"ჩემს აგარაკზე, ტბაში ფული ვიპოვე" - ნინი გოგიჩაიშვილის "ფულის გემო"

"ჩემს აგარაკზე, ტბაში ფული ვიპოვე" - ნინი გოგიჩაიშვილის "ფულის გემო"

"ჯერ კიდევ პატარამ ვიცოდი, რომ ფული ცხოვრებისთვის აუცილებელი რამ იყო. იცის ვიცოდი, რომ თუ ბევრს არ იშრომებ, ფული და მით უმეტეს, უზრუნველი ცხოვრება არ გექნება", - მითხრა მოდელმა და ტელეწამყვანმა ნინი გოგიჩაიშვილმა, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ სამსახური აქვს, მშობლებისა და ოჯახის წევრების მატერიალური დახმარება მაინც სჭირდება ხოლმე.

- ფული რომ მნიშვნელოვანი რამ არის, ეს ჩვენი წინაპრების დამსახურებაა - იმ ადამიანებს ვგულისხმობ, რომლებმაც ღირებულების საზომი ერთეული შექმნეს და მას მოგვიანებით ფული უწოდეს. როცა ადამიანები საუკუნეების წინ, ერთმანეთს საქონელს უცვლიდნენ, მიხვდნენ, რომ სჭირდებოდათ რაიმე ისეთი უნივერსალური გადახდის საშუალება, რომლის სანაცვლოდაც შეძლებდნენ ნებისმიერი სახის საქონლის ყიდვას და არა - გაცვლას. ჰოდა, დღეს უფულოდ ცხოვრება წარმოუდგენელიც კი არის. ყველა იმისთვის შრომობს, რომ თანხა გამოიმუშაოს.

- როგორი გემო აქვს შენთვის ფულს?

- ტკბილი და სასიამოვნო გემო აქვს. ფული არის საშუალება საიმისოდ, რომ ცხოვრება გაილამაზო და გაიხალისო. შეძლებისდაგვარად, ამ ყველაფერს ვახერხებ. მიმაჩნია, რომ ცხოვრებას უფულოდ ლამაზ ფერებში ვერ აღიქვამ.

- როგორ ფიქრობ, ფული ადამიანის საზოგადოებრივ სტატუსს განსაზღვრავს?

- ფულის რაოდენობა ადამიანის სოციალურ სტატუსს არ განსაზღვრავს. ვფიქრობ, ეს პიროვნების განათლებით, კულტურითა და ინტელექტით განისაზღვრება.

- შესაძლებელია თუ არა, წარმატება იყიდო?

- რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია! ფულით გაცილებით ადვილია ნიჭის ინვესტიცია მოახდინო და გააკეთო ბევრი საინტერესო პროექტი, მიიღო კარგი განათლება, რომელსაც შემდგომ შენივე წარმატებისთვის გამოიყენებ. ფულს თუ ჭკვიანურად გამოიყენებ, აუცილებლად იქნები წარმატებული! მაგრამ მიზანს რომ მიაღწიო, ამისთვის სიზარმაცის დაძლევა და შრომაც აუცილებელია.

- თუ გაიხსენებ, პირველი ხელფასი რა ასაკში აიღე და რაში დახარჯე?

- სულ მინდოდა, დამემახსოვრებინა პირველი ხელფასი რაში დავხარჯე, რადგან ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან, ვინმე ამ კითხვას დამისვამდა (იცინის), მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ, ვერ დავიმახსოვრე... თუმცა, ის კი მახსოვს: კლიპში მონაწილეობისთვის 200 დოლარი რომ მომცეს, საკუთარი თავით ძალიან კმაყოფილი ვიყავი.

- მატერიალურად დამოუკიდებელი ხარ?

- დიახ. მას მერე, რაც მუშაობა დავიწყე, თავს მატერიალურად დამოუკიდებელ ადამიანად მივიჩნევ. თუმცა, ხანდახან დახმარებაც მჭირდება ხოლმე (იცინის).

- ბავშვობაში ყულაბა გქონდა?

- ბავშვობაში ყულაბაში ფულს ხშირად ვაგროვებდი. სხვათა შორის, შეგროვებულ თანხას უაზროდ არასდროს ვფლანგავდი. ყოველთვის რაღაც საინტერესოს ვყიდულობდი.

- ოდესმე იმდენი ფული გქონია, რომ გეფიქრა - ამ თანხით ბევრ ოცნებას ავისრულებო?

- (იცინის) ჯერ იმდენი ფული არ მიშოვია, რომ ყველა ჩემი კაპრიზი ამეხდინა. თუმცა, ყველაფერი წინ მაქვს. აუცილებლად ვიშოვი იმდენ თანხას, რამდენიც ჩემი ოცნებების ასრულებას დასჭირდება.

- უეცრად რომ გამდიდრდე, პირველ რიგში, რას შეიძენ?

- ვაიმე, არ ვიცი... ალბათ, მოგზაურობას მოვიწყობდი და ყველა იმ ქვეყანას ვნახავდი, სადაც ჯერ არ ვყოფილვარ. და კიდევ, აუცილებლად დავეხმარებოდი გაჭირვებულ ადამიანებს.

- ხელფასს ძირითადად, რაში ხარჯავ?

- ფულს ძირითადად, მეგობრებში და საკუთარი თავის მოვლაში ვხარჯავ. მიყვარს და მეხალისება საყვარელი ადამიანებისთვის რაღაცების ყიდვა. თავის მოვლა კი ვიცი, აუცილებელია და ამიტომ ვცდილობ, ამ მხრივ არ მოვდუნდე. ყოველთვის მაქვს სურვილი, კარგად გამოვიყურებოდე.

- ფულის ეკონომიურად ხარჯვა გეხერხება?

- ვაღიარებ, ეს არ მეხერხება. როგორც დედაჩემი ამბობს, - ფულის ეკონომიურად ხარჯვას ვერასდროს ვისწავლი (იცინის). მაგრამ იმედია, მომავალში შევძლებ დანაზოგის გაკეთებას.

- რამდენად შესაძლებელია ფულით სიყვარული და ბედნიერება შეიძინო?

- ფულის გამო ვინმეს შეყვარება ჩემთვის წარმოუდგენელი რამ არის. ფულით ოცნებებს აისრულებ, ადამიანურ ურთიერთობებს კი ვერ იყიდი. სიყვარული და ბედნიერება შეუფასებელი რამ არის - ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ.

- საფულეს ყოველთვის ატარებ?

- ფული ყოველთვის სახელფასო ბარათზე მაქვს და რამდენიც მჭირდება, იმდენი გამომაქვს ხოლმე. როგორც წესი, საფულეში თანხა არასდროს მიდევს.

- შენი აზრით, შესაძლებელია თუ არა, რომ ბევრი ფულის დახარჯვის გარეშეც ისე მიხედო საკუთარ თავს, რომ უნაკლოდ გამოიყურებოდე?

- რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია. მთავარია, ადამიანს გქონდეს სურვილი, რომ კარგად გამოიყურებოდე. სახლის პირობებშიც შეიძლება საკუთარ თავზე ზრუნვა.

- დაასახელე ყველაზე ძვირად ღირებული ნივთი, რომელიც საკუთარი ხელფასით შეიძინე.

- საკუთარი შემოსავლით ბევრი რამ მაქვს შეძენილი. განსაკუთრებულად მიყვარს კარგი ტექნიკის ყიდვა.

- როცა, რაღაცის შეძენა გინდა, გადაწყვეტილების მიღება გიჭირს თუ არა?

- ყოველთვის ზუსტად ვიცი, რა მომწონს და რა მჭირდება, ამიტომ გადაწყვეტილებას მალევე ვიღებ. ვფიქრობ, საკუთარი თავის გასაბედნიერებლად ფულის ხარჯვა არავის არ უნდა დაენანოს.

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება