”არც ისე კარგი ქართველი ვარ” - ბორის აკუნინი

”არც ისე კარგი ქართველი ვარ” - ბორის აკუნინი

არც ისე კარგი ქართველი ვარ. მთელი ცხოვრება მოსკოვში ვცხოვრობ, ქართულად მხოლოდ ერთი სიტყვა ვიცი - "საწყალი", ისიც რომანიდან "დილეტანტის მოგზაურობა" დამამახსოვრდა. გადავწყვიტე, საქართველოსთან ჩემი კავშირების ინვენტარიზაცია მომეხდინა.

ახალგაზრდობაში რამდენიმე დღით ვიმყოფებოდი საქართველოში, თუმცა არაფერი მახსოვს ჭაჭის გადამკიდე, რომლის სუნზე ახლაც მაჟრიალებს. დამამახსოვრდა მხოლოდ ლამაზი დეიდა ოლა სოფლიდან, რომელსაც აღარ მახსოვს, რა ერქვა. დეიდა ოლა რუსულად არ საუბრობდა და "ჩემო ბიჭოს" მეძახდა.

2006 წელს და შემდეგ 2008 წელს ანტი-ქართული ისტერიკის დროს მე მომიწია საქართველოს წარმომადგენლის პოზიციით ფუნქციონირება. გვარის გამო, რომელიც "შვილზე" მთავრდება, ჟურნალისტები მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ, რას ვფიქრობდი მომხდარზე. უარის თქმა საბაბით - "რანაირი ქართველი მე ვარ" იმ სიტუაციაში მცხვენოდა და ყველა კითხვაზე ვცემდი პასუხს, თითქოს მართლა ქართველი ვიყავი. მომხდარის მიმართ ძალიან ცუდი აზრის ვიყავი და ამის ბრალი ჩემი გვარის დაბოლოება სულაც არ ყოფილა.

ერთხელ ჩვენმა ნაციონალურმა ლიდერმა განაცხადა, მართალია რუსებს უყვართ მწერალი აკუნინი, მაგრამ საბოლოოდ, რას უნდა ელოდო "ეთნიკური ქართველისგანო". აი, სულ ესაა ჩემი შეხება საკუთარ ქართველობასთან. ადრე მეგონა, რომ ქართული სამზარეულოს და მრავალხმოვანების სიყვარული სისხლის ყივილი იყო, მაგრამ ცოლმა იმედები გამიცრუვა, როდესაც მითხრა, ქართული სამზარეულო და მრავალხმოვანება ყველას უყვარსო. შემდეგ ნაცნობ-მეგობრებში გავიკითხე და მართალი აღმოჩნდა. გვარი "ჩხარტიშვილი" სირთულეებს მიქმნის საზღვარგარეთ მოგზაურობისას, რადგან ინგლისურად სხვანაირად იწერება, ფრანგულად - სხვანაირად და გერმანულად - სხვანაირად. ხალხს მისი წარმოთქმა აშინებთ.

ერთხელ საკუთარ გვარს მოულოდნელ ადგილას გადავეყარე. "ოცნებების მდელოს" წერისთვის ვემზადებოდი და კოვბოების ისტორიის შესწავლით ვიყავი დაკავებული, როდესაც საკუთარ გვარს მოვკარი თვალი: პრინცი ლუკა ჩხარტიშვილი თურმე მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს პოპულარული კოვბოური შოუს "ბუფალო ბილის" ვარსკვლავი ყოფილა. რა თქმა უნდა, გავაგრძელე მის შესახებ ინფორმაციის მოგროვება და გაირკვა, რომ ლუკა ამერიკაში საკმაოდ ცნობილი პერსონაჟი ყოფილა.

ჩემი მოგვარე აღმოჩნდა ფენომენალური მხედარი, რომელიც ქართველი მხედრების მთელ ანსამბლს უძღვებოდა, რომელსაც ამერიკელები "კაზაკებს" ეძახდნენ. ლუკა წარმოშობით მამაჩემის სოფლიდან იყო, აშკარად ნათესავი იყო. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას უმრავლესობა ქართველების, მათ შორის ჩვენი პრინციც რუსეთში დაბრუნდა საომრად. ლუკას გარდაცვალების თარიღი უცნობია. სამაგიეროდ ვაიომინგის შტატში არის მუზეუმი, სადაც ქართველი "კოზაკები" ფოტოებზე არიან გამოსახულები.