რატომ დატოვა ნინო ანანიაშვილის საბალეტო დასი ნათია ბუნტურმა

რატომ დატოვა ნინო ანანიაშვილის საბალეტო დასი ნათია ბუნტურმა

ნათია ბუნტურს ზოგი საბალეტო წარმოდგენებით და ზოგიც -ტელეეთერით იცნობს. ამავდროულად, ის პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა. ამბობს, რომ საინტერესო სცენარის შემთხვევაში, კინოშიც სიამოვნებით ითამაშებდა.

-როცა პატარა ვიყავი, დედამ გადაწყვიტა, ჭაბუკიანის სახელობის ხელოვნების სასწავლებელში შევეყვანე, სადაც ზოგადსაგანმანათლებო საგნებთან ერთად, ცეკვასაც ვსწავლობდი. დილიდან დაღამებამდე პროფესიულ განათლებას ვიღებდი და ეს მომწონდა (იღიმის).

-საკმაოდ რთული პროფესია გაქვთ. თავიდანვე გააზრებული გქონდათ, რომ მოგიწევდათ საათობით რეპეტიციები, ბევრ რამეში შეზღუდვა და ა.შ.?

-ცოტა რთულია, 10-11 წლის ბავშვმა გაიაზრო ეს სირთულეები, მაგრამ სასწავლებლის რეჟიმი თითქმის არაფრით განსხვავდება (თუ უფრო რთული არ არის) თეატრში მუშაობისგან. იმ მოცეკვავემ, ვინც პროფესიულ სასწავლებელს ამთავრებს, თავიდანვე იცის, რომ დიდი დრო, ენერგია, მორალური სიძლიერე და მზადყოფნა დასჭირდება წარმატების მისაღწევად. სამწუხაროდ, თბილისის მიწისძვრის შედეგად, ჭაბუკიანის სასწავლებლის შენობა დაინგრა. ჩვენი ცეკვის ვიდეოები ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა სასწავლებელში გავგზავნეთ. ბოსტონის საბალეტო სკოლა გამოგვეხმაურა. იქ ორი წელი ვსწავლობდი, შემდეგ კი ნიუ-იორკში წავედი და იქაც სტიპენდიას ვიღებდი. მეოთხე-მეხუთე წელს კონტრაქტი გავაფორმე პენსილვანიის საბალეტო დასთან და უკვე, როგორც პროფესიონალი, იქ შევუდექი მუშაობას. ხუთწლიანი ამერიკული ისტორიის შემდეგ, თბილისში, სახელმწიფო თეატრში სამუშაოდ დავბრუნდი. ოთხი სეზონი ვიცეკვე. მას შემდეგ, რაც თეატრიდან წამოვედი, ძირითადად, მარიამ ალექსიძესთან, თანამედროვე ბალეტებზე ვმუშაობ. ბოლო წლებია, ის რუსთაველის თეატრშია და რობერტ სტურუასთან თანამშრომლობს. მე ყველა იმ წარმოდგენაში ვმონაწილეობ, რომელსაც მარიამი დგამს.

-ნინო ანანიაშვილის საბალეტო დასიდან წამოსვლის მიზეზი რა იყო?

-ბრალს ვერავის ვერაფერში დავდებ და ვერც თავს დავიდანაშაულებ. შრომის მხრივ, ნამდვილად არაფერი დამიკლია, მაგრამ ზოგჯერ ისე ხდება, რომ რაღაც არ აეწყობა ან უბრალოდ, არ ხედავენ იმას, რაც ძალიან ადვილად დასანახია. ისე, ყველა კმაყოფილი იყო იმით, რომ დასის წევრად ვითვლებოდი, მაგრამ 25 წლის ასაკში ეს ჩემთვის საკმარისი აღარ გახლდათ. საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნელობა გამეზარდა და თან, კორდებალეტში თითქოს, უკვე ამოვწურე თავი, უფრო მეტის გაკეთება მინდოდა. ჰოდა, ამის საშუალება რომ არ მომეცა, წამოსვლა გადავწყვიტე. მარიამთან მუშაობისას კი მაქსიმალურად შემეძლო, ჩემი შესაძლებლობები წარმომეჩინა.

-მარიამთან არაერთი სოლოპარტია გაქვთ, თუნდაც -"გურჯი-ხათუნში"...

-დიახ, ეს ბალეტი ასე ვთქვათ, ჩემზე აეწყო. საერთოდ, მარიამი ისეთ ბალეტს დგამს, სადაც თითოეულ მონაწილეს გამორჩეული ადგილი აქვს. ის თავის აზრს ზედმეტად არავის მოახვევს თავს. ძალიან კარგი აურაა რეპეტიციების პროცესში და ამიტომაც მსიამოვნებს მასთან მუშაობა. მოცეკვავისთვის მნიშვნელოვანია, რა განწყობით გელიან დარბაზში და რამდენად უნდათ შენი შინაგანი რესურსი გამოავლინო. მარიამთან მუშაობა ძალიან კომფორტულია. ერთად "გავაკეთეთ": "ალვა", "ჰარირა", "გურჯი-ხათუნი" და სხვა პატარ-პატარა პროექტები. დღეს ბევრად უკეთეს პოზიციებში ვცეკვავ და ხმამაღლაც ვამბობ, რომ მარიამი თანამედროვე ქართული ხელოვნების საჩუქარია. არა იმიტომ, რომ ამ ეტაპზე ის ჩემი "მოძღვარია". მერწმუნეთ, მე ერთადერთი არ ვარ, ვინც ამას იტყვის.

-პედაგოგობა როდის დაიწყეთ?

-მეორე წელია, მაკა მახარაძის საბალეტო სტუდიაში ვასწავლი. მომეცა საშუალება, ჩემი თავი ამ კუთხითაც მომესინჯა. პედაგოგობა არ არის იოლი საქმე. ბევრად იოლია ცეკვა, ვიდრე შენი ცოდნის

სხვებისთვის გაზიარება და ახსნა. თან, უმცროსი ასაკის ბავშვების კონცენტრაცია უნდა მოახდინო, რაც გაცილებით რთულია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. მაკას ვთხოვ ხოლმე, ძალიან პატარები არ მომიჩინოს, გაცილებით მსიამოვნებს 7-10 წლის ასაკის ბავშვებთან მუშაობა, რადგან ისინი ასე თუ ისე, მოგყვებიან და ესმით შენი ნათქვამი.

-ჟურნალისტი ხართ. რამდენი წელია, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე დილის ეთერში მუშაობთ?

-ჟურნალისტიკაში შემთხვევით მოვხვდი, მაგრამ დღეს ესეც ჩემს ერთ-ერთ მთავარ პროფესიად ითვლება. დედა "ალიონელი" მყავდა. ტელევიზიის შენობაში გავიზარდე, სასწავლებლის შემდეგ დედასთან მივდიოდი, იქ მამეცადინებდნენ. ზოგიერთი მაშინდელი თანამშრომელი ახლა უკვე ჩემი მეგობარია. ტელევიზიას წამყვანები რომ სჭირდებოდა, კასტინგზე დამიბარეს. რამდენიმე ადამიანი შეგვარჩიეს და შემდეგ, დილის გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი გავხდი. მას შემდეგ 4 წელია, იქ ვმუშაობ და ეს ჩემი ერთ-ერთი ძირითადი სამსახური გახლავთ. ჟურნალისტიკა უნივერსიტეტში არ შემისწავლია. თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ თუკი რამ გამომდის ეკრანზე, ეს სცენამ, თეატრმა და საბალეტო ხელოვნებამ შემაძლებინა. ახლა რუბრიკები ჩანაწერის სახით გადის, მაგრამ როცა მუშაობა დავიწყე, მაშინ რამდენიმე წამყვანი პირდაპირ ეთერში, სამ-საათნახევრის განმავლობაში ვმუშაობდით. დილის 5 საათზე გვიწევდა ადგომა და ეს იყო ურთულესი რამ. ხომ იცით, უძილობა აზიანებს ნერვულ სისტემას და ჯანმრთელობას ვნებს. თუმცა, ამ ყველაფერს თავისებური ხიბლიც ჰქონდა, რადგან არაერთი ოჯახი ჩვენთან ერთად იწყებდა დილას. ამ სამუშაოს დასრულების შემდეგ, 12 საათზე ვიძინებდი, რომ 4 საათის მერე, უკვე გამოძინებული მივსულიყავი რუსთაველის თეატრში, რეპეტიციაზე. ამ რეჟიმში მუშაობამ ცოტა არ იყოს, გამომფიტა. თუმცა, საკუთარ თავს სულ ვეუბნები, -ვიდრე ძალა მერჩის და ახალგაზრდა ვარ, ყველგან, სადაც მაინტერესებს მუშაობა, ძალები უნდა მოვსინჯო. დასვენების დღეებში სარეკლამო გადაღება იქნება თუ რაიმე სხვა პროექტი, ვცდილობ, უარი არ ვთქვა, რადგან ეს კარგი გამოცდილებაა.  განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება