"ბავშვობაში დედაჩემისთვის მარგალიტის მძივებს ვნატრობდი" - როგორ ემზადება "ნიჭიერის" ბარბარა სამხარაძე ახალი წლისა და ფინალისთვის

"ბავშვობაში დედაჩემისთვის მარგალიტის მძივებს ვნატრობდი" - როგორ ემზადება "ნიჭიერის" ბარბარა სამხარაძე ახალი წლისა და ფინალისთვის

"ნიჭიერის" კონკურსანტი ბარბარა სამხარაძე, რომელიც უკვე ფინალისტია და ვოკალური მონაცემებით აოცებს მაყურებელს, მეგაპროექტში მონაწილეობით კმაყოფილია. ამბობს, რომ "ნიჭიერში" ჩართვით მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ეს კონკურსი ასეთ ემოციებს მომანიჭებდა, ყველაფერმა მოლოდინს გადააჭარბა, - ამბობს ის

და ჩვენთან საუბარს ასე განაგრძობს:

- კარგი ამბები მოხდა, მაგრამ რაც მთავარია, მე ისევ ისეთი ბარბარა ვარ, როგორიც ვიყავი და ასეთად დავრჩები სულ. ვეცდები, ეს წარმატება თავში არ ამივარდეს...

- ფინალისთვის როგორ ემზადები?

- რომ არ მოგატყუოთ, მზადება ჯერ არ დამიწყია, რადგანაც ჯერ ეიფორია არ გამნელებია, მაგრამ დავიწყებ და ძალიან აქტიურად. შრომას ნამდვილად არ დავაკლებ, რომ მაყურებელი კარგი ნომრით ვასიამოვნო.

- რომ გაიმარჯვო, მერე რა გეგმები გაქვს?

- ჯერ გავიმარჯვო და გეგმებზე მერე ვისაუბრებ (იცინის), ბევრი კარგი კონკურსანტია და დიდი კონკურენციაა.

- კულისებში როგორ ურთიერთობთ მონაწილეები?

- ვერც კი დაიჯერებთ, ერთმანეთს როგორ ვგულშემატკივრობთ და ვამხნევებთ. ვერც იფიქრებთ, რომ კონკურენტები ვართ.

- შენს ბოლო გამოსვლას რომ მივუბრუნდეთ, როგორ მოამზადე?

- ნომერზე მართლა სერიოზულად ვიმუშავე. რაც შეხება სამოსს და ვარცხნილობას, დიზაინერებმა იშრომეს, ოღონდ, სიმღერისა თუ სამოსის შერჩევისას, ჩემი გემოვნება, სურვილები გაითვალისწინეს, ანუ ამ საქმეში მეც ჩავერიე. ბოდიში მინდა, რომ მოცეკვავეებს მოვუხადო, ისე დავაბიჯებდი სცენაზე, მგონი, მათ ხასიათში ვერ ვჯდებოდი...

- ცეკვა არ გიყვარს?

- არა (იცინის).

- ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი შენს ხასიათში იყო. ახლა ის გვითხარი, საახალწლოდ რა გეგმები გაქვს?

- ჩვენს ოჯახს ახალი წლის შეხვედრის ასეთი ტრადიცია აქვს: რომ ყველა ერთად ვხვდებით სუფრასთან და აღვნიშნავთ იმით, რაც გვაქვს. სუფრაზე ბევრი ტკბილეული გვაქვს, მანამდე კი სერიოზულად ვემზადებით. მერე სპეციალურად ველოდებით მეკვლეს. მერე ოჯახის უფროსი წევრი, ანუ ბებო ტკბილეულით უმცროსებს გვანებივრებს. ეს ურყევი ტრადიციაა და წელსაც ასე იქნება.

- რა არის შენი საახალწლო ნატვრა, სურვილი?

- რა ვიცი, იმდენი ნატვრა და სურვილი მაქვს, შეიძლება, ეგ ყველაფერი თოვლის ბაბუას რომ ვუთხრა, სახლიდან გაიქცეს და თავისი სამოსი იქვე დამიტოვოს. ერთადერთი, რაც მინდა, ყველა ბედნიერად იყოს...

- ბავშვობაში რას უთვლიდი თოვლის ბაბუას?

- ფერადი ფანქრები მინდოდა, რომ მქონოდა. დედაჩემისთვის მარგალიტის მძივებს ვნატრობდი, თან, მძივები იმხელა და იმდენი მინდოდა, რომ ყოფილიყო, ვერ გაევლო და კისერი ჩამოგრძელებული ჰქონოდა, მაგრამ გავიზარდე ახლა და ასეთი სურვილები ხომ აღარ მექნება?

- ოცნება ადვილად გისრულდება?

- კი, ძალიან. საერთოდ, ისეთ რაღაცას არ ვნატრობ, რომლის ასრულებაც არ შეიძლება. მგონი, ასე ჯობია.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება