"X ფაქტორის" თვითკრიტიკული კონკურსანტი საკუთარ ცხოვრებასა და მომენტზე, როდესაც მაყურებელი აატირა

"X ფაქტორის" თვითკრიტიკული კონკურსანტი საკუთარ ცხოვრებასა და მომენტზე, როდესაც მაყურებელი აატირა

სოფო ბათილაშვილი მეგაშოუ "X ფაქტორის" კონკურსანტია, მორიგ ტურზე საკმაოდ კარგად წარმოაჩინა თავი, ჟიურის დადებითი შეფასება დაიმსახურა და ცხადია, დარჩა კიდეც კონკურსში. მოდით, ახლოს გავიცნოთ ეს ნიჭიერი გოგონა, რომელიც, როგორც მასთან საუბრისას გავარკვიე, საკმაოდ თვითკრიტიკულია...

- ჩემი ბოლო ნომრით მაინცდამაინც კმაყოფილი არ ვარ იმიტომ, რომ რაღაცების უკეთ შესრულება შემეძლო.

- ვითომ იმაზე უკეთ? ხალხს თვალებზე ცრემლი მოადგა.

- ძალიან მიხარია, რომ ასე მაფასებთ, მაგრამ როცა გადაცემა გადავახვიე და ჩემი გამოსვლა ვნახე, ვიგრძენი, რაღაც-რაღაცები ისე არ იყო, რომ უნდა ყოფილიყო. თუმცა ზოგადად თუ ვიმსჯელებთ, არცთუ უკმაყოფილო დავრჩი...

- კარგია, როცა საკუთარ თავში მუდმივად ნაკლს ეძებ. ეს შემოქმედებითად გაზრდაში დაგეხმარება... რას ელოდები პროექტისგან. პრინციპში, ძლიერი კონკურენტები კი გყავს. გაარღვევ ამ ტალღას?

- კონკურენცია დიდია, მაგრამ კონკურსანტები ერთმანეთთან მეგობრულად ვართ განწყობილი და კონკურენციას ვერც კი ვგრძნობთ. მე იმას ვფიქრობ, რომ ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო და არავის ვეჯიბრები...

მართალია, საბოლოოდ ერთმანეთს კი ვეჯიბრებით, მაგრამ ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ. ჩემი მიზანია, ჩემი თავი წარმოვაჩინო და საკუთარი ნაშრომი სცენაზე გადმოვიტანო.

- ჟიურის წევრებისგან ყველაზე მეტად ვისი გეშინია?

- არც ერთის არ მეშინია, მაგრამ ყურადღებით ველოდები ხოლმე გიორგი გაბუნიას შეფასებას. მაგალითად, წინა ტურში მხარი არ დამიჭირა, მიაჩნდა, რომ კონკურსი უნდა დამეტოვებინა. ამიტომ მაინტერესებდა, ამჯერად რას ფიქრობდა. მან თქვა, რომ ყველა კატეგორიისთვის ძლიერი კონკურენტი ვარ, რომ ეს დავამტკიცე და ვიმსახურებ შემდეგ ტურში გადაყვანას.

- ანრი ჯოხაძე შენი მენტორია. მგონია, რომ ის ამ შოუში კონკურსანტებთან ურთიერთობისას ცოტა სხვა რაკურსით ჩანს. რას იტყვი? როგორ დაახასიათებდი მას?

- ჩვენი მენტორი, პირველ რიგში, ძალიან მეგობრულია, გვიყურებს როგორც თანასწორებს. მასთან ურთიერთობისას ვერც კი შეამჩნევთ, რომ ის უფროსია, ჩვენ კი უმცროსები. ჭკვიანური გათვლები აქვს. ჩემი აზრით, ობიექტური და თბილი ადამიანია. მოკლედ, ყველაფერი კარგი შემიძლია, რომ მასზე ვთქვა. ამ მოკლე პერიოდში ძალიან შემაყვარა თავი. სხვათა შორის, არ მეგონა, თუ ასეთი კარგი იქნებოდა...მისი სახელი და გვარი პატარაობიდან სულ მესმოდა, რომ სცენაზე იდგა და კარგად მღეროდა. მოკლედ, მასზე საერთოდ სხვანაირი შეხედულება მქონდა, მაგრამ განსხვავებული შთაბეჭდილება შემიქმნა.

