კლავენ საქართველოს პრეზიდენტს და ძალაუფლებას ხელში მილიარდერი იგდებს - 2004 წელს შექმნილი ამერიკული ვიდეოთამაშის სცენარი

კლავენ საქართველოს პრეზიდენტს და ძალაუფლებას ხელში მილიარდერი იგდებს - 2004 წელს შექმნილი ამერიკული ვიდეოთამაშის სცენარი

რა არის ტელევიზორი და რას შეუწყო მან ხელი?

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ტელევიზორმა შექმნა ტოტალიტარიზმის ხანა, როდესაც ტელევიზორი ქმნის ერთ ჰომოგენურ სეგმენტს, ანუ ერთი სურათი ესაუბრება ყველას ერთნაირად და მაყურებელი ვერ შედის ინტერაქციაში. ამიტომაც ტელევიზორის ხანა ინერტული მომხმარებლის ხანაა.

როდესაც ჩნდება სოციალური მედია, ის ქმნის აქტიურ მომხმარებელს. ერთის მხრივ, შენ რამდენადაც მოიხმარ, აგრეთვე შეგიძლია გახდე შემქმნელიც. გარკვეული სახით, ესაა ინტერაქციაში ყოფნა.

ხოლო ვიდეო თამაშები, მით უმეტეს, კარგი გრაფიკით და გამოსახულებით, სრულიად ახალი წესრიგის დასაწყისია, იქ მთლიანად შენ ხარ შემოქმედი, სრულად შედიხარ ინტერაქციაში და სუბიექტი ხდები, უბრალოდ მთავარი ისაა, რომ არსებობს წინასწარ გაკვალული გზა, ანუ თამაშის სცენარი.

ვინც ქმნის ვიდეო თამაშებს, განსაკუთრებით საომარი მოქმედების სცენარის მქონე თამაშებს, ის თვლის, რომ მომხმარებელს გონებაში გაუმყარდება და ჩაუჯდება მტრის ხატი და სურათი, რადგანაც თვითონ ეომება მას. როგორც წესი, თამაშები ლიბერალური დემოკრატიის წისქვილზე ასხამს ხოლმე წყალს, განსაკუთრებით ცნობილი თამაშები. ჩვენ ვერ გავიხსენებთ ვერცერთ მაგალითს, როდესაც რომელიმე კომპიუტერულ თამაშში, სადაც მოქმედება მეორე მსოფლიო ომის ირგვლივ ვითარდება, ხოლო მთავარი გმირი, რომლის ავატარითაც თამაშობ, ფაშისტია.

ეს ყველაფერი იმ ფსიქოლოგიური ფაქტორების გათვალისწინებით ხდება, რასაც საბოლოო ჯამში თამაში შეუქმნის მომხმარებელს. როდესაც საქართველოში მიდიოდა აქტიური პროპაგანდა რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ, საქართველოში რომ შექმნილიყო რაიმე მსგავსი თამაში, მტერი აუცილებლად რუსი იქნებოდა. ეს პროპაგანდის ის ნაწილი იქნებოდა, რომელიც გართობით, აზარტით და მომხმარებლის სურვილით იქნებოდა ნაკვები და ამავე დროს მოიტანდა სასურველ შედეგს. პროპაგანდა თავისას იზამდა, გონებაში სრულად გამყარდებოდა იმიჯები.

პროპაგანდის იდეალური მაგალითი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შექმნილი ვიდეო თამაში ”პოლიცია”, რომელიც მიზნად ისახავდა სამართალდამცავი ორგანოსადმი კეთილგანწყობის შექმნას და მოზარდების დაინტერესებას. სავარაუდოდ, შემქმნელებმა დაასკვნეს, რომ ასე კრიმინალური მენტალიტეტი ჩანაცვლდებოდა კანონმორჩილებით, არადა რეალურად მოცემულობა იგივე დარჩა, მხოლოდ შეფუთვა შეიცვალა. ტერორისტების მაგივრად შეგეძლო აგერჩია პოლიცია და უკვე მუნდირში გამოწყობილს გეძალადა და მოგეკლა დამნაშავეები.

უცხოურ ვიდეო თამაშებში საქართველო კარგად ათვისებული სივრცეა. მაგალითად უბისოფტის თამაშში Tom Clancy's Splinter Cell მოქმედება საქართველოში მიმდინარეობს. 2004 წელს ჩვენ მოგვიკლავენ პრეზიდენტს და ძალაუფლებას ხელში ქართველი მილიარდერი კომბაინ ნიკოლაძე ჩაიგდებს. ქვეყანაში სიტუაციის დასარეგულირებლად ამერიკიდან გამოგზავნიან სამხედრო ეშელონს. ამ შემთხვევაში საქართველო მეორეხარისხოვანია, მთავარი დატვირთვა მოთამაშისთვის არის ის, რომ მისი ჯოისტიკი ხდება ამერიკელი სამხედროს იარაღი, რომლითაც უნდა დამყარდეს წესრიგი პატარა ქვეყანაში, რომელსაც თავად არ შეუძლია ამის გაკეთება.

თითქმის იგივე პათოსია ყველა მსგავს თამაშში. Ghost Recon-ში რუსეთი ახდენს საქართველოს ანექსიას, ამერიკა კი ეხმარება მას მტრის მოშორებაში. Call of Duty: Modern Warfare 2-ში საბრძოლო მისია საქართველო-რუსეთის საზღვარზე მიმდინარეობს. Metal Gear Rising: Revengeance ერთ-ერთი მისია აფხაზეთში უნდა გაიარო, სადაც რუსი და აფხაზი ტერორისტების მოკვლა გევალება. ამ მისიისთვის ცალკე საუნდტრეკიც კია დაწერილი და ”აფხაზეთის ქუჩები” ეწოდება. მოკლედ, იდენტური ხასიათის თამაშებში საქართველო და მსგავსი, ამერიკისადმი პოლიტიკურად კეთილგანწყობილი, ხოლო რუსეთისგან ჩაგრული ქვეყნები გამოიყენება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაესვას იმას, თუ რამდენად მანკიერია რუსეთი და რომ მისი შეჩერება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენნაირი პატარა ქვეყნები ინტერვენციისთვის და ტოტალიტარული რეჟიმისთვისაა განწირული.

ასეთ დროს კი რასაკვირველია, მთავარი დამხმარე ამერიკაა - ყველაზე დიდებული ქვეყანა მსოფლიოში და ამ მითის გამყარება აქტიურად ხდება თანამედროვე საბრძოლო თამაშებში. შესაბამისად, პროპაგანდისტული მანქანა იდეალურად მუშაობს და მოზარდის ცნობიერში აშენებს კონკრეტული ქვეყნებისადმი კონკრეტულ შეხედულებებს და ცრუ ფასეულობებს.

გამომდინარე აქედან, ამერიკულ კომპიუტერულ თამაშებში საქართველოს ტერიტორიის გამოჩენა თუ მისი ხსენება მხოლოდ მოცემულობაა, რომელიც ჩვენთვის ზედაპირული სიხარულის საგანი შეიძლება გახდეს, მაგრამ მასშტაბური სურათი სულ სხვა სანახაობას იძლევა. ასეთ შემთხვევაში, გამოდის, რომ საქართველო ბრწყინვალედ გამოყენებული სიმულაციაა, როდესაც ქართველ მოთამაშეს ჰგონია, რომ პატივი მიაგეს მის ქვეყანას, სინამდვილეში კი ის უბრალოდ დიდი მექანიზმის პატარა დეკორატიულ დეტალად გამოიყენეს.

ბაჩო ოდიშარია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება