავად მიგყავთ, აუცილებლად სიხარულით დაგთანხმდებათ.

- ბევრი ოცნებობს მსახიობობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროფესია ნაკლებად ანაზღაურებადია.

- ბევრი პროფესიით არამსახიობი მართლაც ცდილობს ''იმსახიობოს'' და გამოჩნდეს ეკრანზე. ზოგს კარგად გამოსდის, ზოგს - არა. ვფიქრობ, ადამიანში დევს პოპულარულობისა და აღიარების ჟინი. ჩვენ ბობოქარი და ცეცხლოვანი ერი ვართ. ამასთან ერთად, მიაჩნიათ, რომ მსახიობობა მარტივია. მოგვიანებით კი შეხედულებები რადიკალურად ეცვლებათ, ხვდებიან, რომ ხარისხიანი პროდუქტის შექმნა ძნელია.

ასე თუ ისე, ადამიანს ყოველთვის ეტყობა, აქვს თუ არა გავლილი სამსახიობო სკოლა. მე მგონია, რომ ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. ჩვენ ხომ არ მივდივართ და არ ვატარებთ ოპერაციებს?!

- რა შემთხვევაში შეუძლიათ დამწყებ მსახიობებს ადვილად თავის დამკვიდრება?

- თავის დამკვიდრება არასდროსაა ადვილი, თუმცა თუ სერიალში მონაწილეობ, უცბად ხდები პოპულარული. ეს ის წარმატებაა, რომელიც სწრაფად მოდის და მიდის. თავის დასამკვიდრებლად, ეკრანზე თამაშის პარალელურად, ხალხის გონებაში შენ მიერ შექმნილი თეატრალური როლებიც უნდა არსებობდეს.

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება