"საერთოდ ვეღარ ვიმოძრავებ... რომ მოვმკვდარიყავი, ხომ ატყდებოდა, ამბავი?!" - რამ გაანაწყენა მამუკა ჩარკვიანი და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

"საერთოდ ვეღარ ვიმოძრავებ... რომ მოვმკვდარიყავი, ხომ ატყდებოდა, ამბავი?!" - რამ გაანაწყენა მამუკა ჩარკვიანი და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

რამდენიმე დღის წინ მამუკა ჩარკვიანის ემოციური მიმართვა გავრცელდა, სადაც მუსიკოსი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებდა.

როგორც ის წერილში ამბობს, ჩვენში მკვდარი პოეტები და კომპოზიტორები უყვართ, სიცოცხლეში მათ არავინ აფასებს. "ამბები.გე" მამუკა ჩარკვიანს დაუკავშირდა.

- იმ ცნობილ მიმართვაში აღნიშნავდით, რომ დიდი ხანია, რაც ავად ხართ და წევხართ. კონკრეტულად, რა არის ამის მიზეზი და რამ გამოიწვია ეს?

- ამის მიზეზი ის არის, რომ ოპერაცია გავიკეთე ხერხემალზე და იმის მერე ლოგინად ჩავვარდი.

- ვერ გაკეთდა ოპერაცია კარგად?

- საერთოდ, ნაავარიევი ვარ და ამის გამო, მანამდე ფეხის ოპერაცია დამჭირდა, რაც ცუდად გამიკეთდა, რის გამოც ვკოჭლობდი - ფეხის ტერფიც მობრუნებული მქონდა. მოკლედ, იმ ფეხიდან შეიჭრა რაღაცა ბაცილა და "დაარტყა" ხერხემალს და ხერხემლის ოპერაცია გარდაუვალი ამიტომ გახდა. იმის შემდეგ წელიწად-ნახევარი ვიწექი, რასაც მცირე ხნით ფეხზე წამოდგომაც მოჰყვა, მაგრამ მითხრეს, რომ არ გაიკეთო ოპერაცია, კიდევ შეიჭრება რაღაც ბაცილაო. ავდექი და დავთანხმდი, რამაც უკვე ტერფიც დააზიანა. მოკლედ, ვითომ ხომ საღი ფეხი იყო, მაგრამ იქ ნერვზე მოხდა დარტყმა, ტერფი მოწყდა და გაითიშა...

მოკლედ, წელიწად-ნახვერის განმავლობაში ამდენი ოპერაცია გადავიტანე. მერე რომ გადავხედე ამ ყველაფერს, ვთქვი: მარტო რომ ვყოფილიყავი, ალბათ მოვკვდებოდი-მეთქი, მაგრამ ახლობლები, მეგობრები, ოჯახი, მშობლები, ჩემი და - თაკო გვერდით მედგა. რომ არა ისინი, მართლა მოვკვდებოდი, მათი წყალობით გადავრჩი.

- იმ პერიოდში ხელისუფებიდან ე.ი. არავის მოუკითხიხართ?

- არა, და ეს იყო, რამაც გამაბრაზა, რამაც ის მათქმევინა, რაც ვთქვი... არადა, რა იყო ერთი სატელეფონო ზარი, ვიღაცას რომ დაერეკა? არავის ვავალდებულებ, მაგრამ ეს უყურადღებობაა.

აბა, მოვმკვდარიყავი, ხომ ატყდებოდა, ამბავი. ეს მაღიზიანებს სწორედ. გაიხსენეთ გოდერძი ჩოხელი და კიდევ ბევრი სხვა... მოკლედ, ვთქვი, თან, არაფერი ახალი და მოხვდათ გულზე, ვისაც მოხდა. ვიმეორებ, არავის არაფერში ვავალდებულებ. არადა, რომ ჰკითხო, ვარსკვლავი ვარ... ერი დეგრადაციისკენ მიდის.

ოპერაციებისთვის თანხა ხომ არ მომითხოვია?! მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფერში უზარმაზარი თანხები დაიხარჯა...

- გასაგებია, გული გულგრილობასა და უყურადღებობაზე დაგწყდათ... მიუხედავად იმისა, რომ ასე იავადმყოფეთ და ახლა ეტლით მოსარგებლეც ხართ, თქვენი ბოლო ნამუშევარი მოვისმინე და როგორც ყოველთვის, მომეწონა.

- "დაბრუნდი, ჩემო სიყმაწვილევ", ახლა ავადმყოფობის პერიოდში შევქმენი... დიდი მადლობა, რომ მოგეწონათ.

- ეს უკვე ის შინაგანი მუხტი, ენეგრიაა, რაც აცოცხლებს ადამიანს... მთავარია, რომ ეს არ დაიკარგოს...

- ახლა მეგობარი მადგას თავზე და მეუბნება, რომ რაღაც არ მომწონხარო. ვერ ვარ-მეთქი კარგად, - ვუთხარი, თან, ცოტა დეპრესიული მდგომარეობაც მაქვს. შინაგანად კი ვცდილობ, რომ არ გავტყდე, მაგრამ როგორც ჩანს, ბოლომდე მტკიცე ვერ ხარ ადამიანი.

არ მინდოდა, ჩემს მიმართვაში ძალიან რადიკალური ვყოფილიყავი, მსურდა, მშვიდად მეთქვა სათქმელი... მიხედონ ქვეყანას და ხალხს. ოდნავ მაინც მიხედონ.

- ექიმები ახლა რას გეუბნებიან?

- როგორც გვინდოდა, ისე არ ხორცდებაო. 10 დღეში ფეხს თაბაშირში ჩამისვამენ, აქამდე რკინები მქონდა ძვალში გაყრილი. ამოიღეს, იმის მეტი გაჩერება აღარ შეიძლებოდა და ნახეს, რომ რაღაც ადგილი შეუხორცებელია. როგორც ჩანს, ასაკი თავისას შვრება. მოკლედ, ასეთ მდგომარეობაში ვარ და ის მომენტიც მკლავს, რომ ფეხი 3 თვე კიდევ თაბაშირში უნდა ჩამისვან. რაც იმას ნიშნავს, რომ და საერთოდ ვეღარ ვიმოძრავებ. ისედაც მოდუნებული კუნთები სულ მომიდუნდება.

ამ დღეებში გარდაბნიდან დამირეკეს და 26 მაისის კონცერტზე მიმიწვიეს. თუ ჩამოხვალთ, გაგვიხარდებაო. ვუთხარი, ასეთ მდგომარეობაში ვარ-მეთქი. არა უშავს, ბატონო მამუკა, სკამზე დაგსვამთ და ისე იმღერეთო. სხვა ვარიანტი არ მაქვს, უნდა წავიდე, რომ ჩემი ჰონორარით, ოჯახს რაღაცაში მაინც დავეხმარო.

აი, ეს არის ის, რაც მაწუხებს.

ლალი ფაცია

ვიდეო: მძიმედ ავადმყოფი მამუკა ჩარკვიანის სევდიანი სიმღერა

"დაკანონებულია" - ახალდაქორწინებული მარიკა თხელიძე გულშემატკივრებს ქორწინების ამსახველ ფოტოს უზიარებს

"მოუსმინეთ საკუთარ თავს, რა გაბედნიერებთ" - დავით კაჭარავა და ქეთი ხატიაშვილი კვლავ ერთად არიან: წყვილის ახალი ფოტო

"რა გგონიათ, ჰეითერებო, დედის ყურს ვერ გაგინებთ?" - თორნიკე ყიფიანის ახალი სკანდალური მიმართვა კრიტიკოსებს