"იმ გოგოს ჩემს სასამართლოზე ცრემლი სდიოდა" - საჩხერელი რეპერის აღსარება

"იმ გოგოს ჩემს სასამართლოზე ცრემლი სდიოდა" - საჩხერელი რეპერის აღსარება

"დღევანდელი ცხოვრება - ქაოსი და მარაზმი, ვანდალიზმის ზეიმი, ცინიზმი და სარკაზმი, გენიოსის ქონება რჩება უკვე ზღაპრებში, ადამიანს აღარ უჩქეფს თბილი სისხლი ძარღვებში, -  ეს ერთ-ერთ რეპკომპოზიციის ტექსტია, რომლის ავტორიც საჩხერელი ქველაა, იგივე გიორგი ქველაძე. შემთხვევით, ინტერნეტში აღმოვაჩინე. ქველა იქვე ასეთ ტექსტს აგრძელებს - "დღევანდელი რეალობა, გარყვნილების დილემა... ბევრს წესიერ ცხოვრებაზე დაემართა ფობია... "

ვისთვის როგორ და ჩემთვის ეს კაცი სრულიად უცნობი რეპერი აღმოჩნდა და მასთან გასაუბრება გადავწყვიტე.

- ვარ საჩხერიდან, 28 წლის, პროფესიით მხატვარი, ვწერ ლექსებს, რომანებს და მოთხრობებს. რეპით დიდი ხანია, დაინტერესებული ვარ. ამ ჟანრში თავისუფლებამ მომხიბლა. სათქმელს მუსიკით ვამბობ, რადგანაც ამ ფორმით შედარებით ადვილია ჩემი ნაფიქრის საზოგადოების ყურამდე მიტანა. მოკლედ, რეპის კეთება მსიამოვნებს.

- რეპკომპოზიციების გარდა, სხვა ჟანრის სიმღერებსაც ასრულებ?

- სიმღერაც, რა თქმა უნდა, შემიძლია, მაქვს არენბის ჟანრში ჩაწერილი ნამუშევრები, მაგრამ სტუდია არ მაქვს, ამიტომ რეპი შედარებით ადვილად კეთდება, თან, ყველაფერს თვითონ ვაკეთებ. ჩემით ვისწავლე პროგრამა და რაც შევძელი, აპარატურა გამოვიწერე... ისე, 2007 წელს პოლიტიკაშიც ვიყავი, ახალგაზრდულ მოძრაობაში, განცხადებებიც მაქვს აქციებზე გაკეთებული. ტრანსფარანტებით გამოვსულვარ, მაგრამ 2010 წელს დამიჭირეს და პოლიტიკაც გამიხსენეს. 3 წელი, სამი თვე და 4 დღე ვიჯექი.

- რატომ დაგიჭირეს და რამდენი გქონდა მისჯილი?

- 5 წელი მომისაჯეს. ჯერ საერთო ამნისტიამ მომაკლო ვადა და მერე საპატრიარქოს შეწყალებით, 2013 წლის მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოვედი.

ყაჩაღობის მუხლით გამასამართლეს. იმ პერიოდში არეული ვიყავი. ვსვამდი, 20 წლისას მშობლებმა მითხრეს, რომ აყვანილი ვიყავი და მერე უფრო მომინდა წარმატების მიღწევა, მაგრამ არ გამოდიოდა. სასმელში შვებას ვპოულობდი. ერთხელაც, ღამით ფათიაქში ნასვამი შევედი. ფული მოვითხოვე, 40 ლარი მომცეს (რაც უნდა, დაუჯერებელი იყოს), 20 უკან დავაბრუნე, მაგრამ ეს არ დაფიქსირდა. ახლა ამით ჩემს რეაბილიტირებას არ ვცდილობ, უბრალოდ, გასაწირი არ ვიყავი და საქმე დამიმძიმეს.

- აფთიაქში ფული ვის მოსთხოვე?

- 20 ლარი დაცვას მოვთხოვე. გამყიდველმა 40 ლარი მომცა, მაგრამ ხომ ვამბობ, 20 უკან დავუბრუნე... მერე მახსოვს, იმ გოგოს ჩემს სასამართლოზე ცრემლი სდიოდა, მაგრამ ისეთი პერიოდი იყო, სიმართლეს ვერ იტყოდა.

- ახლა რა სიტუაციაა?

- ისეთი მდგომარეობა არა მგონია იყოს, როგორც მიშას დროს იყო, თუმცა არც ეს მთავრობა ვარგა ხალხისთვის.

- კარგი, დავუბრუნდეთ რეპს, რითაც გინდა, რომ ხალხს თავი გააცნო... პირველი რეპკომპოზიცია როდის გააკეთე?

- ალბათ, 8 წლის წინ ჩავწერე და მაშინ გავიცანი შავი პრინციც...

- ე.ი. ქართველ რეპერებს იცნობ და შენთის, მარტო არ ხარ?

- ვიცნობ ბედინას, მანიფესტს, ალის და ა.შ. განვიცდი იმას, რომ არ მაქვს ჩემი სტუდია, რომ მუშაობის მეტი საშუალება მქონდეს.

- ბაზარზე ძნელია თავის დამკვიდრება...

- კი, მედია ძირითადად დიდი დოზით სკანდალს, სიშიშვლეს და მარაზმს აშუქებს...

დიდი ხანია ახალგაზრდულ მოძრაობაზე ვფიქრობ და გვერდიც მაქვს "ფეისბუქზე". არ ვიცი, გრანტი როგორ მოვიპოვო, არც ინგლისური ვიცი და თუ ვინმე დამეხმარება, კარგი იქნება.

ეს მოძრაობა დაიცავს და პრომოაქციებს მოაწყობს (ანტინარკოტიკულ, ანტიალკოჰოლურ, ანტინიკოტინურს). ერთი საინტერესო აქციის ჩატარებაც მინდა ბუნების დაცვაზე, რომელიც აქ იმ ფორმით არასდროს გამართულა…

ამ მოძრაობას ''მომავლისათვის'' ჰქვია და ყველაფერს გააკეთებს, რაც მომავალ თაობას შეეხება, - დახმარება, დაცვა, ზრუნვა... ცუდი ნამდვილად არავისთვის მინდა.

- ბიძინა ივანიშვილი შენი კუთხის კაცია და მასაც ჰყავს რეპერი შვილი – ბერა. როგორ აფასებ ამ მამა-შვილს? მოგწონს ისინი?

- ნამდვილად ვერ ვიტყვი ცუდს. ნიჭიერი ბიჭია და რა თქმა უნდა, სტუდიაც უწყობს ხელს, სტაფიც ჰყავს, რომ ხარისხიანი შექმნას. უამრავი ადამიანი მუშაობს მის ერთ სიმღერაზე...

არც ბიძინაზე ვფიქრობ ცუდს, მაგრამ სამწუხაროდ, თავის იმიჯს იმ გუნდით იმსხვრევს, ვინც მთავრობაშია. აგრესია კიდევ უფრო გაიზრდება იმის გამო, რაც დღესდღეობით ხდება ქვეყანაში.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება