ვინ გახდნენ "ოქროს გლობუსის" 2016 წლის ტრიუმფატორები

ვინ გახდნენ "ოქროს გლობუსის" 2016 წლის ტრიუმფატორები

რამდენიმე საათის წინ კალიფორნიაში, სასტუმრო ბევერლი ჰილტონში "ოქროს გლობუსის" რიგით 73-ე დაჯილდოება გაიმართა. ცერემონიას უკვე მეოთხედ ბრიტანელი კომიკოსი რიკი ჯერვაისი უძღვებოდა, რომელიც ყოველი შოუს შემდეგ კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა ხოლმე თავისი ენაკვიმატი ხუმრობების გამო.

"ოქროს გლობუსის" ტრიუმფატორი ფილმი The Revenant გახდა. მას მიენიჭა წლის საუკეთესო დრამატული ფილმის სტატუსი, რეჟისორმა ალეხანდრო გონსალეს ინარიტუმ წლის საუკეთესო რეჟისურისთვის მიიღო ჯილდო, ხოლო ლეონარდო დიკაპრიომ მამაკაცის საუკეთესო დრამატული როლის შესრულებისთვის. მართალია, "ოქროს გლობუსს" "ოსკარის" რეპეტიციას უწოდებენ, მაგრამ ნაადრევია იმაზე საუბარი, მიიღებს თუ არა "ოსკარს" დიკაპრიო, რადგან დღევანდელი გამარჯვება უკვე მესამეა მისთვის და წინა ორი ტრიუმფის დროს ის "უოსკაროდ" დატოვეს.

წლის საუკეთესო კომედიური ჟანრის ფილმად "მარსელი" დასახელდა, ხოლო საუკეთესო მამაკაც მსახიობად ამ ჟანრში "მარსელის" ვარსკვლავი მეთ დეიმონი. საუკეთესო მსახიობი ქალი დრამატულ როლში ბრი ლარსონი გახდა ფილმისთვის "ოთახი", საუკეთესო ქალი კომედიურ როლში კი ჯენიფერ ლოურენსი ფილმისთვის "ჯოი". მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის ჯილდო ლეგენდარულმა სილვესტერ სტალონემ მიიღო მეშვიდედ განსახიერებული როკი ბალბოას როლისთვის ფილმში "კრიდი", ხოლო ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის კეიტ უინსლეტმა მიიღო ჯილდო ფილმისთვის "სტივ ჯობსი".

წლის საუკეთესო ანიმაციად პიქსარის Inside Out აღიარეს, საუკეთესო უცხოენოვან ფილმად კი უნგრული "სოლის შვილი". საუკეთესო სცენარის კატეგორიაში აარონ სორკინმა გაიმარჯვა "სტივ ჯობსისთვის", საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის "გლობუსი" ცოცხალ ლეგენდას - ენიო მორიკონეს გადასცეს კვენტინ ტარანტინოს ფილმისთვის "საძულველი რვიანი", ფილმისთვის დაწერილი საუკეთესო სიმღერისთვის კი სემ სმიტი დაჯილდოვდა ჯეიმს ბონდის ახალი ფილმის სიმღერისთვის - Writings on the wall.

იხილეთ ვიდეო: დიკაპრიოს რეაქციამ ლედი გაგას შეხებაზე ინტერნეტი დაიპყრო

სატელევიზიო ნომინაციებში გამარჯვებულები კი ასე გამოიყურებიან:

  • საუკეთესო დრამატული სერიალი: მისტერ რობოტი
  • საუკეთესო კომედიური სერიალი: მოცარტი ჯუნგლებში
  • საუკეთესო მინისერიალი: Wolf Hall
  • საუკეთესო მსახიობი მამაკაცი დრამატულ სერიალში: ჯონ ჰემი
  • საუკეთესო მსახიობი ქალი დრამატულ სერიალში: ტარაჯი პი ჰენსონი
  • საუკეთესო მსახიობი მამაკაცი კომედიურ სერიალში: გაელ გარსია ბერნალი
  • საუკეთესო მსახიობი ქალი კომედიურ სერიალში: რეიჩელ ბლუმი
  • საუკეთესო მეორეხარისხოვანი ქალის როლი სერიალში: მორა ტირნი
  • საუკეთესო მეორეხარისხოვანი მამაკაცის როლი სერიალში: კრისტიან სლეიტერი
  • საუკეთესო მამაკაცი მსახიობი მინისერიალში: ოსკარ აიზეკი
  • საუკეთესო მსახიობი ქალი მინისერიალში: ლედი გაგა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება