"ბებიის სიყვარულმა დიდ შარს ააცდინა ცოტნე, ბახვა და ბექა" - ვინ არის "ჩემი ცოლის დაქალების" დოდო და გახდება თუ არა ბახვა სერიალის მთავარი პერსონაჟი

"ბებიის სიყვარულმა დიდ შარს ააცდინა ცოტნე, ბახვა და ბექა" - ვინ არის "ჩემი ცოლის დაქალების" დოდო და გახდება თუ არა ბახვა სერიალის მთავარი პერსონაჟი

პროფესიით არამსახიობი ბახვა ბრეგვაძის პერსონაჟი, რომელიც პოპულარულ სერიალშიც საკუთარი სახელით მონაწილეობს, მიმდინარე სეზონზე, ერთ-ერთი მთავარი სახასიათო გმირი ხდება. ყოველ შემთხვევაში, მთავარ ამბებში, პირდაპირ თუ ირიბად, აქტიურად არის ჩართული.

ბოლო სერიაში მას ბებიაც კი გამოუჩნდა, ამასთან, სწორედ ბახვას მიაწერა სცენარისტმა ერთ-ერთი სერიოზული კვანძის გახსნაც...

"ამბები.გე" ბახვას გაესაუბრა.

- "ჩემი ცოლის დაქალები" საბოლოოდ, რა არის შენთვის?

- ეს სერიალი ჩემი სამსახურია, ანუ უკვე საყვარელი საქმე (იღიმება). თან, სულ ამას ვამბობ, რომ "ფორმულა კრეატივის" "სკოლაში" პარალელურად მსახიობის ოსტატობას ვსწავლობ-მეთქი. მყავს ყველაზე მაგარი ლექტორები, მასტერკლასებს უკარგეს მსახიობებთან გავდივარ და ა.შ. მათგან ყოველდღიურად რაღაც ახალს ვიგებ და ვითვისებ. ვინც ამ პროდუქტს ქმნის და მასზე მუშაობს, თითოეული თავის საქმის სუპერპროფესიონალია. უზომოდ გამიმართლა, რომ ამ ჯგუფთან ერთად მიწევს საქმიანობა და მათგან ბევრი სასარგებლო რამის სწავლა. იმედი მაქვს, რომ მართლაც არსებობს რეალური შანსი, ჩემგან კარგი მსახიობი დადგეს (იცინის).

- როგორც ჩანს, როლის გათავისებაც უკვე გეადვილება.

- როლში შესვლა აღარ მიჭირს იმდენად ზუსტი და კარგად დაწერილი სცენარი მოგვდის. ამის გამო მუშაობა ძალიან ადვილია. მერე ვფიქრობ, ბახვა რატომ ამბობს იმ კონკრეტულ ფრაზას, ან როგორ ჯობია, რომ თქვას და ა.შ. მოკლედ, წინასწარაც ვემზადები და მერე უკვე რეჟისორიც უფრო კონკრეტულ მიმართულებას მაძლევს... თან, ბახვას ტიპაჟი, ხასიათი უკვე მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული და როგორ სიტუაციაში რას და როგორ გააკეთებს, კარგად ვიცი.

- აქამდე თუ ნაცნობ მსახიობებთან გიწევდა თამაში, ახლა შენთვის სრულიად უცხო, მაგრამ გამოცდილ მსახიობთანაც უპრობლემოდ ითამაშე. ეს ბოლო სერიაში კარგად გამოჩნდა...

- მიხარია, თუ ეს სერია მოგეწონათ. მგონი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ნაცნობია თუ უცნობი ადამიანი, ვისთან ერთადაც თამაშობ, მთავარია, როგორი პარტნიორია, ერთმანეთს როგორ შეეწყობი. ამაშიც ძალიან მიმართლებს (იღიმის)...

- თან, შენს პერსონაჟს ბოლო სერიაში საკვანძო ეპიზოდი ჰქონდა, ბახვას ინფორმაციამ კვანძი გახსნა.

- ბახვამ მართლაც სერიოზული კვანძი გახსნა. მისმა ბებიის მიმართ სიყვარულმა დიდ შარს ააცდინა პირველ რიგში, ცოტნე და შემდეგ უკვე ბახვა და მასთან ერთად, ბექა.

- შენი პერსონაჟი სერიალში სერიოზულ დატვირთვას იძენს. რას ფიქრობ, - საბოლოოდ მთავარ გმირად ხომ არ გადაიქცევა?

- ეს ყველაფრი ძალიან მიხარია, რადგან კარგი სათამაშო ეპიზოდები მაქვს და ეს ეპიზოდები მატულობს, რაც ჩემთვის ამ ყველაფერს კიდევ უფრო საინტერესოს და სასიამოვნოს ხდის. სულ მთავარ გმირად ბახვას გადაქცევა არა მგონია, მოხდეს. მაგრამ რა იცით, რა ხდება (იცინის)? ძალიან კმაყოფილი ვარ დღესაც და მაშინაც კმაყოფილი გახლდით, თავიდან, როცა რაღაც სერიებში მხოლოდ თითოოროლა წინადადებას ვამბობდი.

- შენი მთავარ პერსონაჟად გადაქცევის შესახებ აზრი იმის გამო გამიჩნდა, რომ სერიალაში ოჯახის წევრებიც გამოგიჩდა.

- რაც შეეხება ოჯახის წევრების გამოჩენას, ბახვას როგორც ბოლო სერიიდან შეიტყვეთ, დედა არ ჰყავს, მამას და მის საყვარელს როდის ვიხილავთ, ეს, რა თქმა უნდა, მე არ ვიცი, თუმცა ჩემი ბებია კი ყველამ გაიცანით...

- ვინ არის ეს ქალბატონი?

- ფოთის თეატრის ძალიან მაგარი მსახიობი - ნიარა ჭიჭინაძე. იცით, მანამდეც როგორ მომწონდა ეს მსახიობი? ძალიან!

რამდენიმე თვის წინ, "ფეისბიქზე" რეჟისორ პაატა ციკოლიას სპექტაკლი "კალიგულა" ჰქონდა თავის გვერდზე ატვირთული, რომელსაც ვუყურე, მომეწონა, მაგრამ განსაკუთრებული შთაბეჭდილება სწორედ ნიარა ჭიჭინაძემ მოახდინა. ხომ ვამბობ, ძალიან მომეწონა მისი თამაში. ფოტოც გადავუღე და შევინახე. მერე უკვე სცენარი რომ მოვიდა და სერიალში პერსონაჟი დოდო (ბახვას ბებია) შემოვიდა, მაშინვე ქალბატონი ნიარა გამახსენდა. კასტინგი ჩვენი საქმე არ არის და რა თქმა უნდა, ამაში მსახიობები არ ვერევით, მაგრამ ვერ მოვითმინე და ჩვენს კურატორს ნიარა ჭიჭინაძის ფოტო გავუგზავნე და მივწერე - როგორ მოუხდებოდა ეს ქალი ჩემი ბებიის როლს-მეთქი. მან მაშინვე მიპასუხა, რომ ზუსტად ეს მსახიობი განიხილება ამ როლზეო... რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა და მოუთმენლად ველოდებოდი ქალბატონ ნიარასთან ერთად გადაღებას. მოლოდინმა გაამართლა, ყველას ძალიან მოეწონა ბახვას, ანუ ჩემი ბებია (იღიმება).

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება