"ჭორაობა ატყდა, რადგან "მისტერ ვალენტინზე" გადის, გეი იქნებაო" - 21 წლის ირაკლი ჯიქურაულის გზა სპეცრაზმიდან შოუბიზნესში

"ჭორაობა ატყდა, რადგან "მისტერ ვალენტინზე" გადის, გეი იქნებაო" - 21 წლის ირაკლი ჯიქურაულის გზა სპეცრაზმიდან შოუბიზნესში

21 წლის ირაკლი ჯიქურაული ყოფილი სპეცრაზმელია. ის განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტში მსახურობდა, თუმცა ამ საქმეს "მისტერ ვალენტინის" კონკურსზე გასვლის და ყოფილი შეყვარებულის გამო თავი დაანება. როგორ მოხვდა სპეცრაზმიდან სამოდელო ბიზნესში, ამის შესახებ თავად გიამბობთ.

- 21 წლის ვარ, ვცდილობ მსახიობი გავხდე. ბავშვობიდან მინდოდა ან მსახიობი ვყოფილიყავი ან სპეცრაზმელი. ახლა ვმონაწილეობ სერიალ "ტიფლისის" რამდენიმე ეპიზოდში, ასევე, გოგა ხაინდრავას სერიალში "9+1" დამამტკიცეს. თუმცა რა როლი მაქვს, ჯერჯერობით არ ვიცი. პარალელურად ფოტომოდელი ვარ. ადრე განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტში ვმუშაობდი, სპეცრაზმელი ვიყავი, მაგრამ 3 აპრილს წამოვედი სამსახურიდან.

- რატომ წამოხვედით სამსახურიდან და სპეცრაზმელი როგორ აღმოჩნდით სამოდელო სფეროში?

- ბავშვობიდან მინდოდა სპეცრაზმელობა, ოთხჯერ ვიყავი საქართველოს ჩემპიონი, 15 წლიდან დავდივარ "ბრძოლა წესები გარეშეზე". რეკომენდაციის გარეშე მოვხვდი სპეცრაზმში. ჩემსავით ნორმატივები მგონი, არავის ჩაუბარებია. ორ თვეში დამირეკეს და დამიბარეს. როდესაც არაკომპეტენტური მეთაური გყავს, უნდა წამოხვიდე სამსახურიდან. არაკომპეტენტურ ხელმძღვანელობაში შსს-ს არ ვგულისხმობ, უშუალოდ ჩემი უფროსი იგულისხმება. ყველაფერს ვერ ვილაპარაკებ, რადგან არ არის ცნობილი ხალხისთვის ე.ი. ასე უნდა იყოს. როცა სპეცრაზმში დავიწყე მუშაობა, უკვე ორწლიანი კონტრაქტი მქონდა გაფორმებული სამოდელო სააგენტოსთან, ხომ ამოყარეს ეს ინფორმაცია? სანამ გამომიძახებდნენ? რატომღაც მუშაობა როცა დავიწყე, შემდეგ გახდა პრობლემა ჩემი მოდელობა, სულ მინდოდა "მისტერ ვალენტინზე" გასვლა. შეყვარებულისთვის მინდოდა "მისტერ ვალენტინობა", მაგრამ ბევრი რამე ამერია. ჭორაობა ატყდა სპეცრაზმში, რადგან "მისტერ ვალენტინზე" გადის, გეი იქნებაო. არ მქონდა გადაწყვეტილი კონკურსზე გასვლა, უბრალოდ, ვიკითხე ჩემს ხელმძღვანელთან, შეიძლება "მისტერ ვალენტინზე" გავიდე-თქო, ის კი წავიდა და სხვანაირად იჭორავა. ამის შემდეგ დამიბარა დეპარტამენტის უფროსმა და მითხრა, შენს ფოტოებს ვუყურებ და ცოტა იქეთ ხარ გადახრილი. სპეცრაზმელი არ ხარო, უფრო მსახიობი ხარო. ვკითხე, რაც ამ სამსახურში ვარ, ვინმესგან რამე შენიშვნა მიმიღია-თქო? ხმა ვერ ამოიღო. მე დიდხანს არც ვაპირებდი იქ დარჩენას, ავდექი და წამოვედი. სპეცრაზმში 96 კაციდან 6 კაცი ვიყავით ქალაქელები, ყველა რაიონიდან იყო. სხვა შეხედულებები ჰქონდათ. მე რომ ივენთებზე და "ნაით ოფისზე" ვლაპარაკობდი, ისინი სხვანაირად იგებდნენ და მეთაურთან მიჰქონდათ ამბები. მე როცა ვისვენებ, სადაც მინდა იქ წავალ. ჩემს ყოფილ შეყვარებულსაც არ მოსწონდა ჩემი მოდელობა, მეუბნებოდა სპეცრაზმში დარჩიო, მაგრამ არ დავრჩი. თუმცა "მისტერ ვალენტინის" კონკურსზეც არ გავედი.

- რა გევალებოდა სპეცრაზმში?

- ბევრი რაღაცა გვევალება... ბევრი რამ გაგვიკეთებია, მაგრამ რაც იქ ვიყავი, არავინ მიცემია. თუ ბრძანებაა ცემაზე ან მიტინგის დაშლაზე, კანონია და უნდა დაემორჩილო. თუ არ გააკეთე, სამშობლოს მოღალატე ხარ. პირად საქმეს გაგიფუჭებენ. სროლას რაც შეეხება, თუ ბრძანებაა ე.ი. უნდა ესროლო. სროლის ბრძანება არ მოდის, თუ მოვა ისიც მაქსიმალურ თავშეკავებას გთხოვენ. დღესაც ვიქნებოდი სპეცრაზმში, თუ მეყოლებოდა ისეთი ხელმძღვანელობა, ვინც ყველაფერში ხელს მიწყობს. ამის შემდეგ ჩავერთე აქტიურად სამოდელო და სამსახიობო საქმიანობაში. შავნაბადას სპეცრაზმში რომ ვყოფილიყავი, არ წამოვიდოდი. მაგათ მართებული საქმეები ევალებათ ჩვენგან განსხვავებით. მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებდით, არ ვიტყვი. ასეთ სამსახურში ვაჟკაცი ადამიანები არ მოსწონთ, ვინც ენას მიიტანს, პაგონებს აიმაღლებს. 70 პროცენტი ჩემთან ქათმებისგან შედგებოდა, ტყვია რომ გავარდეს, გრაჟდანებს ჩაიცმევდნენ და იტყოდნენ, მე არ ვყოფილვარ იქო.

- ვაჟკაცად მიიჩნევ საკუთარ თავს?

- მე არ ვამბობ, რომ ყველაზე მაგარი კაცი ვარ. მე ბანძი არ ვყოფილვარ. სპეცრაზმში ერთი გაკეთებული ცუდი უდრის 100 გაკეთებულს კარგს. უამრავ შემოთავაზებაზე ვთქვი უარი ამ სამსახურის გამო, ტელეწამყვანობასაც მთავაზობდნენ.

- სოციალურ ქსელში გავრცელდა თქვენი თამამი ფოტოები, ეს სპეცრაზმში მსახურობის დროს გადაიღეთ?

- მგონი, შემდეგ გადავიღე. ეს არ არის თამამი ფოტოები. გიორგი ტატანაშვილის კოლექციის ფოტოები იყო. მე არ მაქვს ტრუსების რეკლამის გაკეთების კომპლექსი, მსახიობმა ყველაფერი უნდა გააკეთოს. სულ ახლახან დავბრუნდი სტამბულიდან, სადაც ფილმში გადაღებას მთავაზობდნენ, სამ თვეში 7000 დოლარს მიხდიდნენ, მაგრამ არ მაწყობდა. ახლა საფრანგეთიდან მაქვს მოწვევა, მაგრამ ჩემი შეყვარებულის ჩამოსვლას ველოდები ჩინეთიდან და ერთად გადავწყვეტთ, წავალ თუ არა.

თამარ ბოჭორიშვილი

ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება