"დღეს არაპროფესიონალიზმის და ძმაკაცობის ნიშნით ხდება კონცერტებზე მომღერლების შერჩევა" - მუსიკოსები თბილისობის ორგანიზატორებს უპირისპირდებიან

"დღეს არაპროფესიონალიზმის და ძმაკაცობის ნიშნით ხდება კონცერტებზე მომღერლების შერჩევა" - მუსიკოსები თბილისობის ორგანიზატორებს უპირისპირდებიან

თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიება აქტუალურობას არ კარგავს. იმის გამო, რომ კონცერტში ვერ მოხვდნენ მომღერლების ნაწილი ღონისძიების ორგანიზატორებს დაუპირისპირდნენ. კონცერტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურმა ჩაატარა, ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ია მაქაცარია, გვანცა კილასონია და აჩიკო გულედანის თანაგუნდელი, მუსიკოსი დათო ლომიძე. კონცერტმა პოლიტიკური ელფერიც შეიძინა, ნიაზ დიასამიძემ საზოგადოებას "რუსთავი 2"-ის მხარდაჭერიოსკენ მოუწოდა, რასაც საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა. კულტურის პალატის ხელმძღვანელი, დავით ოქიტაშვილი მიიჩნევს, რომ ეს არ უნდა მომხდარიყო.

- "რუსთავი 2" და "ნაციონალური მოძრაობა" ჩემთვის ერთი და იგივეა, ის, რაც მათ გააკეთეს ფაშისტებს არ გაუკეთებიათ. ხალხი დაიღალა, ვისთან უნდა იყოს კოჰაბიტაცია? ყველას აქვს საკუთარი აზრი და არც თავისუფალ მედიის წინააღმდეგი ვარ. თბილისობის დღესასწაულზე ასეთი მოწოდებები არ უნდა ისმოდეს. ორგანიზატორმა არ იცის, რა განცხადებას გააკეთებს მომღერალი სცენიდან, მაგრამ როდესაც ასეთი ღონისძიება ტარდება, უნდა ვურჩიო ვის მოწოდებებშიც არ არიან დარწმუნებული, ფრთხილად უნდა იყვნენ. ბედნიერი ვარ ამისიანი და იმისიანი რომ აღარ არის, მაგრამ აი, მივიღეთ ფაქტი. გუშინ შევხვდი 9 წლიანი მმართველობის დროს დაღუპული ბიჭების დედებს, "რუსთავი 2" "ნაციონალური მოძრაობის" დანამატია. ის კადრები რომ ვნახე, ორი დღეა საწოლიდან ვერ ვდგები. ორგანიზატორების გადასაწყვეტი იყო, ვინ მიიღებდა მონაწილეობას. მე უბრალოდ მოწოდებებზე ვაკეთებ აქცენტს, კონცერტზე ეს არ შეიძლება. ორგანიზატორმა უნდა იცოდეს, რომ თბილისობის დღესასწაული პოლიტიკაში არ უნდა გადაიზარდოს. ნიაზ დიასამიძე დღემდე "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია, როცა იცი ეს კადრები და იცი ამის უკან "ნაც ხროვა" იდგა, რომლის უკან დგას მათი სატელიტი ტელევიზია "რუსთავი 2", მე ასეთ მოწოდებას არ გავაკეთებდი. უნდა აიკრძალოს "ნაციონალური მოძრაობა", "რუსთავი 2" კერძო სარჩელია, რატომ უკვირთ? არც "იმედს" იცავდნენ, არც "სტერეოს" და რატომ არის ასეთი ამბავი "რუსთავი 2". ბიძინა ივანიშვილი იმიტომ მოვიდა ხელისუფლებაში რომ ბუტა რობაქიძის და ვაზაგაშვილისნაირი ბიჭები გადარჩენილიყვნენ. ვიცი მშიერ ადამიანს ვერაფერს ეტყვი, მაგრამ რაც ჰიტლერმა არ გააკეთა, ის გააკეთა "ნაციონალურმა მოძრაობამ". ივანიშვილი თითოეული ოჯახის გადასარჩენად მოვიდა ხელისუფლებაში, მას ნამდვილად არ უნდოდა პოლიტიკაში მოსვლა, ჩემი აზრით. სულ რომ მშიერი ვიყო, ვიცი, ეს მთავრობა იგივეს არ ჩაიდენს და ჩემი შვილები მშვიდად ივლიან ქუჩაში.

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე განაწყენებულ მომღერლებს ურჩევს თავშეკავება გამოიჩინონ და იმედოვნებს, მოვა დრო, როცა მათაც დაუძახებენ კონცერტებზე.   

- მესმის მათი გაღიზიანება, მაგრამ 9 წელი სათვალავშიც არ იყო ბევრი მომღერალი და მხოლოდ გულისტკენა გამოხატეს. მათ ვურჩევ თავშეკავება გამოიჩინონ, ისევ არ გაიფუჭონ გუნება-განწყობილება. ალბათ მოვა დრო, როცა მათ დაუძახებენ. კონცერტის გამოყენება არ შეიძლება პოლიტიკური განცხადებებისთვის. თუ კარგი სპეციალისტია ყველამ უნდა აკეთოს საქმე, საკმარისი იყო 9 წელი არაპროფესიონალები, მიკერძოებით რომ აკეთებდნენ საქმეს. ვერავინ ვერ გააკონტროლებს რას იტყვის მომღერალი სცენაზე.

- კონცერტზე ვერ მოხვდა მომღერალი ირმა სოხაძე, რომელიც გეგმავს პრემიერ-მინისტრს შეხვდეს და პირადად გაარკვიოს, რა არის ამა თუ იმ პროექტში მისი დაბლოკვის და სხვა პრობლემების მიზეზი.

- თუ პოლიტიკური ნიშნით დაბლოკეს მომღერლები, პირველი მე უნდა მემღერა ამ კონცერტზე. არ ვარ "ნაციონალების" აპოლოგეტი და მხარდამჭერი, მაგრამ ვერ მოვხვდი კონცერტზე. გაკვირვებული ვარ, ნაციონალები რატომ მბლოკავდნენ გასაგებია, მაგრამ დღეს ალბათ არაპროფესიონალიზმის და ძმაკაცობის ნიშნით ხდება კონცერტებზე მომღერლების შერჩევა. მე ასეთი სუსტი კონცერტები, რაც ვნახე თბილისობაზე არასოდეს მინახავს. აცდენაა იმას შორის, რა უნდა გაკეთდეს და საბოლოო შედეგს შორის. სულ ცუდი კეთდება, ხომ შეიძლება უკეთესი გაკეთდეს? მე რომ მივიწყებენ და არავის ვახსოვარ, გულს მტკენს. არავის კარის მომღერალი არ ვყოფილვარ, მაგრამ თბილისელი ვარ, სხვაზე ნაკლებად არ ვმღერი და მეტი რა გავაკეთო არ ვიცი. რა ნიშნით ვარ ბლოკირებული გავარკვევ. ამას წინათ პრემიერ-მინისტრს შევხვდი, მითხრა გამომიარე დავილაპარაკოთო, მაგრამ ვეღარ შევხვდით. მასთან შოუ-ბიზნესზე და საზოგადოებრივ მაუწყებელზე მინდა საუბარი, გული მტკივა, რომ დილეტანტები აკეთებენ საქმეს, რომელიც არ გამოდის. რადგან ქირურგები არ არიან და არავის კლავენ, ამიტომ უნდა აკეთონ მსგავსი ღონისძიებები? პრემიერმა მითხრა ვიცი პრობლემები, რომ არის და პირადად დავილაპარაკოთო, დავუკავშირდი იმ ქალბატონებს, ვისაც უნდა მოეხდინა შეხვედრის ორგანიზება, მაგრამ ამ დრომდე არ მიმიღია პასუხი. მე ხომ ბინის თხოვნა არ მინდა მისთვის, ტელევიზია ტელევიზიას, კონცერტი კონცერტს ჰგავდეს, ამაზე მინდა საუბარი. როგორ შეიძლება თბილისობის კონცერტზე 5 კაცი იდგეს და ისმენდეს, იმიტომ რომ არ მოსწონს? პრეზიდენტის მარათონშიც ვმონაწილეობდი, დავით ნარმანიას კამპანიაშიც, მაგრამ დაბლოკილი ვარ. კონსულტაციაზე მაინც დამიძახონ. არ შეიძლება გასართთობად მოსულ ხალხს არაადეკვატური პროგრამა დაახვედრო. წარმოუდგენელი რაღაც ხდება? ამდენი ფული იხარჯება და ხალხს თუ არ მოეწონა, რა აზრი აქვს?

სკანდალურ კონცერტთან დაკავშირებით, "ამბები.გე" მერიის კულტურის სამსახურს დაუკავშირდა.

- რა კრიტერიუმებით შეირჩა ორგანიზატორები თბილისობისთვის?

- "თბილისობა 2015"-ის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები ერთ მთლიან კონცეფციაში იყო გაერთიანებული, რომელსაც ჰყავდა მთავარი რეჟისორი. ამასთან კულტურის ნაწილში, საკმაოდ ბევრი საავტორო პროექტი იყო წარმოდგენილი, რომლებსაც ასევე ჰყავდათ მუსიკალური პროდუსერები, შესაბამისად ღონისძიებების მონაწილეები შეარჩიეს პროფესიონალებმა.

- ნიაზ დიასამიძის განცხადებას როგორ შეაფასებთ?

- თბილისობა სახალხო დღესასწაულია, რომელიც დატვირთულია კულტურული ღონისძიებებით და მას არავითარი საერთო არ აქვს მასში მონაწილე ცალკეული მუსიკოსების პირად მოსაზრებებთან.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება