"ხალხს სოციალური პრობლემები აქვს და ძნელია, სიმღერისთვის მოიცალონ" - ზურა ხაჩიძემ ახალი კლიპი გადაიღო

"ხალხს სოციალური პრობლემები აქვს და ძნელია, სიმღერისთვის მოიცალონ" - ზურა ხაჩიძემ ახალი კლიპი გადაიღო

მიუხედავად იმისა, რომ შოუბიზნესი მძიმე დღეშია, ჩვენი შემსრულებლები, როგორც თავად ამბობენ, მაინც მუშაობენ, ანუ როგორც შეუძლიათ ატარებენ კონცერტებს, სტუდიებში სიმღერებს წერენ და კლიპებს იღებენ... მაგალითად, ზურა ხაჩიძეს ("ქუჩის ბიჭების" ლიდერი) ცოტა ხნის წინ კლიპი "შეგვახვედრებს ბათუმი" გადაუღია. გაირკვა, რომ სოლოალბომზეც მუშაობს.

"ამბები.გე"-ს ის ამ და კიდევ სხვა საკითხზე გაესაუბრა.

ზურა:

- ეს არის ჩემი კლიპი და არა ჯგუფის საერთო ნამუშევარი. სიმღერა სოლოალბომიდან არის, რომელიც ახლა მზადდება. თუმცა ვიდეოში "ქუჩის ბიჭები" მაინც ჩანან. მათ გვერდს ვერც ავუვლიდი, ისევე როგორც ბორჯომს, რომელიც კადრებში კარგად ჩანს. მართალია, კლიპს "შეგვახვედრებს ბათუმი" ჰქვია, მაგრამ მასში ბათუმის გარდა, საქართველოს არაერთი ქალაქიც კარგად ჩანს.

- კლიპში მონაწილე ორი გოგონა ვინ არის?

- ჩემი მეგობრები არიან და ვიდეოს იდეაც ეგ იყო, - მეგობრული კლიპი უნდა გამოსულიყო: ორი გოგონა გორში დამემგზავრა და გზას ბათუმისკენ ერთად ვაგრძელებთ...

ისე, კი კლიპის ჩანაფიქრი ასეთია: ბიჭს, რომელიც საცობში დგას, ახსენდება, როგორ გაატარა დრო ბათუმში... ვიდეოს ულამაზესი კადრები აქვს. როგორც ვთქვი, საქართველოს სხვადასხვა ადგილია გადაღებული: უღელტეხილი, სურამი, ბორჯომი, ბათუმი, თბილისი, გორის მიდამოები. მოკლედ, ნამუშევარი არის როგორც გასართობი, ასევე წარმომადგენლობითი. მთელ საქართველოს საკმაოდ წარმოაჩენს.

სიმღერის ტექსტისა და მუსიკის ავტორი გელა გნოლიძეა, არანჟირება გელა გნოლიძესა და ზაზა ხუბეკელაშვილს ეკუთვნით, მასტერინგი - კოტე ნონიკოვს. კლიპში მონაწილე გოგოებზე მკითხეთ და გეტყვით, მარიამ შარანგია და მედეა აფციაური, მსახიობები არ არიან, მაგრამ კარგად გაართვეს თავი მოცემულ ამოცანას, მშვენივრად ითამაშეს, ამასთან, ლამაზებიც არიან. კლიპის ოპერატორი ვალერი ჯოჯიშვილია. სიმღერა სტუდია "სეუში" ჩაიწერა. მონტაჟი ირაკლი გურგენიძისაა და დიდი მადლობა "სეუს" რექტორს - გია კავთელიშვილს. მადლობა დახმარებისთვის ასევე ნინო ჩხეიძეს.

- რაკი, კლიპი გადაიღე, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სფეროდან არსად მიდიხარ. "ქუჩის ბიჭების" მომავალზე რას გვეტყვი?

- ცნობილია, რომ "ქუჩის ბიჭების" ერთ-ერთი წევრი - გურამ ლომიძე ამერიკაში იმყოფება, პერიოდულად ჩამოდის ხოლმე, გასულ თვეს ცოტა ხნით აქ იყო, მაგრამ ერთად ვერაფერი ჩავწერეთ, რადგან თავისი სიმღერები ჰქონდა ჩასაწერი. საახალწლოდ კიდევ ჩამოვა და ალბათ მაშინ ჩავწერთ, მანამდე მიმდინარეობს მუშაობა, რომ საახალწლო კონცერტებში ჩავერთოთ. საერთოდ, კი ჯგუფს სტაბილურად გვაქვს კონცერტები. სხვადასხვა ადგილას გვიწევს გამოსვლა. მოკლედ, თუ გვეპატიჟებიან და არის ჩვენი ჯგუფის შეკვეთა, ვმღერით.

- რას ფიქრობ შოუბიზნესის განვითარებაზე, - ოდესმე თუ ეღირსება რამე?

- ძალიან ცუდი სიტუაციაა, რასაც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა განაპირობებს. საერთოდ ასეა, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ყველაფერს ურტყამს და არა მარტო შოუბიზნესს. კონცერტებიც თუ ტარდება, ისიც კომერციული გამოსვლებია, ორგანიზატორები ატქიურობენ, როგორც წინა წლებში, ისე აღარ არის. მოგეხსენებათ, ხალხს კონკრეტული სოციალური პრობლემები აქვთ და ძნელია, სიმღერისთვის მოიცალონ. მოკლედ, ეკონომიკური პრობლემები ყველაფერზე მაღლა დგას...

მიუხედავად ამისა, ნამდვილად ვერ გავჩერდებით. გადაწყვეტილი გვაქვს, რომ როგორც არ უნდა იყოს საქმე, ჯგუფი არ დაიშალოს და განაგრძოს საქმიანობა. როცა ყველანი ერთად შევიკრიბებით, სიმღერებს ჩავწერთ, კლიპებს გადავიღებთ.

- ჯგუფს აქამდე 5 ალბომი აქვს გამოცემული. ამჟამად შენს ალბომზე მუშაობ, იმედი გაქვს, რომ მისი რეალიზება მოხდება?

- კი, ახლა პირველ სოლოალბომს გამოვუშვებ, დეკემბერში უნდა დავასრულო. იქნებ ეკონომიური მდგომარეობა გამოსწორდეს, ამის იმედს ვიტოვებ. თუმცა მართალია, დღეს ნებისმიერ მომღერალს ალბომის რეალიზება ძალიან უჭირს. არადა, ის იმისთვის იქმნება, რომ გაიყიდოს...

- წლების წინ პოლიტიკურად აქტიური იყავი. ახლა რა ხდება მაგ მიმართულებით?

- თუ მაგ მიმართულებით რამე სურვილები მაქვს, მირჩევნია ჩემი სფეროდან, სოციალური ქსელის საშუალებით გამოვხატო. თუ რაიმე სათქმელი დამიგროვდა, აუცილებლად ვწერ ან ვამბობ, ჩემთის არ ვინახავ. ამიტომ პოლიტიკის მიმართულებით არც ვაპირებ ახლო მომავალში სწრაფვას...

ნაციონალური მოძრაობის დროს ჩემი პრეტენზიები მქონდა მმართველ პარტიასთან, აქტიურად ვიყავი სამოქალაქო პოზიციიდან ჩართული და ასევე პარტიებთანაც მქონდა ურთიერთობა, მაგრამ მერე ზოგადად რაღცები შეიცვალა. მთავარი ის არის, რასაც სულ ვამბობ, რომ ქვეყანამ არ იცის საით მიდის, რა გვინდა, რა მოლოდინები გვაქვს და რას მივაღწევთ. ეკონომიკურ საკითხებში რომ მოვიკოჭლებთ, ეს უკვე კარგად არის ცნობილი, თუმცა ბევრი ისეთი რამ მოგვარდა, რაც ნაციონალური მოძრაობის დროს პრობლემა იყო.

მაგრამ ამ ყველაფერს მარტო პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკურ ძალას ვერ დავაბრალებ... ქვეყანაში განთლებას არ ექცევა სათანადო ყურადღება. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ამ სფეროში რეფორმაა განსახორციებელი და ადამიანების დაინტერსება გასაზრდელი.

ყოველთვის არჩევნების წინ ისეთ სიტუაციაში ვართ, როცა უარესსა და საშუალოს შორის ვაკეთებთ არჩევანს. არადა, ისეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომელიც ჩვენს ქვეყანას და მის მოსახლეობას წაადგება.

- გარდა იმისა, რომ სტუდიაში ალბომზე მუშაობ, კიდევ რას საქმიანობ?

- მხოლოდ და მხოლოდ იმას, რასაც ვაკეთებ, ანუ მუსიკას და შესაბამისად, შემოსავლის წყაროც ამ სფეროდან მაქვს. კარგი იქნებოდა, ამას სამსახურიც დამატებოდა, მაგრამ მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში რა მდგომარეობაა.

- სამსახურში რას გულისხმობ?

- ჩემი პროფესიით მუშაობას. სანამ სიმღერას დავიწყებდი, იურიდიულ ფაკულტეტზე ვსწავლობდი, ვარ იურისტი, მაგრამ ჩემი პროფესიით არ მიმუშავია.

- კარგი, თემა შევცვალოთ. რას გვეტყვი შენი და შენი შვილის ურთიერთობაზე?

- ანასტასია უკვე მეოთხეკლასელია, ვერ დავიბრალებ, რომ მე ვამეცადინებ ან დედამისი, ზოგადად დამოუკიდებელი ადამიანია. ყველაფერს პასუხისმგებლობით უდგება. იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი შვილია, ჭკვიანი გოგოა. ასე რომ, მადლობა ღმერთს რომ ბავშვთან დაკავშირებით მე და ხათუნას ძალიან გაგვიმართლა. მოკლედ, უკვე დიდი გოგოა და თავის თავს ბევრ რამეს სთხოვს. აქვს მიზნები, რომელსაც უნდა, რომ მიაღწიოს. "კომაროვის სკოლაშიც" დადის, მასწავლებლები ამბობენ, რომ მათემატიკაში ძალიან ძლიერია. სწავლაზე დაწაფებული ადამიანია... ორი დღის წინ მშობელთა კრებაზე ვიყავი და ერთ-ერთ საუკეთესო ბავშვად დაასახელეს. ბევრს სთხოვს მასწავლებელიც, რადგანაც არ გვინდა, რომ თავის ცნობილობით ფონს გავიდეს. ამიტომ, ეს ყველაფერი შედეგსაც იძლევა.

- მრავალმხრივი ბავშვი ყოფილა...

- იყო წლები, რომ მსახიობობა, მომღერლობა უნდოდა. ახლა ამ მიმართულებით არაფერს ამბობს, უბრალოდ, კლასიკურ მუსიკაზე ევგენი მიქელაძის სახელობის სკოლაში დადის და საოპერო ხელოვნებას ეუფლება. თეა დარჩიასთან ცეკვას სწავლობს და ქართულთან ერთად, სხვა ცეკვებსაც. ღმერთმა ქმნას, ასე გააგრძელოს, მხოლოდ ამას ვისურვებდი...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება