სიგარეტი "ჩემი ცოლის დაქალებში" - "იქნებ ამიხსნან, სერიალში რანაირად ხდება თამბაქოს რეკლამა?!"

სიგარეტი "ჩემი ცოლის დაქალებში" - "იქნებ ამიხსნან, სერიალში რანაირად ხდება თამბაქოს რეკლამა?!"

მიუხედავად იმისა, რომ პოპულარული სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" მერვე სეზონია მიმდინარეობს, მის მიმართ ინტერესი და მასზე მსჯელობა არ წყდება... "ფორმულა კრეატივის" ეს პროდუქტი ძირითადად მოსწონთ, თუმცა ზოგიერთი მაყურებელი მუდმივად რაღაცით მაინც უკმაყოფილოა, რადგანაც აღნიშნულ პროექტში გარკვეულწილად, ამა თუ იმ ნორმის, ტრადიციისა თუ წეს-ჩვეულების დარღვევას ხედავს.

სერიალის გურმანები, თუ კრიტიკოსები ხშირად ჩვენც გვწერენ. ბოლოს ასეთი კითხვით მოგვმართეს: რატომ არის, რომ თითქმის ყველა სერიაში თამბაქოს მოწევის სცენაა (ხშირად მასობრივი მოწევის სცენაც) ასახული? ეს სიგარეტის რეკლამა და პროპაგანდა არ არის? მაყურებლის ამ კითხვით სერიალის პროდიუსერს, ირაკლი საღინაძეს მივმართეთ:

- თუ ადამიანები შეხედავენ ყველაფერს ისე, როგორც საჭიროა და არა ისე, როგორც ზოგადად ხედავენ, უკეთესი იქნება. სერიალში სად გვყავს ისეთი გმირი, რომელიც თამბაქოს ეწევა და ამით ცხოვრება ულამაზდება?! სცენარში მთავარი მოცემულობა ის არის, რომ რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, ის ავსახოთ. ნებისმიერ ოჯახში შეიძლება შეხვიდე და ნახო სურათი, სადაც მეგობრები სხედან და სიგარეტის მოწევისგან გაბოლილია ოთახი, - მარტივად ეს იმის დემონსტრირებაა, რომ ადამიანები იმის ნაცვლად, რომ საქმით, კულტურული ქცევით ახდენდნენ საკუთარი თავის რეალიზაციას, სიგარეტის მოწევითა, თუ იგივე ბილწსიტყვაობით რეალიზდებიან. ეს ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილის უკულტურობის დამადასტურებელი ფაქტია.

ამ დროს კი ვიღაცები ჩვენთან შეკამათებას თითიდან გამოწოვილი "რაღაცებით" ცდილობენ. ვერ ვხვდები, იქნებ ამიხსნან, სერიალში რანაირად ხდება თამბაქოს რეკლამა?! რაში მდგომარეობს ამ შეკითხვის არსი? ჩვენი პროდუქტი მუდმივი ძიების ობიექტია. ამ დროს შეთქმულების თეორიის ავტორებს უნდათ, რომ ეკრანზე სიგარეტის მოწევა თამბაქოს პროპაგანდად მიიჩნიონ. თუ ასე უნდათ, კი, ბატონო, მოწიონ და დაიავადმყოფონ ფილტვები...

საოცარია ადამიანების ეჭვი, - ფიქრობენ, რომ ჩვენ თითქოს რაღაც საჩუქრებს გვირიგებენ იმაში, რომ ეკრანზე სიგარეტი გამოვაჩინოთ... ამაზე რა უნდა ვქნა, ეგონოთ, პრობლემა არ არის, ეგონოთ, რომ გაცილებით მდიდარი ვარ, ვიდრე ეს რეალურად არის.

- რას ეტყოდით ასეთ მაყურებელს?

- შექმულების თეორიის მოყვარულებსა და მიმდევრებს შემიძლია ვუთხრა, რომ ჩვენ ვცდილობთ, საავტორო პოზიცია ყოველთვის მაქსიმალურად იყოს მაყურებლისთვის მიწოდებული იმიტომ, რომ გაცილებით ჯანსაღი იყოს საზოგადოება, მეტი რეფლექსი ახასიათებდეს, მეტი გააზრება შეძლოს საკუთარ თავში არსებული პრობლემების. მაგრამ საზოგადოების გაჯანსაღებაზე ვფიქრობთო, - ეს ნათქამი არ მიიღონ ისე, რომ მესიანიზმი გვაქვს განზრახული. უბრალოდ, ჩვენი სურვილი, სტილი ეს არის და ნებისმიერ შემთხვევაში ვცდილობთ, ეს სტილი დავიცვათ. შესაბამისად, შეთქმულებები არ გვჭირდება, - რაღაც ქვედინებები, ან რეკლამა. ყველაფერი თვალსაჩინოა, კანონის ფარგლებში, პირნათელი ვართ როგორც მაყურებელთან, ისევე კანონთან. თამბაქოს რეკლამა არ შეიძლება. სერიალში ზუსტად რომ ანტირეკლამაა და იმის ხაზგასმაა, რომ ჩვენი საზოგადოება დაავადებულია თავისი ქცევის დონეზე და მერე უკვე ფიზიკურადაც. საზოგადოება, რომელიც არ უფრთხილდება სიცოცხლეს, არის უხარისხო, ამიტომ ვცდილობთ, კიდევ ერთხელ თვალსაჩინოდ ვაჩვენოთ, რომ ადამიანებს აქვს კომპლექსები და ამ კომპლექსებს იკმაყოფილებენ არა პოზიტიური ქცევით, სიცოცხლის მომსახურებით, არამედ პირიქით, ერთგვარი სუიციდური, გაუაზრებელი ატრიბუტებითა თუ ქცევით, რომელიც დესტრუქციულია.

- სერიალში ამ სეზონზე რა სიახლეს უნდა ველოდოთ?

- ახალი არაფერია მოსალოდნელი, ეს სეზონი უნდა დასრულდეს ისე, როგორი მიმართულებაც გვაქვს ამ სეზონზე აღებული.

- ჰო, ბოლო დროს თითო გმირთან დაკავშირებით ფილმებივით კინოციკლებს ქმნით. ასე რატომ გადაწყვიტეთ?

- დროთა განმავლობაში სერიალს სჭირდება ცვლილება იმისთვის, რომ ჩვენი თხრობა მრავალფეროვანი იყოს. ამ სეზონში გვინდოდა, პერსონაჟებზე მეტად მოგვეხდინა ფოკუსირება, რომ ისტორიის თხრობა, უფრო ღრმად შეგვძლებოდა. ამიტომ მიმდინარე სამი-ოთხი ხაზი დავაჯგუფეთ და გადავანაწილეთ ცალკე ისტორიებად, პატარა ციკლებს ვიღებთ. მინიფილმებია, რაც მგონია, რომ კარგია. შეიძლება ვიღაცას ესეც საკამათოდ მოეჩვენოს, თუმცა ესეც ძიების პროცესია, მუდმივად რაღაც სიახლე უნდა იყოს. მერვე სეზონზე რომ მუშაობ, იმისთვის, რომ არ დაგიძველდეს და გაგიცვდეს პროდუქტი, მუდმივად შინაარსშიც, ტექნიკურ ნაწილშიც, შესაძლებელი უნდა გახდეს მარავალფეროვნების შექმნა, მით უმეტეს, როცა გყავს მსახიობები, რომლებიც კარგები არიან. საჭიროა, პერსონაჟები აითვისო და მსახიობების დახმარებით, სახეები უფრო გაამრავალფეროვნო. დიახ, მათი ისტორიების თხრობისას, მსგავსი ფოკუსირება და აქცენტები შემოქმედებითად მუშაობაში საინტერესო აღმოჩნდა.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება