"ლამის ევროპას დავუწვეთ, მაგრამ არ ვუნდივართ" - როგორ აფასებენ "ევროვიზიის" შედეგებს ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები

"ლამის ევროპას დავუწვეთ, მაგრამ არ ვუნდივართ" - როგორ აფასებენ "ევროვიზიის" შედეგებს ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები

"ევროვიზიის" კონკურსი შვედეთის გამარჯვებით დასრულდა. წელს საქართველო კონკურსზე ნინა სუბლატმა წარადგინა, სხვადასხვა რეიტინგების და წინასწარი მონაცემების მიხედვით, გულშემატკივარს იმედი ჰქონდა, რომ საქართველო კონკურსზე ხუთეულში მაინც მოხვდებოდა, თუმცა, "ევროვიზია" ამჯერადაც არაპროგნოზირებადი აღმოჩნდა.

პროდუსერ ნატო დუმბაძისთვის გაუგებარია, რატომ მისცა ევროპამ ხმების უმრავლესობა რუსეთს, რომელსაც ყოველდღე სხვადასხვა სანქციებით ემუქრება.

- რა მოხდა ვერ გეტყვით. მთელი ღამე ვფიქრობდი. მითუმეტეს, როცა მთელი ევროპა უპირისპირდება რუსეთს, შოკირებული ვიყავი როცა ამ მიმართულებით ვფიქრობდი. ამით რა ქნა ევროპამ არ ვიცი. ასეთ მაღალ დონეზე გამიჯნეს პოლიტიკა და კულტურა და მაინცდამაინც ჩვენზე გადატყდა? (იცინის). პოლიტიკურად თუ ვიმსჯელებთ, ბევრად უფრო უნდა დაგვდგომოდა გვერდით ევროპა, ხვალ თუ არა ზეგ უვიზო მიმოსვლას გვაძლევენ. მე საერთოდ ევროპის კანონების, სანქციების და პოლიტიკის არ მესმის, მაშინ უნდა მოეხადათ რუსეთის წინაშე ბოდიში სანქციები, რომ დაუწესეს.

ლამის ევროპას დავუწვეთ, მაგრამ არ ვუნდივართ ბატონო. არ გვინდა მათი ვიზა, ტურისტული ვიზებით წავალთ. პროდუსერი ნინა სუბლატის შესაძლებლობებით მოხიბლულია და თვლის, რომ ის "ევროვიზიის" კონკურსანტებში ყველაზე გამორჩეული იყო.

- მგონი ყველაზე გამრჩეული იყო ნინა სუბლატი წლევანდელ მონაწილეებსა და საქართველოდან წასულ კონკურსანტებს შორის. ველოდი ხუთეულში მაინც მოხვდებოდა. მეტ ქულებს ველოდებოდი საქართველოს მხარეს. რა არ მოეწონათ? გამოკითხვებით, რეპეტიციებით და პრესკონფერენციებით, თითქოს პირველ სამეულში ვტრიალებდით. ძალიან დამწყდა გული, ნინა განსხვავებული იყო, ყველაფერი შეძლო, ბრავო მას. ჩემთვის ნინა არის ის პროდუქტი, რომელიც ევროპაში საუკეთესო ადგილზე უნდა გასულიყო. მაგრამ ეს არის თვალთმაქცი ევროპა, თვალთმაქცობა, უნდა ეწყინოს ევროპას. მეორე ფაქტორი არის ის, რომ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებთან კარგი პიარ-კამპანიის ჩატარება იყო საჭირო, ემიგრანეტბსაც არ ჰქონდათ ინფორმაცია. მილიონი ადამიანია გასული ქვეყნიდან. ევროპელი საქართველოსთვის თავს არ მოიკლავს.

მომღერალი მარიკო ებრალიძე კონკურსის ასეთი შედეგებით დასრულებას არ ელოდა. შეგახსენებთ, რომ მარიკომ ჯგუფ "შინთან" ერთად შარშან თავადაც წარადგინა საქართველო კონკურსზე, თუმცა საუკეთესოებში ვერ მოხვდა. ებრალიძე თვლის, რომ პოლიტიკას ევროვიზიის კონკურსთან არანაირი კავშირი არ აქვს.

- ვერ ვხვდები რა შუაშია პოლიტიკა, რადგან არამეზობელი ქვეყნები აძლევდნენ რუსეთს ხმას. პირველი ადგილის მფლობელი საკმაოდ მომხიბვლელი შვედი ახალგაზრდა გახდა. სულ რაღაც ორი წლის წინ იყო შვედეთი გამარჯვებული და ისევ მათ გამარჯვებას არ ველოდებოდით, ვფიქრობდი ავსტრალია გაიმარჯვებდა, რადგან პირველად გადიოდა კონკურსზე, მაგრამ ლადო ტატიშვილის და თამუნა მუსერიძის ვერსიები გამართლდა. ჩვენ რა თქმა უნდა გამარჯვება გვინდოდა. ნინას გამოსვლა განსხვავებული იყო, ზუსტად ისეთი როგორიც სჭირდება ევროვიზიას. რატომღაც მეგონა ხუთეულში მაინც მოვხვდებოდით, მაგრამ... თუმცა თუ გადავხედავთ სად აღმოჩნდა გერმანია, საფრანგეთი და სხვა მოწინავე ქვეყნები, მეთერთმეტე ადგილი საკმაოდ დიდი წარმატებაა საქართველოსთვის.

ამერიკიდან გულშემატკივრობდა თანამემამულეს მომღერალი ნინი შერმადინი.

- სამწუხაროდ ვერ ვადევნებდი თვალყურს "ევროვიზიას" დროის სხვაობის და ჩემი გრაფიკის გამო. მაგრამ ნინას გამოსვლა მოგვიანებით ვნახე. მე ყოველთვის ვგულშემატკივრობდი და ძალიან მომწონს ნინას სასცენო მონაცემები, არტისტული, ნიჭიერი გოგონაა. მან ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო და ღირსეულად წარადგინა საკუთარი ქვეყანა. ვულოცავ გამარჯვებას! აუცილებელი არაა 1 ადგილი აიღო რომ გამარჯვებული იყო. რაც შეეხება ევროვიზიის კონკურსს, ძალიან არაპროგნოზირებადი კონკურსია, მე ვფიქრობ უფრო პოლიტიკური თამაშია, ვიდრე მუსიკალური. ეს ჩემი აზრია, აქამდეც ძალიან მაგარი კონკურსანტები გვყავდა წარდგენილი, მაგრამ სამწუხაროდ ევროპას ვერ მოვაწონეთ თავი, არაუშავს ნინას ვუსურვებ დიდ წარმატებებს რაც აუცილებლად წინ ელის!

სოფო ხალვაში პირველი ქართველი მომღერალი იყო, რომელმაც ევროვიზიაზე მიიღო მონაწილეობა. კრიტიკოსების და ჟურნალისტების დიდი მოწონება დაიმსახურა, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ მე-12 ადგილზე გავიდა. - ნინას გამოსვლა იყო ფანტასტიური, საქართველოს ღირსეული წარმომადგენლები ჰყავდა ევროვიზიაზე, მაგრამ ასეთი გამოსვლა ჩვენ ამ კონკურსზე არ გვქონია. ყველაფერი შერწყმული იყო, ნომერი, ვიზუალი, სიმღერა, ფონი... კარგი ნამუშევარი იყო. ბრავო მთელ გუნდს. წელს ძალიან კარგი ევროვიზია იყო, პირველ ადგილზეც ღირსეული მომღერალი გავიდა. პროგნოზებს რაც შეეეხება, იქ კრიტიკოსები არიან სხვადასხვა ტელევიზიებიდან, ჟურნალებიდან და ისინი ნინას სამეულში მოიაზრებდნენ. ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც, მაგრამ მეთორმეტე ადგილზე მოვხვდი. აქედან გამომდინარე წინასწარი პროგნოზი არასდროს არ ამართლებს.

ეს არის პოლიტიკური კონკურსი. ქვეყნები აძლევენ ერთმანეთს ხმას. ძალიან გამახარა პრემიერ-მინისტრის განცხადებამ, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველო მზად იყო ევროვიზიის მისაღებად. ამ ყველაფერზე ცოტა ადრე უნდა დაიწყოს მუშაობა ქვეყანამ, ამის ნათელი მაგალითია ბაქო, არ ჰქონდა გადასარევი ნომერი მათ წარმომადგენელს, მაგრამ ქვეყანამ ბევრი იმუშავა იმაზე, რომ მათთან გაკეთებულიყო ევროვიზია და მოახერხეს კიდეც ეს. თუ უნდა საქართველოს აქ ჩატარდეს ევროვიზია, ამაზე დიდი ხნით ადრე უნდა დაიწყოს მუშაობა. ბაქომ გამჭირვალედ იმუშავა, ყველამ იცოდა რა თანხა ჩადო ევროვიზიაში და ათმაგად ამოიღო ის ხარჯები, როცა მის ქვეყანაში ჩატარდა "ევროვიზია".

AMBEBI.GE

თამარ ბოჭორიშვილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება