ნინა სუბლატის დედა ქართველების უარყოფითმა კომენტარებმა გააღიზიანა

ნინა სუბლატის დედა ქართველების უარყოფითმა კომენტარებმა გააღიზიანა

ჟურნალი "სარკე" ნინა სუბლატის დედასთან, ხატია სულაბერიძესთან ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც იგი შვილის გამოსვლაზე, მის ბავშვობასა და "ევროვიზიაზე" საუბრობს.

- ქალბატონო ხატია, ევროვიზიაზე ნინას გამარჯვებას თუ არა, ხუთეულში მოხვედრას მაინც პროგნოზირებდნენ, ძალიან ოპტიმისტური მოლოდინი გვქონდა. თქვენი აზრით, რა დააკლდა ნინას გამარჯვებამდე?

- ეს შედეგი იყო სუფთა პოლიტიკური. საქართველო მსოფლიო პოლიტიკაში არ არსებობს და ეს ევროვიზიის ფინალით დამტკიცდა. ნინას ამ დრომდე ვერ დავუკავშირდი (ინტერვიუ ჩაწერილია 24 მაისს, ევროვიზიის ფინალის მეორე დღეს, ავტ.), მაგრამ დარწმუნებული ვარ, გაოგნებული იქნებოდა, რადგან მანამდე აბსოლუტურად სხვა პროგნოზები კეთდებოდა. ფინალის დღეს მისმა მეგობრებმა და ფანებმა მხარდასაჭერი საღამო გამართეს და ნინას ყველანი ერთად ვგულშემატკივრობით.

დიდი მოლოდინი და იმედი მქონდა, რომ ის გაიმარჯვებდა, თუმცა ნინა ჩემთვის მაინც გამარჯვებულია, რადგან ფინალში გადავიდა და მთელი ევროპა მხარს უჭერდა.

- სიმღერას, რომელიც ნინამ თავად შექმნა და ევროვიზიაზე შეასრულა, "მებრძოლი" ჰქვია, ეს მის ხასიათთან ახლოსაა?

- სიმღერა მას ძალიან ჰგავს, რადგან ნინა ძალიან მებრძოლია. რასაც მიზნად ისახავს, ყველაფერს აღწევს. საერთოდ, ნინას თითოეული ნაბიჯი ყოველთვის გათვლილია და არასოდეს არის ჰაერიდან მოტანილი.

- რას გეუბნებოდათ, როცა სცენაზე გადიოდა, ნერვიულობდა?

- არა, პირიქით, აქეთ მამშვიდებდა, სანერვიულო არაფერია, დატკბით, ისიამოვნეთო. სცენაზე გასვლისას არასდროს ნერვიულობს, თავდაჯერებულია.

მის შესახებ გამოხმაურებებს, კომენტარებს თვალს ვადევნებდი. ძალიან ბევრი დადებითი კომენტარი იწერებოდა, თუმცა ნეგატიური შეფასებებიც იყო და ძალიან ცუდია, რომ ეს ქართველებისგან მოდიოდა. ეს არასწორად მიმაჩნია. შეიძლება ადამიანი შენს გემოვნებაში, სტილში არ ჯდებოდეს, მაგრამ ის საქართველოს სახე იყოს, საქართველოს წარადგენდა, შესაბამისად, კარგი იქნებოდა რაღაცეებისგან თავის შეკავება.

- მისი სასცენო იმიჯი მოგეწონათ?

- კი, ძალიან. მისი ჩაცმულობა ზუსტად იმ ხასიათში იჯდა, რაც იმღერა.

- ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობაზე დიდხანს ოცნებობდა?

- არა. მონაწილეობის მიღება უცებ გადაწყვიტა, სიმღერა ჩაწერა და გააგზავნა. საერთოდ, მოულოდნელი გადაწყვეტილებების მიღება ახასიათებს. პროექტ "საქართველოს ვარსკვლავშიც" ასე მოულოდნელად გავიდა. დაქალმა გადააწყვეტინა, ერთად მივიდნენ ამ პროექტში.

- როგორი იყო ბავშვობაში ნინა, როგორ ხასიათს ამჟღავნებდა?

- ძალიან მშვიდი ბავშვი იყო, მაგრამ დამოუკიდებელი. პასუხისმგებლობის გრძნობა პატარაობიდანვე მოჰყვება. მუსიკალური იყო. სიმღერა ძალიან პატარა ასაკიდან დაიწყო. შემიძლია ვთქვა, რომ თვეების იყო, როცა ღიღინებდა. 3 წლის ასაკიდან უკვე ძალიან კარგად მღეროდა, თუმცა თავისთვის.

- ვინ გაუღვივა მუსიკის სიყვარული?

- ნინა მუსიკალურ ოჯახში გაიზარდა. მუსიკალური სმენა, ხმა მეც მაქვს და მის მამასაც. მუსიკალური შვიდწლედი დაამთავრა.

- როდის იქცა მუსიკა მისი ცხოვრების მთავარ საქმედ?

- მუსიკისთვის სერიოზულად გაყოლა მაშინ გადაწყვიტა, როცა თავისი ბენდი ჩამოაყალიბა. ეს მოხდა დაახლოებით მაშინ, როცა მე-7 კლასში იყო. მაშინ უკვე ამ საქმეს სერიოზულად მოეკიდა.

- სკოლაში როგორ სწავლობდა, მუსიკით გატაცება ხელს ხომ არ უშლიდა?

- ჰუმანიტარულ საგნებზე გიჟდებოდა და კარგადაც სწავლობდა. ნინა ძალიან კარგად წერდა.

- პროფესია როგორ აირჩია?

- რადგან ძალიან კარგად წერდა, ვფიქრობდი, რომ ჟურნალისტიკაზე ჩაბარება აჯობებდა, ნინამ კი გადაწყვიტა, რომ ეს პროფესია არ უნდოდა და სამხატვრო აკადემიაში ინტერიერის დიზაინზე ჩააბარა. შემდეგ კონსერვატორიაში სწავლა გადაწყვიტა და ახლა კონსერვატორიის სტუდენტია. ოჯახში დემოკრატია გვაქვს, შესაბამისად, რაც მას უნდოდა, იმ ფაკულტეტზე ჩააბარა.

- მისმა გარდატეხის ასაკმა როგორ ჩაიარა? ამ დროს მოზარდებს ბევრი სირთულე ახასიათებთ.

- თინეიჯერობის პერიოდში ყველა რთულია, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ძალიან რთული იყო. იმ პერიოდში პანკების სტილში იცვამდა, მაგრამ წინააღმდეგობა არ გამიწევია და მალევე გადაუარა. წინააღმდეგობა რომ გამეწია, შეიძლებოდა მისგან პროტესტი მოჰყოლოდა, ამიტომ ეს სტილი ძალიან მშვიდად მივიღე.

- თქვენ 18 წლის ასაკში შექმენით ოჯახი და ნინაც 18 წლისა გათხოვდა. როცა ამ ნაბიჯს დგამდა, მაშინაც არ გაუწიეთ წინააღმდეგობა?

- ყველა მშობელს უნდა, რომ მისმა შვილმა ჯერ კარიერა აიწყოს, ყველაფერს მიაღწიოს და შემდეგ შექმნას ოჯახი, მაგრამ ნინასთან წინააღმდეგობა მაინც არ გამიწევია. მის გადაწყვეტილებას ყოველთვის პატივს ვცემ.

- ცნობილია, რომ ნინას მშობლები გაშორებულები ხართ და ნინამ მამასთან ურთიერთობა "საქართველოს ვარსკვლავის" შემდეგ დაალაგა. რა ასაკიდან ზრდიდით შვილს მარტო?

- 6 წლიდან მარტო ვზრდი. 19 წლისას უკვე ნინა მყავდა.

- ნინა "ევროვიზია 2015"-ის ყველაზე ლამაზ ქალად დაასახელეს. მართლაც გამორჩეული ხიბლი აქვს. ვის ჰგავს გარეგნობით?

- ბებიას. მამასაც ჰგავს.

- სამომავლოდ რა გეგმები აქვს თქვენს ქალიშვილს?

- ახლა მეორე ალბომზე მუშაობს.

ეკა ლემონჯავა

ჟურნალი "სარკე"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება