როგორ ცხოვრობს ბარბარა სამხარაძე თავბრუდამხვევი წარმატების შემდეგ და დუეტი, რომლითაც მან ბავშვობის ოცნება აიხდინა

როგორ ცხოვრობს ბარბარა სამხარაძე თავბრუდამხვევი წარმატების შემდეგ და დუეტი, რომლითაც მან ბავშვობის ოცნება აიხდინა

გოგონა, რომელისთვისაც 2016 წელი არნახული წარმატებით დაიწყო, ლაგოდეხელი ბარბარა სამხარაძეა, სოფელ ჭაბუკიანიდან. ის პოპულარული კონკურსის - "ნიჭიერი" გამარჯვებული გახდა. დავინტერესდით, ამ თავბრუდამხვევი წარმატებიდან ერთი თვის თავზე, როგორ გრძნობს თავს და რა შეიცვალა მის ცხოვრებაში. 15 წლის მომღერალი ნელ-ნელა ეჩვევა თავსდამტყდარ პოპულარობას და მისთვის დღემდე უცნობი ცხოვრების სტილს ირგებს:

- ინტერნეტით გავრცელდა ვიდეო, რომელიც ვალენტინობის დღესაწაულზე ერთ-ერთ კლუბშია გადაღებული და ანრი ჯოხაძესთან დუეტში მღერი. ეს გამარჯვების შემდეგ შენი პირველი გამოსვლა იყო?

- არა, მანამდე რამდენიმე კორპორატიულ ღონისძიებაზე მიმიწვიეს და ვიმღერე.

- მოგვიყევი, როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება გამარჯვების შემდეგ...

- ძალიან შეიცვალა, ვმღერი იმ მომღერლებთან ერთად, ვისაც ტელევიზორში ვუყურებდი და სულ იმის სურვილი მქონდა, როგორღაც ახლოს მენახა რომელიმე, მათთან სცენაზე დგომას ვინ იფიქრებდა? თუ სადმე ქუჩაში, გზაში თვალს მოვკრავდი, იმით ვხდებოდი ბედნიერი. იმ დღეს კი ანრისთან სიმღერით ბავშვობის ოცნება ავიხდინე.

- იმ კონცერტზე ანრი პირველად ნახე?

- კი, თან, დარბაზში სიბნელე იყო, მაგრამ მაინც დამინახა და ძალიან გაუხარდა. მერე ახლოს მივედი და მითხრა, თუ შეგიძლია, ერთად ვიმღეროთო. თან, ამას იქ ყველა მეხვეწებოდა.

- სად იყავით?

- ჩემს სოფელში ვალენტინობის დღესასწაულზე რესტორანში ანრი მოიწვიეს. მეც იქ ვიყავი და ჩვენი შეხვედრაც იქ შედგა. ვგიჟდები შენზე, მაგარი გოგო ხარო... მერე სცენაზე რომ ავიდა, გამოაცხადა, ბარბარა ვარსკვლავად არის დაბადებულიო.

იხილეთ ვიდეო

- კორპორატიულ კონცერტებზე რომ გიწვევენ, რა სიმღერებს ასრულებ?

- ორგანიზატორების მხრიდან მოთხოვნა იმ სიმღერებზეა, რაც "ნიჭიერში" შევასრულე, მაგრამ ნელ-ნელა სხვებსაც ვაპარებ.

- შენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და არაფრით აღარ ჰგავს 6 თვის წინანდელ პერიოდს, ხომ?

- ჩვეულებრივია-მეთქი, მართლა ვერ ვიტყვი. სხვაობა ის არის, რომ განსხვავებულ რიტმში ვცხოვრობ, იმ პერიოდს ვერც შეედრება, როგორიც 6 თვის წინ მქონდა. ისე, ცოტა გადავიღალე. აღტაცებული და თან, აფორიაქებული ვარ. ბედნიერი გამოვდივარ ამა თუ იმ ადგილიდან, თუ ვინმე ვერ მცნობს, თუმცა ძირითადად მცნობენ და მაგ დროს ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს. რა რთული ყოფილა, როცა შენს პირადს გვერდით სდებ და სხვას უცინი, უღიმი, სურათის გადასაღებად რომ მოდიან შენთან, შეიძლება იმ წუთას არც გეღიმებოდეს, მაგრამ მაინც იღებ, რადგანაც ვალდებული ხარ. ანრისთან სურათის გადასაღებად რომ მივედი, ვუთხარი, - ახლა მივხვდი, პოპულარული ადამიანების ემოციებს-მეთქი.

- თბილისში როდის აპირებ საცხოვრებლად გადმოსვლას?

- მალე. სკოლაში შემდეგ წელს მანდ გავაგრძელებ სწავლას, რაც დიდად არ მინდა, რადგანაც მიყვარს ჩემი სოფელი, მაგრამ ჩემს საქმეებს ასე სჭირდება.

- რა გეგმები გაქვს?

- ალბათ გავაგრძელებ კარიერას და ვეცდები, მაყურებელს თავი არ დავავიწყო, მაგრამ არც მოვაბეზრო. სკოლას 2 წელიწადში ვამთავრებ და მინდა, სწავლა მუსიკალურ ათწლედში გავაგრძელო.

- ბინა, რომელიც კონკურსის მოგების შემდეგ საჩუქრად გადმოგეცა, მშენებარე კორპუსშია. რა გითხრეს, როდის დასრულდება?

- ვისაც მაგ ბინის საკითხი აბარია, იმ ადამიანმა მითხრა, - ყველაზე დიდი ფართი რაც კონკურსანტებისთვის აქამდე საჩუქრად გადაუციათ, 25 კვადრატულია. შენი 38 კვადრატია. გამოდის, იმ ხალხის ფავორიტი ყოფილხარ, ასე რომ დაგასაჩუქრესო. კორპუსის მშენებლობა როგორც მითხრეს, აგვისტოში მთავრდება. ჩემი - მესამე სართულია, დიდი აივანი აქვს. თუმცა ჯერ არ მინახვას.

- თანასოფლელები რას გეუბნებიან?

- ისეთ წარმატებას მიაღწიე, საერთოდ არც კი გვგონია, თუ გვიკადრებო. მეგობრებიც მეუბნებიან, ვერც ვიჯერებთ, რომ ამხელა პროექტი მოიგეო. ფაქტია, რომ ჩემ გარშემო დიდი სითბო და სიყვარული ტრიალებს. თუმცა სასაცილო ამბებიც ბევრია. იმ დღეს ტაქსი გამოვიძახე, მძღოლმა რომ დამინახა, ჭკუაზე არ იყო, ისე მილოცავდა. მერე მითხრა, - შვილო, ერთი შენი სახელი შემახსენე, მარიტა, არა? მე და ჩემი ოჯახი მარიტას ვგულშემატკივრობდით და ვურეკავდით. მარიტა, შვილო, რა მაგარი ხარო...

- ბარბარა შეყვარებული არ ხარ?

- არა, კაცო (იცინის). ჯერჯერობით მივყვები ცხოვრებას და მერე ვნახოთ, თან, ჯერ მაგისთვის თავისტკივილი არ ღირს. ყველაფერს დრო მოიტანს.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ვაგონებით გაფორმებული სცენა და შოუ 3D ეფექტით, რომელიც 2 ნოემბერს თბილისში მსმენელს ელის

"მე თვითონ ჩამოვწერე ჩემი თავი წლების წინ" - რას საქმიანობს ერთ დროს პოპულარული მომღერალი ბესო კალანდაძე და რას ჰყვება ოჯახზე

2 ნოემბერს Summer Set-ის მასშტაბური ჰელოუნი გაიმართება