- კადრს მიღმა რას გეუბნება ხოლმე. გაგვიმხელ ამ საიდუმლოს?

- ხომ ვამბობ, კადრს მიღმა მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. გარდა იმისა, რომ საქებარ სიტყვებს მეუბნება, მეტად შენიშვნებზე მიმითითებს...

- როგორც ვიცი, სკოლის მოსწავლე ხარ... მომავალში მუსიკოსობას აპირებ, თუ სხვა მიზნები გაქვს?

- 83-ე საჯარო სკოლის მეათეკლასელი ვარ. 15 წლის ვარ. აქამდე მონაწილეობა არც ერთ სატელევიზიო კონკურსში არ მიმიღია. სიმღერა თავიდან ხალხური ნიმუშების შესწავლითა და შესრულებით დავიწყე. ფოლკლორულ ანსამბლში ვმღეროდი, რაც შემდეგში ძალიან დამეხმარა. 2-3 წელია, რაც მივხვდი, რომ ცოტა სხვა ჟანრი მიტაცებდა.

- გიტაცებდა თუ მოდაშია და მოდას აჰყევი?

- არა, ჩემი კლასელები თუ რიანას უსმენდნენ, მე უფრო სხვა მუსიკისკენ ვიხრებოდი. რატომღაც ამ მუსიკაში ჩემი თავი დავინახე და ემოციურად კარგად გამოვხატავდი მას. ვწერ სიმღერებს პიანინოსთან, ინგლისურ ტექსტებზე. 4 თვის წინ ვოკალის მასწავლებელთან მივედი. ჩემი პედაგოგი ელენე კალანდაძეა, პროექტის - "ერთი ერთში" გამარჯვებული. ის ჩემთან ძირითადად შენიშვნებზე მუშაობს და იმ მიმართულების მუსიკას მაძლევს, რაშიც თავს კომფორტულად ვგრძნობ. თავისუფლებას მანიჭებს, მასწავლის სწორად როგორ ვიმღერო.

- მუსიკის გარდა, კიდევ რა გიტაცებს?

- ისევ და ისევ სიმღერა და მუსიკაა. თავისუფალ დროს სულ ამ საქმით ვარ დაკავებული. დავჯდები ხოლმე და კონცერტებს, მომღერლებს ვუსმენ, რაც სიამოვნებას მანიჭებს.

- მომავალში მუსიკოსობა გინდა?

- კი, მუსიკოსობას ვაპირებ. სწავლის გაგრძელება ამერიკაში, კერძოდ, ბერკლის სასწავლებელში მინდა. შეიძლება საკომპოზიციო განხრით წავიდე, მაგრამ ჯერჯერობთ კონკრეტულად ეს დეტალები არ მაქვს გადაწყვეტილი. თუმცა ის ვიცი, რომ მუსიკის მიმართულებას აუცილებლად გავაგრძელებ.

- შეყვარებლი არ ხარ?

- არა (იცინის).

- თუმცა თაყვანისმცემლები საკმაოდ გყავს.

- ნუ, კი (იცინის), მყავს.

- როგორი შედეგითაც უნდა დამთავრდეს ეს კონკურსი შენთვის, რა ადგილს დაიკავებს ის შენს ცხოვრებაში?

- ეს კონკურსი ჩემს ცხოვრებაში გახდა პატარა სახლი, მე იქ ვიპოვე ადგილი, სადაც ყველაზე მეტად მსიამოვნებს ყოფნა. ჩემთვის იმ ადამიანებთან და იმ გარემოში ყოფნა ძალიან საინტერესოა. "X ფაქტორის" შემდეგ ალბათ, ეს კონკურსი ჩემთვის დაკავშირებული იქნება ახალ ურთიერთობებთან, ახალ მეგობრებთან (არა მარტო კონკურსში დარჩენილ ბავშვებთან ვმეგობრობ, არამედ, მათთანაც, ვინც შოუს უკვე გამოეთიშა) და მაგარ პედაგოგებთან, ახალ გამოცდილებასთან და ვოკალურ წინსვლასთან.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება