"მიხარია, რომ ზაზა ფაჩულიამ მადლობა გადამიხადა" - რეპერმა მასტერმა კალათბურთელს სიმღერა მიუძღვნა

 "მიხარია, რომ ზაზა ფაჩულიამ მადლობა გადამიხადა" - რეპერმა მასტერმა კალათბურთელს სიმღერა მიუძღვნა

ზაზა ფაჩულიას მხარდაჭერა, ვინც როგორ შეძლო, ისე გამოხატა, რისთვისაც ზაზამ თავის "ფეისბუქ-გვერდის" საშუალებით, ყველას მადლობა გადაუხადა: "...დიდ მადლობას გიხდით თანადგომისთვის და ასეთი მხარდაჭერისათვის! თქვენი თითოეული სტატუსი უდიდეს ენერგიას და სტიმულს მაძლევს. დიდი მადლობა ყველას, ვინც ერთხელ მაინც მომცა შანსი და მომცა ხმა, რომ ოცნება ავიხდინო და ჩემი გუნდის და ჩემი ქვეყნის სახელით ვითამაშო ALL STAR-ის თამაში".

გუშინ კი კალათბურთელის გვერდზე მორიგი სამადლობელი სტატუსი გაჩნდა. მადლობა რეპერ მასტერს (გიორგი პავლიაშვილი) გადაუხადა სპეციალურად ზაზასთვის შექმნილი რეპკომპოზიციისთვის და იქვე მისი ვიდეოც გაიზიარა.

5 დღეში აღნიშნულ კლიპს დაახლოებით, 250.000-მდე ნახვა აქვს...

"ამბები.გე" მასტერს დაუკავშირდა.

- ზაზას ახლოს იცნობ?

- ზაზას ახლოს არ ვიცნობ და ძალიან გამიხარდა, რომ ვიდეომ მის ყურამდეც მიაღწია, რის შემდეგაც ოფიციალურ გვერდზე მადლობა გადამიხადა, რამაც ძალიან გამახარა.

- მართლა კარგი ნამუშევარი გამოგივიდა.

- რამდენიმე დღის წინ, დილით გავიღვიძე, ჩემს ძმაკაცს, რეჟისორ რატი დოლიძეს დავურეკე და ვუთხარი, წამოდი, ახალი თემა მაქვს-მეთქი და შემდეგ გიორგი დათიაშვილს თავის სტუდიაში სიმღერის ჩაწერა ვთხოვე, ტექსტი 30 წუთში დავწერე... და პროდუქტიც შეიქმნა! 

სულ მინდოდა, ზაზას მხარდასაჭერად რაღაც უფრო მეტი გამეკეთებინა, ვიდრე მხოლოდ პოსტის დაწერა. მიხარია, რომ მის ოფიციალურ გვერდზე დიდი მადლობა გადამიხადა და ვიდეოც გაიზიარა. არადა, ვიდეო სპეციალურად არ გადავუგზავნე, მაინტერესებდა ზაზამდე მიაღწევდა თუ არა.

- გიყვარს კალათბურთი?

- კალათბურთის დიდი ფანი ვარ-მეთქი ვერ ვიტყვი, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს არის ულამაზესი სპორტი, დიახ, ხაზგასმით, ულამაზესი და ამას ამერიკაში ყოფნისას მივხვდი, როდესაც ვესწრებოდი ადგილობრივ შეხვედრებს.

- ზაზასთან პირველი ინტერვიუ წლების წინ მაშინ ჩავწერე, როდესაც რეპერ ბედინასთან სტუდიაში რეპკომპოზიცია ჩაწერა, რაზეც კლიპიც გადაიღეს.

- კი, მახსოვს ბედინასა და ზაზას დუეტი (იცინის), ბავშვობაში მოსმენილი მაქვს... რეპი და კალათბურთი ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო კავშირშია.

- შენც ხომ არ ჩაწერდი ზაზასთან დუეტს?

- არ მიფიქრია, მაგრამ არ ვიტყოდი უარს ზაზასთან დუეტზე, ან მის თუნდაც კლიპში გადაღებაზე! ჯერჯერობით კი ის არის, რომ ზაზამ ძალიან გამახარა. წარმატებები მას.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება