"განო არ იყო ის გოგონა, რომელსაც შეყვარებულების კასკადი ჰყავდა"

"განო არ იყო ის გოგონა, რომელსაც შეყვარებულების კასკადი ჰყავდა"

მსახიობისა და ''პალიტრა TV''-ს წამყვანის, კოტე თოლორდავას გარდაცვალებამ არამხოლოდ სამსახიობო წრეებში გამოიწვია შოკი. ნიჭიერი ქართველი მსახიობი მოსკოვში გადაღებებზე იმყოფებოდა და 14 აპრილს თბილისში უნდა დაბრუნებულიყო, სადაც შვილები და ფეხმძიმე მეუღლე ელოდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, 11 აპრილს ის სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. კოტეს საკმაოდ ბევრი გეგმა ჰქონდა, ფილმზე მუშაობის დასრულების შემდეგ, ''პალიტრა TV''-ზე მისი ახალი გასართობი გადაცემა უნდა გასულიყო.

კოტეს მეუღლეს, განო მელითაურს, ამ ძალიან მძიმე დღეებში მისი სამეგობრო და მათი ოჯახები უდგას გვერდით, მათ შორის, ცნობილი მუსიკოსი ციცი ფალავანდიშვილი, რომლის შვილი, ნინი, განოს ბავშვობის მეგობარია. ციცი თავადაც მეგობრობდა კოტესა და მის ოჯახთან და მისთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ამ თემაზე საუბარი.

- იმით მინდა დავიწყო, რომ განო და ნინი ერთად გაიზარდნენ და მათი ურთიერთობა მეგობრობაზე მეტია, ისინი დედმამიშვილებივით არიან. განო არ იყო ის გოგონა, რომელსაც შეყვარებულების კასკადი ჰყავდა. ერთ დღეს ჩვენთან მოვიდა და მითხრა, რომ მის ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი და ამით ძალიან ბედნიერი იყო.

ძალიან ბევრისთვის კოტეს ბაბულიკას იმიჯი ჰქონდა, ცნობილი სერიალის გავლენით, მაგრამ კოტე არანაირი ბაბულიკა არ ყოფილა, ძალიან თბილი, კარგად აღზრდილი გახლდათ. განო ძალიან ამაყობდა იმით, რომ გვერდით ედგა ადამიანი, რომელიც მისი სამეგობროსთვისაც საყრდენი იქნებოდა და ასეც იყო. კოტესთან ძალიან დავმეგობრდი. ჩვენი გოგონების სამეგობროსთვის ის პირველი სიძე იყო. კოტეს ამ მხარეს, რაზეც ახლა გავამახვილებ ყურადღებას, ბევრი არ იცნობდა, მაგრამ ის საოცრად განათლებული გახლდათ, მასთან ნებისმიერ თემაზე შეგეძლო საუბარი, ლიტერატურაზე, კულტურაზე... რამდენი წელია, მას ვიცნობდი, არასდროს არავისთვის უწყენინებია, ალბათ, რამდენჯერ სტკენია გული თავად. ძალიან მადლობელი ვარ მისი, რომ ჩემს ნინიკოს ყოველთვის გვერდში ედგა, რადგან ნინის უფროსი ძმასავით ჰყავდა. გიგისაც, ''მგზავრების'' პირველი კლიპი ''მთვარე'' სწორედ განოსა და კოტეს სტუდიამ, ''გაკო სტუდიამ'' გადაიღო.

განოსა და კოტეს სულ სხვა სიყვარული აკავშირებდათ, ალბათ, იმიტომ, რომ მალე უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ ეს არას-დროს დამთავრდება და იქნება მაგალი- თი, როგორ შეიძლება, ქალსა და მამაკაცს ერთმანეთი უყვარდეთ. განოსთვის ჯერ იყო კოტე და მერე მთელი სამყარო.

- მათი სიყვარულის ამბავი თქვენ თვალწინ დაიწყო და განვითარდა...

- აბსოლუტურად ყველაფერი... ახლა მახსენდება, როგორ არ უნდოდა ''ორ ვარსკვლავში'' მონაწილეობა და ამ ორმა ჩერჩე-ტმა გოგომ, განომ და ნინიმ სთხოვეს, გინდა თუ არა, უნდა მიიღო მონაწილეობაო. კოტე მთხოვდა, გეხვეწები, გადააფიქრებინეო, ბოლოს განოს ხათრით გამოვიდა. ამ ბოლო პერიოდში ფრთაშესხმული იყო, ახალი საქმით აღფრთოვანებული, როდესაც მოსკოვში გადაღებებზე მიიწვიეს. დარწმუნებული ვარ, რომ მან თავისი პოტენციალი ვერ დაგვანახვა, ვერ დაიხარჯა ბოლომდე.

- კოტე, როგორც ახსენეთ, განოს მეგობრებისთვის, ანუ ცოლის დაქალებისთვის, დიდი საყრდენი იყო.

- მართლაც ჩემი ცოლის დაქალები იყო რეალურ ცხოვრებაში. ვაცივით მიუძღოდა ხოლმე გოგონების ჯგროს, ეს უნდა გენახათ. სულ ეკამათებოდა, ეჩხუბებოდა, ეს არ გააკეთოთ და ის არ გააკეთოთო, მათი ძალიან დიდი გულშემატკივარი იყო. ხშირად ვეუბნებოდი, მგონი, შენზე გადაიღეს ეს სერიალი-მეთქი. ძალიან ბედნიერები იყვნენ, ახლა კი ვეღარ ვუყურებ ჩემს ნინიკოს, მის მეგობრებს. ნინიმ ესემესი მომწერა, დედა, დავიღუპეთ, კოტე აღარ არის და განოს როგორ უნდა ვუთხრაო... ერთად იყვნენ იმ დღეს. ღმერთმა გააძლიეროს განო. მე აღარ ვვარგივარ და განოს ემოციებზე რაღა უნდა ვთქვა?.. ერთის თქმა შემიძლია, ღმერთს ძალიან ჰყვარებია კოტე, ასეთ დღეებში რომ წაიყვანა.

განაგრძეთ კითხვა

ფოტო|funtime.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება