„ნახე, ლელას როგორი თვალებით უყურებდაო!“ - ვინ მოხიბლა საქართველოში ყოფნის დროს ბოლივუდის მსახიობი

„ნახე, ლელას როგორი თვალებით უყურებდაო!“ - ვინ მოხიბლა საქართველოში ყოფნის დროს ბოლივუდის მსახიობი

ბოლივუდელი მსახიობი, გაურავ ჩოპრა (მისტერ რათხოდი) ქართველმა მაყურებელმა სერიალით - "ორი ბედი" შეიყვარა. გასულ კვირას ის საქართველოში ერთ-ერთი სატელევიზიო შოუს მოწვევით იმყოფებოდა. თავდაპირველად თელავს ესტუმრა, კახელ მაყურებელთან შეხვედრის შემდეგ კი ქუთაისში გადაინაცვლა. როგორც ამბობენ, მსახიობი კახეთმა აღაფრთოვანა, ხოლო იმერეთმა შოკში ჩააგდო.

იმერული მასპინძლობის ამბავი ბოლივუდელმა მსახიობმა ჭელიძეების ოჯახში სტუმრობისას გამოცადა. სოციალურ ქსელში ამ სუფრიდან არაერთი ფოტო აიტვირთა. მართალია, ოჯახის მასპინძელი - ლია ჭელიძე ინდური სერიალების მაყურებელი არ ყოფილა, მაგრამ საქართველოში ხომ სტუმარი ღვთისაა და ასე გახდა გაურავ ჩოპრას მასპინძელი.

ლია ჭელიძე:

- ჟურნალისტი ლელა ნინუა იმ გადაცემაზე მუშაობს, რომელმაც მსახიობი საქართველოში ჩამოიყვანა. ლელა ჩემი ახლობელია. ის დამიკავშირდა და მითხრა, - ქუთაისში სტუმარი ჩამოგვყავს. თუ შეგიძლია, მასპინძლობა რომ გაგვიწიოო? ასე მოხვდნენ ჩემს ოჯახში, მაგრამ ეს მსახიობი ვინ არის, არ ვიცი. სერიალებს არ ვუყურებ.

- როგორი შთაბეჭდილება მოახდინა?

- აბა, რა გითხრათ, თავაზიანი ახალგაზრდა ჩანს. მე მთლიანად სუფრაზე ვიყავი გადართული. სიმართლე გითხრათ, ჩვენი ხალხისთვის უფრო მეტად მინდოდა, პატივი მეცა.

- ტრადიციული ქართული სუფრით გაუმასპინძლდით?

- დიახ.

- გამორჩეულად რომელი კერძი მოეწონა?

- ცხარე საჭმელი ჰყვარებია. სუფრაზე არაერთი კერძი მქონდა. გამიგია, ინდოელები საქონლის ხორცს არ ჭამენო, მაგრამ მქონდა სუფრაზე და მიირთვა.

- მენიუს შედგენისას ინდური სამზარეულოს თავისებურებები ხომ არ გაითვალისწინეთ?

- არა, იმერული სუფრა გავშალე! ერთადერთი, რასაც ანგარიში გავუწიე, ვიცოდი, რომ ბრინჯი უყვართ და ეს დავამატე. ჩემთან სახლში, საღამოს 5-6 საათზე მოვიდნენ და 10 საათამდე იყვნენ. სუფრასთან ყველა თავისუფლად იყო, სადღეგრძელოებსაც მორიგეობით ამბობდნენ, თან - ამ ყველაფერს ტელევიზია იღებდა.

- გაურავ ჩოპრამ ქართული ღვინო დააგემოვნა?

- წითელი ღვინო გასინჯა და ძალიან მოეწონა, მაგრამ ალკოჰოლზე უარი თქვა, არ დაულევია.

- საქართველოზე რას ამბობდა?

- ამბობდა, რომ ამ ვიზიტით ძალიან კმაყოფილი იყო. ქართველების მხრიდან ასეთი სითბოს გამოჩენას არ ვიცი, რამდენად ელოდა. ინგლისურ ენაზე ლაპარაკობდა. ინდურ სერიალებს მე - არა, მაგრამ ჩემ გარშემო თურმე, ბევრი ადამიანი უყურებს. ჰოდა, მთელი დღე ხან ვინ მირეკავს და ხან - ვინ, რატომ არ გაგვაგებინე, შენთან თუ მოდიოდაო.

- ხომ არ აპირებთ, მომავალში "ორი ბედი" ნახოთ?

- არა.

- სოციალურ ქსელში გავრცელდა, რომ არაერთი ფოტო აქვს გადაღებული ლელა ნინუასთან. ისიც თქვეს, ეს გოგო ძალიან მოეწონაო. მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება ლელასადმი თქვენთვის შესამჩნევი არ ყოფილა?

- არ ვიცი. ლელა მშვენიერი გოგოა და სხვებმა მითხრეს: ხომ ნახე, ის ბიჭი ლელას როგორი თვალებით უყურებდაო! მე არაფერი შემინიშნავს.

- მსახიობის ოჯახური მდგომარეობის შესახებ რამე იცით?

- არა. პირადად არ დავლაპარაკებივარ.

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება