რას წერს The Guardian განახლებული თბილისის ოპერის შესახებ

რას წერს The Guardian განახლებული თბილისის ოპერის შესახებ

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 6-წლიანი რეაბილიტაციის შემდეგ პირველად 30 იანვარს გაიხსნება. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მაყურებელი სცენაზე "აბესალომ და ეთერის" ახალ დადგმას იხილავს. განახლებული ოპერის თეატრის გახსნას ბრიტანული გამოცემა The Guardian ვრცელ სტატიას უძღვნის.

"საქართველოში 1991 წლის სამოქალაქო ომის დროს თბილისის ოპერის სახლის დირექტორი ზურაბ ლომიძე გახლდათ. როდესაც გარეთ ბრძოლა მიმდინარეობდა, ის და სხვა პერსონალი ოპერაში რჩებოდნენ მის დასაცავად" - ვკითხულობთ სტატიაში.

დაათვალიერეთ განახლებული ოპერის ფოტოები

"ერთ დღეს შეიარაღებულმა ადამიანებმა კარები ჩამოიღეს, გვითხრეს, რომ ოპერა თავშესაფრად ჭირდებოდათ. როდესაც წავიდნენ, შესასვლელი კარი აღარ გვქონდა და კედელი ტყვიებით იყო დაცხრილული. როდესაც მოგიანებით გაიხსნა ოპერა, მინდოდა ნატყვიარ კედელზე შუშის კედელი გაგვეკეთებინა წარწერით: კულტურას ასე არ უნდა მოექცე", - იხსენებს The Guardian-თან ინტერვიუში ზურაბ ლომიძე, რომელიც ამჟამად ოპერის ტექნიკური დირექტორია.

სანამ პოსტსაბჭოთა დავიდარაბაში მოყვებოდა საქართველო, თბილისის ოპერა ორჯერ დაიწვა. ახლა ახალი ერა იწყება 165-წლიანი ისტორიის მქონე ოპერის და ბალეტის თეატრში: ამ კვირაში ის ხელახლა იხსნება ქვეყნის უმდიდრესი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის სახსრებით. სეზონს ტრადიციული "აბესალომ და ეთერი" ხსნის. საქართველოს ხელოვნების მდიდარი ტრადიცია აქვს, რომელიც საუკუნეების წინ, იმ დროით თარიღდება, სანამ რუსეთის იმპერია და შემდეგ საბჭოთა კავშირი გადაყლაპავდა მას. ოპერა მეცხრამეტე საუკუნეში აშენდა რუსეთის მეფის კონსულის მიერ, როგორც ქრთამი, იმის იმედით, რომ ქართველები მოსკოვის მმართველობისადმი კეთილად განეწყოთ. კომუნისტების დროს, თბილისი მოსკოვის შემდეგ წამყვანი ადგილი იყო ოპერისა და ბალეტის წარმოდგენებისა.

როდესაც 90-იან წლებში სამოქალაქო ომის შემდეგ გაიხსნა ოპერა, ბილეთის ფასი ისეთი დაბალი იყო, პერსონალს ხელფასებს ვერ უხდიდნენ. "შიგნით ძალიან ციოდა, მაგრამ მოთხოვნა დიდი იყო. შეიძლება ოპერა ფუფუნებაა, მაგრამ იმ დროს აუცილებლობა იყო", - ამბობს ლომიძე.

"ვიმედოვნებთ, ეს მომენტი ქართულ კულტურაში ხელახალი დაბადება იქნება. კულტურა ჩვენი სახეა", - ამბობს ნინო ანანიაშვილი, საქართველოს სახელმწიფო ბალეტის ხელმძღვანელი.

დაფინანსება რეაბილიტაციისთვის ბიძინა ივანიშვილისგან წამოვიდა, რომელმაც პირობა დადო, რომ პირველი წლის წარმოდგენებსაც დააფინანსებს დამატებითი ასი მილიონი ლარით. ზოგიერთს ეჭვი შეაქვს ივანიშვილის მოტივებში ამ და სხვა დიდი პროექტების დაფინანსების გამო იმ ძალაუფლების გათვალისწინებით, რასაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფლობს.

რთულია იმის თქმა, რამდენად მოიზიდავს დაფინანსება დიდ საოპერო თუ საბალეტო ვარსკვლავებს თბილისში. ბოლო წლებში, ქართველი საოპერო მომღერლები საოცარ კარიერულ საფეხურებზე ადიან საზღვრებს გარეთ. ლადო ათანელი და თამარ ივერი, რომლებიც წამყვან როლებს შეასრულებენ "აბესალომ და ეთერის" ახალ დადგმაში, არაერთხელ მდგარან მილანის "ლა სკალას" სცენაზე.

მომზადებულია theguardian.com-ს მიხედვით