პოპულარული ფილმები, რომლებიც ჟურნალ-გაზეთების სტატიების მიხედვით გადაიღეს

პოპულარული ფილმები, რომლებიც ჟურნალ-გაზეთების სტატიების მიხედვით გადაიღეს

ჰოლივუდს მხატვრულ ლიტერატურასთან ხანგრძლივი და მჭიდრო რომანტიკული ურთიერთობა აკავშირებს - იქნება ეს მოთხრობები, პიესები, გრაფიკული ნოველები თუ პოემები. მაგრამ ინსპირაციისთვის მედიისთვისაც არაერთხელ მიუმართავთ სცენარისტებს და რეჟისორებს. დღეს წარმოგიდგენთ იმ პოპულარულ ფილმებს, რომლებიც ჟურნალ-გაზეთების ფურცლებიდან გაცოცხლდა კინოფირზე.

Argo (არგო)

ერთ დღეს მეთ დეიმონი და ბენ აფლეკი სკაიპში საუბრობდნენ და დეიმონმა ლინკი ჩაუგდო ბენს, ნახე, რა საინტერესო სტატია წავიკითხეო. ბენმა ლინკს დააკლიკა და ჟურნალი wired გახსნა. სტატიას ერქვა “როგორ შექმნა ”სიაიეიმ” ყალბი სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმი იმისთვის, რომ თეირანიდან ამერიკელები გამოეყვანა. საბოლოოდ ამ ისტორიის მიხედვით გადაიღეს ფილმი “არგო”, რომელმაც 2012 წელს “ოსკარიც” აიღო საუკეთესო ფილმის კატეგორიაში და აფლეკმაც ყველას დაგვანახა, რომ გაცილებით კარგი რეჟისორია, ვიდრე მსახიობი.

Saturday night fever (შაბათი ღამის ციებ-ცხელება)

გაქვთ ნანახი 70-იანების საკულტო ამერიკული ფილმი “შაბათი ღამის ციებ-ცხელება”? თუ არა, ის სცენა მაინც გეცოდინებათ, თეთრ შარვალ-კოსტუმში და გადაღეღილი პერანგით ახალგაზრდა ჯონ ტრავოლტა ”ბი ჯისის” დისკო ტრეკებზე რომ ცეკვავს ღამის კლუბში. ეს ფილმი 1976 წელს ”ნიუ იორკ მეგეზინში” გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით არის გადაღებული. მოგვიანებით სტატიის ავტორმა აღიარა, ყველაფერი, რაც მეწერა ტყუილიაო, ახალი ჩამოსული ვიყავი ნიუ-იორკში და ფული მჭირდებოდა. ჰოდა, საინტერესო ისტორია მოვიფიქრე, რომელიც მაშინდელი ახალგაზრდობის მისწრაფებებს აღწერდაო. როგორც ჩანს, ხანდახან შეთხზული სტატიები კულტურულ ძეგლებად შეიძლება იქცნენ.

A nightmare on elm street (კოშმარები ელმის ქუჩაზე)

შალის ჯემპრი წითელი და მწვანე ზოლებით, შავი ტყავის ქუდი და ხელთათმანი, რომელზეც ოთხი ბასრი დანაა დამაგრებული. მიხვდით ხომ? რა თქმა უნდა, საშინელებათა ჟანრის კოლორიტულ პერსონაჟ ფრედი კრუგერზეა საუბარი. მაგრამ ალბათ იკითხავთ, როგორ მოხვდა ზებუნებრივი მკვლელის ისტორია ბეჭდვით მედიაში. აი, საქმე რაშია: რეჟისორმა უეს კრეივენმა 70-იანების დასაწყისში ”ლოს ანჯელეს თაიმსში” წაიკითხა სტატია კამბოჯელი ტყვეების შესახებ, რომლებიც გათავისუფლების და სახლში დაბრუნების შემდეგ ძლიერი კოშმარებით იტანჯებოდნენ და ყველა საშუალებით ცდილობდნენ არ ჩაძინებოდათ. რამდენიმე მათგანი ბოლოს გარდაიცვალა. კრეივენმა ერთ-ერთ ინტრევიუში მოყვა, ეს რომ წავიკითხე, იმდენი ხანი ვერ ამოვიგდე ისტორია თავიდან, რომ ბოლოს ფრედი კრუგერის შექმნის იდეა გამიჩნდა და ფილმიც გადავიღეო.

Boogie nights (ბუგის ღამეები)

რეჟისორი პოლ ტომას ანდერსონი პორნოგრაფიას, როგორც ხელოვნების სფეროს, ისე უყურებს და სიღრმისეული ანალიზით უდგება მათ. პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი პორნოვარსკვლავ დირკ დიგლერზე გადაიღო 16 წლის ასაკში. 1997 წელს ისევ დაუბრუნდა მის პერსონაჟს და გენიალური ”ბუგის ღამეები” შექმნა. თუმცა დამხმარე პერსონაჟები ”როლინგ სტოუნზის” სტატიის - “ეშმაკი და ჯონ ჰოლმსის” წაკითხვის შემდეგ მოაფიქრდა. სტატიაში პალესტინელი განგსტერის პორნოინდუსტრიაში მუშაობის კრიმინალური ფაქტები იყო აღწერილი. ამ სტატიის დამსახურებით შეიქმნა ალფრედ მოლინას ფსიქოპატური პერსონაჟი, ვერცხლისფერი ხალათით და რევოლვერით ხელში.

Fast and furious (ფორსაჟი)

”რბოლის ნახევარი ფსიქოლოგიაა და ის მენტალურად მზადაა. აუცილებლად იპოვის გზას, რომ დაგამარცხოს, მიუხედავად იმისა, რომ შენზე დაბალსიჩქარიან მანქანას ატარებს” - ასე იწყება სტატია ჟურნალ ”ვაიბში” სახელწოდებით - "მრბოლელი იქსი", რომლის მიხედვითაც სუპერპოპულარული ფრენჩაიზი ”ფორსაჟი” არის გადაღებული. სტატია მრბოლელ რაფაელ სანჩესზე ყვება, რომლის პროტოტიპიც ვინ დიზელმა გააცოცხლა ეკრანებზე დომინიკ ტორეტოს სახით. პირველი სერია მთლიანად სტატიას ეყრდნობა, დანარჩენი შვიდი კი უკვე სცენარისტების ფანტაზიის ნაყოფია.

Fear and loathing in las vegas (შიში და სიძულვილი ლას ვეგასში)

”სადღაც ბრასტოვის შორიახლოს ვიყავით, უდაბნოს განაპირას, როდესაც ნარკოტიკმა მოიტანა...” - ასე იწყება ტერი გილიამის ფილმი შიში და სიძულვილი ლას ვეგასში და ასევე იწყებოდა 1971 წელს ჟურნალ ”როლინგ სტოუნზში” ჰანტერ ეს ტომფსონის ეპიკური სტატია ”შიში და სიძულვილი ლას ვეგასში: ველური მოგზაურობა ამერიკული ოცნების გულში”. ამ ფსიქოდელურ საოცრებაში ჯონი დეპი თავად ტომფსონის როლს თამაშობს, ბენისიო დელ ტორო კი ტომფსონის ადვოკატ ოსკარ ზეტა აკოსტას. დასაწყისში რომ პტეროდაქტილების ჰალუცინაცია აქვთ, ეს გილიამის ფანტაზიის ნაყოფი არ არის. ტომფსონი სტატიაში თავად აღწერს, რომ ასეთი უცნაური ხილვები ჰქონდა ნარკოტიკული თრობის დროს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება