თაკოს და ილოს ფლირტი და წაკინკლავება

თაკოს და ილოს ფლირტი და წაკინკლავება

დილით ადრე გაღვიძება, თავის მოწესრიგება და ხალისიანი განწყობილება - ეს თაკო ჩორგოლაშვილის სამსახურებრივი მოვალეობა გახლავთ.

ტელეწამყვანს სამოსის, კერძების, კომფორტული საყოფაცხოვრებო ნივთების, მამაკაცების და მეტ-ნაკლებად, ყველა იმ თემის შესახებ ვესაუბრე, რაც მისი გემოვნების აღქმაში დაგვეხმარება.

- მიმაჩნია, რომ მეტ-ნაკლებად გემოვნებიანი ადამიანი ვარ. ყოველ შემთხვევაში, ვიცი, რომ ის მაცვია, რაც მიხდება და არა ის, რაც ტენდენციურია, რასაც სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი მოდის სახლები გვთავაზობენ. ვცდილობ, ჩემთვის კომფორტული, მოხდენილი სამოსი მეცვას და თანამედროვეობასაც ავუწყო ფეხი.

- როგორ ფიქრობ, სხვა ადამიანები გემოვნებიანად მიგიჩნევენ?

- არ ვიცი, მაგრამ სასიამოვნო კომენტარებს წავწყდომივარ. მაგალითად, როცა ეთერისთვის მუშაობის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში ამიტვირთავს, დაუწერიათ, - თაკოს რა გემოვნებიანად აცვიაო. ბუნებრივია, ეს მსიამოვნებს. ვერ ვიტყვი, რომ "მყვირალა" ჩაცმულობით გამოვირჩევი. ჩემი აზრით, ისე ვიცვამ, როგორც ჩემი ასაკის თანამედროვე გოგონა უნდა იმოსებოდეს.

- სახლიდან გასვლამდე, სამოსის შესარჩევად ბევრი დრო გჭირდება?

- გააჩნია, სად და როგორი განწყობილებით მივდივარ. ისიც მნიშვნელოვანია, ჩემს გარდერობში ახალი ტანსაცმელი არის თუ არა... შემდეგ, დედაჩემის წუწუნით ვხვდები ხოლმე, რომ ხანდახან, ოთახს ცოტათი არეულს ვტოვებ.

- შენს ოთახში კომფორტს რა გიქმნის? ინტერიერის დიზაინს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევ?

- ბუნებრივია, ლამაზი სახლი, ნივთები და კომფორტული ტექნიკა ყველას მოგვწონს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ჩემი სახლი განსაკუთრებულია. არც ჩემი გემოვნებით არის მოწყობილი - ოჯახთან ერთად ვცხოვრობ. ჯერ იმის შესაძლებლობა არ მქონია, რომ საკუთარ სახლზე, მის ინტერიერზე დამოუკიდებლად მეზრუნა. ასე რომ, ჩემს ოთახში ის აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთები მაქვს, რაც ძალიან მიყვარს. მაგალითად - საწოლი, კომფორტული ლეიბით (იღიმის)... ჩემთვის ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან დილას 5 საათზე ვიწყებ. აუცილებელია, რომ შინ ღრმა ძილით, მშვიდად, წყნარად მეძინოს, რაშიც ოჯახის წევრები ხელს მიწყობენ... ჩემი ოთახის ფანჯრებზე ჩამოფარებული ფარდები მზის სხივებს არ ატარებს.

- სამზარეულოსთან როგორი დამოკიდებულება გაქვს - კერძების მომზადება მოგწონს?

- რომ გითხრა, - დროის გარკვეულ მონაკვეთს კერძების მომზადებას ვუთმობ-მეთქი, ეს დიდი ტყუილი იქნებოდა. ცხადია, სამზარეულოში ტრიალი სათაკილოდ სულაც არ მიმაჩნია. ვფიქრობ, ქალმა კერძების მომზადება უნდა იცოდეს. ჩემი მეგობარი გოგონები გემრიელ კერძებს ამზადებენ და მათთან სტუმრობა ძალიან მიხარია. კერძების მომზადების ცქერაც მომწონს... სამსახურიდან შინ დაბრუნებულს, დედა და ბებია უგემრიელეს კერძებს მახვედრებენ. შესაბამისად, სამზარეულოში ტრიალი არ მიწევს. უკვე იმასაც ვხვდები, კერძები როდის არის დედის მომზადებული და როდის - ბებიის. როდესაც სხვაგან ვსადილობ ან ვვახშმობ, უპირატესობას ჩინურ და იტალიურ კერძებს ვანიჭებ - ძალიან მიყვარს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ქართულ კერძებზე მეტად. ერთადერთი, რაც არ მიყვარს, "აჯაფსანდალია". განსაკუთრებულად თევზეული და ხორციანი კერძები მომწონს.

- კინოთეატრებს ხშირად სტუმრობ?

- გააჩნია, რა ფილმი გადის. ვცდილობ, კინოთეატრში სპეცეფექტებით დატვირთული, მძაფრსიუჟეტიანი ფილმები ვნახო. თუკი შინაარსი უფრო მნიშვნელოვანია - ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს, სახლშიც ვუყურებ. მაქვს პერიოდები, როცა წიგნის კითხვის ხასიათზე ვარ, ზოგჯერ - ფილმის ნახვის.

- ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხე?

- "მარტოობის ასი წელიწადი". ახლა მინდა, ახალი წიგნის კითხვა დავიწყო... შინ

მისულს მომენტალურად მეძინება ხოლმე. ძირითადად, წიგნის კითხვას პარასკევს და შაბათ-კვირას ვუთმობ.

- ელექტრონულ წიგნებს კი­თხულობ?

- არ მიზიდავს. მიმაჩნია, რომ საკმაოდ კომფორტულია, მაგრამ სურვილი არ გამჩენია, ელექტრონული წიგნი მეყიდა.

- რომელი ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაცია მოგწონს?

- მაგალითად, "ანა კარენინა" (ბოლო ეკრანიზაცია) ძალიან მომეწონა. ასევე, მიუზიკლად გადაღებული "საბრალონი". "საბრალონის" ეკრანზე ნახვისას და ნაწარმოების კითხვისას აბსოლუტურად იდენტური განცდა დამეუფლა. გავოგნდი, როცა ჰოლივუდის ყველა მსახიობი საკუთარი ვოკალით წიგნში მოთხრობილ ამბავს ჰყვებოდა. ამ ფილმში ძალიან კარგი მუსიკალური ნაწარმოებებია! მახსოვს, კინოთეატრი ბევრმა მაყურებელმა დატოვა. ალბათ, ამ მიუზიკლის ნახვამდე წიგნი რომ არ წამეკითხა, შესაძლოა, ფილმის სიუჟეტი ვერ გამეგო და კინოთეატრის დარბაზი მეც დამეტოვებინა...

- როგორ ფიქრობ, შენი, როგორც ტელეწამყვანის მთავარი ხიბლი რა არის?

- ალბათ, ასეთ შეკითხვას ზუსტ პასუხს ვერასოდეს გავცემ. უბრალოდ ვიცი, რომ აუცილებლად იარსებებენ ადამიანები, ვისაც მოვეწონები და ვინც ჩემ მიმართ კრიტიკულად განწყობილი იქნება. ეს გემოვნების საკითხია. გადაცემის ჩანაწერს ყოველთვის ვუყურებ. ყველა ეთერის შემდეგ ვკითხულობ, - რა არ მოგეწონათ-მეთქი? მუშაობის დაწყების პირველივე დღიდან ასე ვიქცევი. პირადად მე, ის მომწონს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, პროფესიული თვალსაზრისით გავიზარდე და დღეს "იმედის დილის" წამყვანი მქვია. საერთოდ, მგონია, რომ დილის გადაცემების წამყვანები ხალისიანები, პოზიტიურები ვართ. პრობლემებს, ფიზიკურსა თუ ემოციურ ტკივილს კადრს მიღმა ვტოვებთ, მაყურებლისთვის ყოველთვის კარგ ხასიათზე ვართ.

- სოციალურ ქსელში შენი და ილო ბეროშვილის შესაძლო რომანის შესახებ უკვე ჭორები გავრცელდა. სინამდვილეში, თქვენ შორის რა ხდება?

- მე და ილო უახლოესი მეგობრები ვართ. ის ძალიან მიყვარს და ყოველმხრივ ნიჭიერ ადამიანად მიმაჩნია. ამაში ტელემაყურებელთა 99,5% დამეთანხმება, დანარჩენი 0,5% (ვინც არ დამეთანხმება) კი არაობიექტური იქნება. რა თქმა უნდა, ეთერში ფლირტი, წაკინკლავება და ქათინაურები გადაცემის ნაწილია. უბრალოდ, ვცდილობთ, მუშაობის 2-საათ-ნახევარი ერთმანეთს გავუხალისოთ. ვფიქრობ, ეს კარგად გამოგვდის, რადგან მაყურებლების გამოხმაურებიდან, კომენტარებიდან ჩანს, რომ ილო ხალხს ძალიან უყვარს, ნეგატიური დამოკიდებულება არ იგრძნობა... ასე ვერთობით ხოლმე (იცინის).

- ეს შეკითხვა ადრეც დაგისვი, მაგრამ მას მერე ბევრი დრო გავიდა: შენთვის სასურველი მამაკაცი როგორი უნდა იყოს? განაგრძეთ კითხვა

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს