ვინ არის 15 წლის ჯაბა ვაშაძე, რომელმაც "ნიჭიერის" სცენაზე შესრულებული არიით ფურორი მოახდინა

ვინ არის 15 წლის ჯაბა ვაშაძე, რომელმაც "ნიჭიერის" სცენაზე შესრულებული არიით ფურორი მოახდინა

"ნიჭიერის" სცენაზე 15 წლის ჯაბა ვაშაძემ ფურორი მოახდინა. უჩვეულო ტემბრითა და შესრულებით არა მარტო ჟიური, მთელი დარბაზი და ტელემაყურებელი აღაფრთოვანა. ჯაბამ მოცარტის "ჯადოსნური ფლეიტიდან" არია დიდი ოსტატობით წარმოადგინა, რის შემდეგაც ნიკა გვარამია მასთან სცენაზე აიჭრა და ჩაეხუტა.

AMBEBI.GE ჯაბა ვაშაძეს უფრო ახლოს გასაცნობად დაუკავშირდა.

გავიგეთ, რომ თბილისის 54-ე სკოლის მეათეკლასელია, ცხოვრობს ვაკეში, არის მიზანდასახული ადამიანი და იმაზე მეტად უყვარს კლასიკური მუსიკა, ვიდრე ეს გუშინ, მისი სცენაზე გამოსვლისას დავინახეთ. ამბობენ, რომ ძალიან კარგად ხატავს და სწორედ ამ კუთხით უნდა მომხდარიყო მისი ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა, თუმცა, ყველაფერი სულ სხვაგვარად მოხდა. ნიჭიერი ადამიანი ყველაფერში ნიჭიერია.

- როდის აღმოგაჩნდა ასეთი მუსიკალური მონაცემები?

- 7 წლის ასაკში, მაგრამ მასწავლებელი არასდროს მყოლია, ჩემით მივაღწიე იმ დონეს, რაც ახლა მაქვს. მუდმივად ვუსმენდი კლასიკურ მუსიკას და არიებს ისე ვსწავლობდი. ზოგჯერ საათობით ვიყავი იმით დაკავებული, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებდა.

- რატომ არ მიგიყვანეს პედაგოგთან?

- არ ვიცი, მიაჩნდათ, რომ ეს არც ისე სერიოზული გატაცება იყო, თუმცა ჩემს მშობლებს სხვები სულ ეუბნებოდნენ, რომ კლასიკური ვოკალის პედაგოგი მჭირდებოდა.

- არც ახლა გყავს პედაგოგი?

- ერთი თვეა, რაც უკვე მყავს, რადგანაც "ნიჭიერის" შემდეგი ტურისთვის და ნომრისთვის ვემზადები. კონსერვატორიაში დავდივარ, მასწავლებელმა მითხრა, რომ ხმა დასამუშავებელი მაქვს და ახლა ერთად ვმუშაობთ.

- პედაგოგმა შენი დამოუკიდებლად ნამუშევარი მოგიწონა?

- კი, შემაქო, მაგრამ საქმე კიდევ ბევრია.

- ამ კლასიკურმა მუსიკამ საიდან და რატომ დაგაინტერესა?

- ბებიას ძალიან უყვარს კლასიკური მუსიკა და ხშირად მასმენინებდა ხოლმე, მეც მომწონდა. მერე, ხომ გითხარით, დამოუკიდებლად ვუსმენდი ამა თუ იმ კომპოზიტორს და პარალელურად, არიებს ვასრულებდი.

- გუშინ მოცარტრის ჯადოსნური ფლეიტა" იმღერე. რატომ? მოცარტი შენი ფავორიტი კომპოზიტორია?

- იმიტომ, რომ ყველაზე რთული შესასრულებელი არიაა. რაც შეეხება მოცარტს, ის ერთ-ერთი ფავორიტი კომპოზიტორია. მიყვარს ასევე ბახი, ვერდი.

- "ნიჭიერში" მონაწილეობა რატომ გადაწყვიტე?

- შემთხვევით, თან, "ფეისბუქით" დავრეგისტრირდი ისე, ჩემთან, სახლში არც იცოდნენ.

- სიმღერის გარდა რა გიზიდავს და კიდევ რისი კეთება გსიამოვნებს?

- ვხატავ და თეატრალურ სტუდია "ბერიკებში" დავდივარ, ხატვაზე ზაალ სულაკაურთანაც დავდიოდი. პორტრეტების ხატვა მიყვარს...

- შეყვარებული არ ხარ?

- ყველა მაგას მეკითხება. არ ვარ შეყვარებული, მე მუსიკა მიყვარს და მასზე ვარ შეყვარებული...

- ძალიან კარგი. დედისერთა ხარ?

- უფროსი ძმა მყავს.

- გუშინ საზოგადოება არ გიცნობდა, დღეს კი უკვე ყველამ გაგიცნო. რას გრძნობ?

- გუშინდელი საღამოდან ჩემი "ფეისბუქი" და ტელეფონი "აფეთქდა". ბევრი ადამიანისთვის ჩემი "ნიჭიერის" სცენაზე გამოსვლა მოულოდნელი აღმოჩნდა...

- კონკურსისგან რა მოლოდინი გაქვს?

- კარგ გამოსვლას ვგეგმავ და არც გამარჯვებაა ცუდი.

AMBEBI.GE

ლალი ფაცია

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება