ნინო მაჩაიძე: ''სცენაზე ნახევრად შიშველს შემომთავაზეს გამოსვლა, რაზეც უარი ვთქვი''

ნინო მაჩაიძე: ''სცენაზე ნახევრად შიშველს შემომთავაზეს გამოსვლა, რაზეც უარი ვთქვი''

ნინო მაჩაიძემ 30 წლის ასაკისთვის არნახულ წარმატებას მიაღწია საოპერო სივრცეში. 2008 წლიდან, 21 წლისა, ''ლა სკალას'' სცენაზე დადგა და მას შემდეგ კონცერტებითა და ცნობილი არიებით მსოფლიო მოიარა. უკვე მრავალჯერ აღიარეს ერთ-ერთ საუკეთესო სოპრანოდ და მსოფლიოს ლამაზმანი საოპერო მომღერლების ათეულში პირველი ადგილი დაიკავა.

ნინო ასევე ოპერის მომღერალ მეუღლესთან, გუიდო ლოკონსოლოსა და შვილთან, ალესანდროსთან ერთად მილანში ცხოვრობს, თუმცა როგორც თავად ამბობს, გადატვირთული გრაფიკის გამო, რომელიც 2016 წლამდე უკვე დაგეგმილი აქვს, მუდმივად ჰაერში უწევს ყოფნა, თან ალესანდროსაც დაატარებს.

- როგორც იქნა, თბილისში ხართ. კონცერტისთვის ჩამოფრინდით, თუმცა აქ არ უნდა ყოფილიყავით…

- მართლაც ასეა. ბედნიერი ვარ, რომ ძალიან დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ კონსერვატორიაში ვიმღერე ფესტივალ ''აღდგომიდან ამაღლებამდე'' პროგრამის ფარგლებში. ეს საქველმოქმედო კონცერტი გახლდათ. სხვათა შორის, სამი კვირა უნდა ვყოფილიყავი დაკავებული ერთ-ერთ სულელურ დადგმაში, რომელში მონაწილეობაც არ ვისურვე. მთავაზობდნენ ჩაცმის არაადეკვატურ სტილს, ფაქტობრივად, ნახევრად შიშველი უნდა გავსულიყავი სცენაზე, ძალიან მოკლე პერანგში. კარიერა ასეთ წვრილმანებზე არ ამიწყვია, ასე რომ, ასეთ შემოთავაზებებზე ყოველთვის უარს ვამბობ. თანამედროვე ოპერა მიდრეკილია ამ გზებისკენ. როცა ხედავენ, რომ კარგ ფორმაში ხარ, გთავაზობენ, შეიძლება, ქვედაბოლო დავამოკლოთ? ჩემი პასუხია - არავითარ შემთხვევაში. მინდა, მაყურებელი ჩემს მოსასმენად მოვიდეს, თუმცა ძალიან ბევრმა სოპრანომ კარიერა ასე ააწყო, მე არავის ვაკრიტიკებ, ყველას საკუთარი გზა აქვს, თუმცა მე მაყურებელს ჩემი გარეგნობით არ ვიზიდავ.

- ხომ არ აპირებთ პაატა ბურჭულაძის, ნინო სურგულაძის მსგავსად, საკუთარი საქველმოქმედო ფონდი დააარსოთ?

- რასაკვირველია, ეს არაჩვეულებრივი წამოწყებებია და მივესალმები, რასაც აკეთებენ ბატონი პაატა, ნინო და სხვა კოლეგები. მე ჯერ არ მიფიქრია ფონდის ჩამოყალიბებაზე, რადგან მივიჩნევ, რომ ამას დიდი დრო სჭირდება, რაც ნამდვილად არ მაქვს. არ მინდა, მხოლოდ დავაარსო და ვიღაცას მივაბარო. ბატონი პაატა, ნინო, თამარ ივერი ამას ახერხებენ და ყოჩაღ მათ. მეც ვიფიქრებ ახლო მომავალში ამ თემაზე.

- ამას წინათ წავიკითხე, რომ მსოფლიოს საუკეთესო სოპრანოთა ათეულში დაგასახელეს.

- გამოკითხვები მუდმივად იმართება, შედეგებს ხშირად მეც მედიის საშუალებით ვიგებ. რა თქმა უნდა, ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა. ინტერნეტით არ გამიგია და კონკურსის დირექტორმა პირადად დამირეკა, როდესაც შარშან ესპანეთში წლის საუკეთესო სოპრანოდ დამასახელეს. სეზონის განმავლობაში იქ 900-მდე სოპრანო იყო დაკავებული და მათ შორის 15-კაციანმა პროფესიონალურმა ჟიურიმ, რომელიც თეატრის დირექტორებით დაკომპლექტდა, მე დამასახელა. ნამღერი მქონდა ბარსელონასა და მადრიდში. ერთი დღე მქონდა თავისუფალი და სიამოვნებით ჩავფრინდი დაჯილდოების ცერემონიაზე (იღიმის), გაიმართა კონცერტი. ორი წლის წინ გამოკითხვაში მესამე ადგილზე გავედი ანა ნეტრებკოსა და ანჯელა გეორგიუს შემდეგ. ანა ჩემზე 11 წლით, ანჯელა კი - 20 წლით უფროსია. შარშან 30 წლის გახლდით და სამეულში შევედი. წლევანდელი გამოკითხვით ადგილები არ განაწილებულა, ათეული შედგა (იღიმის).

- ასევე დაგასახელეს მსოფლიოს ყველაზე ლამაზ საოპერო მომღერლად.

- დიახ, ამ გამოკითხვაში პირველი ადგილი დავიკავე (იღიმის). როგორ შეიძლება, არ გესიამოვნოს ეს ტიტული?

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება