გზა ხობიდან რომამდე - ქართველი გოგონა, რომელსაც საოპერო სცენაზე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ

გზა ხობიდან რომამდე - ქართველი გოგონა, რომელსაც საოპერო სცენაზე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ

ნინო გოთოშია პირველად 2011 წელს ხობის ფესტივალზე "სიმღერა სამეგრელოზე" ვნახე, მაშინ 14 წლის იყო და შესანიშნავი ხმით გამოირჩეოდა. ვუთხარი კიდეც, - იქნებ იაქტიურო და რომელიმე სატელევიზიო მუსიკალურ კონკურსში, ან მეგაპროექტში ჩაერთო-მეთქი. ჯერ პატარა ვარო, - მითხრა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მას პროექტ "ნიჭიერთან" დაკავშირებით უკვე არაერთი იმედგაცრუება ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ ჟიურისა და დარბაზში მყოფი მაყურებლის დადებით შეფასებას იმსახურებდა, მის ნამღერს 2 სეზონის განმავლობაში ეთერშიც არ უშვებდნენ.

მაშინ ნინოს დედამ, ქალბატონმა რუსუდანმა ჟურნალ "გზას" ინტერვიუ მისცა და აღნიშნა, რომ "ნიჭიერის" წარმომადგენლებმა მის შვილს კამერის წინ ტყუილის თქმა შესთავაზეს, რაზეც გოგონა არ დათანხმდა... მოკლედ, ამ პროექტს ის სკანდალურად დაუკავშირდა. მაგრამ ეს ყველაფერი ახლა უკვე წარსულია...

ნინო ხობშია დაბადებული, როგორც მასზე გვეუბნებიან, არაერთ მუსიკალურ კონკურსში აქვს მონაწილეობა მიღებული, დაჯილდოებულია რამდენიმე გრან-პრითა და ოქროს მედლით. რომსა და ფლორენციაში წარმატებული სასცენო გამოსვლაც ჰქონია. ფაქტია, რომ მისი ნამღერი მაყურებელს მოსწონს.

ხობში (2011 წელი) როდესაც საერთაშორისო ფესტივალი "სიმღერა სამეგრელოზე" უნდა ჩატარებულიყო, ქართველმა მუსიკოსებმა - ანზორ ერქომაიშვილმა, ომარ სიხარულიძემ და ვაჟა აზარაშვილმა მოუსმინეს, გაოცდნენ და ფესტივალის გახსნის პატივი მას არგუნეს. მოკლედ, ასე გახდა ის ხობის ფესტივალის აღმოჩენა...

წელს, უფრო სწორად რამდენიმე დღის წინ, უკვე გაზრდილი ნინო ხობის VII ფესტივალზე ჩასულმა ისევ ვნახე. ანსამბლ "რუსთავს" მასთან ერთად სოლო-ალბომი გამოუცია, რომელიც 11 მეგრულ სიმღერას აერთიანებს, რომლის პრეზენტაციაც იქვე მოხდა და ისიც შევიტყვე, რომ ნინოს ესტრადაზე საბოლოოდ უარი უთქვამს და საოპერო მიმართულებით გაუგრძელებია სწავლა. წელს კონსერვატორიის სტუდენტი გამხდარა.

ნინო გოთოშია:

- 2011 წლის ფესტივალის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. ორგანიზატორებმა (გოდერძი ბუკია, საქველმოქმედო ფონდის "ხობი" პრეზიდენტი) ბოლომდე მიპატრონეს და დღეს უკვე კონსერვატორიის სტუდენტი ვარ... ასევე მაქვს ანსამბლ "რუსთავთან" ჩაწერილი დუეტი, რომელშიც 11 სიმღერა შედის და უკვე ამის ალბომიც არსებობს. ვიმედოვნებ, რომ ყოველ ფესტივალზე უფრო და უფრო მაღალი დონე იქნება და ჩემნაირს და ბევრად უკეთესებსაც აღმოაჩენენ.

18 წლის ვარ და კონსერვატორიის ვოკალისტების ჯგუფში ყველაზე მცირეწლოვანი. ეს დიდი მიღწევაა და ყველანაირად ვცდილობ, მაქსიმალურად მცირე დროში მეტს და მაღალ შედეგებს მივაღწიო.

- საესტრადო მიმართულებით რატომ არ წახვედი?

- ჩემს ხმას საოპერო ვოკალი მეტად უხდება, - ეს სპეციალისტების აზრია. თან, საესტრადო ჟანრი მეც არ მინდოდა, მჯერა, საკუთარი თავისა და ვოკალის აღმოჩენას ოპერაში მეტად შევძლებ.

- ე.ი. სერიოზული მოლოდინი გაქვს?

- დიახ, იმედი მაქვს, რომ მივაღწევ ზუსტად იმ შედეგს, რაც მიზნად დავისახე. ამ ყველაფერში ხელისშემწყობი უამრავი ადამიანი მყავს, მადლობა მათ ამისთვის, რაც ჩემთვის უფლის საჩუქარია. ჩემი პედაგოგია უდიდესი მეცნიერი და საუკეთესო სპეციალისტი გულიკო კარიაული, მას ოპერის ბევრი ნიჭიერი ვოკალისტი აღუზრდია, მათ შორის, ნინო სურგულაძე...

- ოპერას მიჰყვები, თუმცა ანსამბლ "რუსთავთან" დისკი ჩაწერე. რა არის ეს შენთვის?

- ეს ფოლკლორია, რაც წინაპარმა დაგვიტოვა, ჩემი წარსულია, სისხლის ყივილია, რაც მიყვარს და მსიამოვნებს, მაგრამ კლასიკა, პროფესიული წინსვლისთვის აუცილებელი რამ არის, რაშიც თავს კომფორტულად ვგრძნობ. თან, ხობის ფესტივალი ხომ ფოლკლორის პოპულარიზაციას ემსახურება, რადგან აქედან დაიწყო ჩემი წინსვლა, ეს ერთგვარი მადლიერების გამოხატვაც არის.

P.S. არსებობენ ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდებიან ხოლმე, ნინო ამ კატეგორიას განეკუთვნება. მის გვერდით ბევრი ისეთი ადამიანი აღმოჩნდა, რომლებიც ახლა მის წარმატებულ მომავალზე სერიოზულად ზრუნავენ..

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება