5 ცნობილი ლამაზმანის ტრაგიკული სიკვდილი

5 ცნობილი ლამაზმანის ტრაგიკული სიკვდილი

ამ მომხიბვლელმა, თვალისმომჭრელმა ვარსკვლავებმა პირველივე გამოჩენისთანავე დაიპყრეს მილიონობით ადამიანის გულები. ყველას ეჩვენებოდა, რომ ეს ლამაზი ქმნილებები, თითქოსდა ციდან მოვლენილნი, სამუდამოდ დარჩებოდნენ სამყაროში მისაბაძ მაგალითად და აღფრთოვანების ობიექტად... მაგრამ დიდების ტკბილი ნისლის მიღმა თითქოს მუდმივად იგრძნობოდა გარდაუვალი კატასტროფის მოახლოვება...

ედი სეჯვიკი

"იცხოვრე სწრაფად და მოკვდი ახალგაზრდა" - ბედის ირონიით, ედი ამ პრინციპით ხელმძღვანელობდა სიცოცხლის ბოლომდე. მას შეიძლება მილიონერი-კონკია ვუწოდოთ - გოგონა არისტოკრატული, მდიდარი და გავლენიანი ოჯახიდან, რომელიც ფუფუნებაში გაიზარდა. 60-იანი წლების ულამაზესი მოდელი განათლებით არ ბრწყინავდა, მისი მეგობრების თქმით, ცხოვრების განმავლობაში ერთი წიგნიც კი არ წაუკითხავს, გაზეთებს კი საერთოდ ვერ იტანდა.

ედი ცხოვრების გზაზე ენდი უორჰოლს, ცნობილი Factory-ს დამაარსებელს გადაეყარა და მალევე გახდა მისი მთავარი ნიმფა. ენდი მას თავის თითქმის ყველა ფილმში იღებდა და ერთ-ერთი პირველი სუპერვალსკვლავიც კი გახდა. "მილიონერი-კონკიის" დიდი ხნის ოცნება ახდა, იგი რჩეულთა წრეში აღმოჩნდა, მას აღმერთებდნენ. მაგრამ, მალევე, უორჰოლისა და სეჯვიკის შემოქმედებითი ტანდემი დაიშალა. მიზეზი: ცნობილ მომღერალთან, ბობ დილანთან შეხვედრა, რომელმაც ედის თავბრუ დაახვია და დაარწმუნა, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაეწყვიტა კავშირი Factory-სთან. მოტივი საკმაოდ მარტივი იყო, დილანი ვერ იტანდა უორჰოლს. სეჯვიკმა საბედისწერო ნაბიჯი გადადგა: მან მიატოვა ადამიანი, რომლის წყალობითაც ბევრს მიაღწია. ამ მომენტიდან მოდელის კარიერა დასრულდა, დილანი კი მალევე გაცივდა საყვარლის მიმართ, თანაც, აღმოჩნდა, რომ სხვა ქალზე იყო დანიშნული.

ედი რამდენჯერმე გათხოვდა, და ყოველ ჯერზე უსიყვარულოდ. მრავალმილიონიანი ქონებაც მალევე გაანიავა. დაკარგული ოცნებისგან გამოწყვეულ დარდს ალკოჰოლითა და ნარკოტიკებით ახშობდა. სეჯვიკი თვითმკვლელობასაც ეცადა, საბოლოოდ კი ნარკოტიკების ჭარბი დოზით 28 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რომი შნაიდერი

მას საეკრანო სახელს, სისის უწოდებდნენ. რომი შნაიდერის მიერ ფილმში განსახიერებულმა ახალგაზრდა დედოფალმა ევროპელი მაყურებლის დიდი სიყვარული დაიმსახურა. რომი ცხოვრებაშიც ნამდვილი არისტოკრატი გახლდათ, ჭკვიანი, განათლებული, უზომოდ მომხიბვლელი. ნიჭიერ მსახიობს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და რომიც ნებისმიერი გამოცდის გავლაზე თანახმა იყო საწადელის მისაღწევად, სანამ დამწყებ მსახიობს, ალენ დელონს არ შეხვდა. ალენისადმი სიყვარულით დაბრმავებული, რომი კარიერას და საკუთარ თავს ივიწყებს. ის სრულებით ჩაეფლო დელონის საქმეებში და ძალისხმევას არ იშურებდა კინოს სამყაროში მის მოსახვედრად. რომის წყალობით ალენმა პირველი წარმატება, შემდეგ დიდება და პოპულარობა მოიპოვა.

ცოტა ხანში ალენ დელონმა რომი მიატოვა და სხვა ქალზე იქორწინა. რომი საკუთარ თავში ჩაიკეტა, ღრმად განიცდიდა ამ ამბავს. დროთა განმავლობაში, დელონის კარიერა უკან წავიდა და მან კვლავ მიმართა ძველ შეყვარებულს დახმარებისთვის. რომი ბედნიერი იყო, მათი ურთიერთობა ახალი ძალით ისევ აღდგა. წყვილმა ფილმში "აუზი" ითამაშა, რომელიც ნამდვილი აღმოჩენა გახდა და ორივე მსახიობს მსოფლიო აღიარება მოუტანა. მას შემდეგ, დელონმა ისევ მიატოვა რომი, ამჯერად, სამუდამოდ.

შნაიდერის ცხოვრება ტრაგიკულად წარიმართა, ჯერ ყოფილი მეუღლის, მერე კი შვილის სიკვდილმა საბოლოოდ გაანადგურა იგი. მწარე მარტოობასა და დარდს ალკოჰოლითა და ანტიდეპრესანტებით იქარვებდა. ერთხელაც კი მისმა გულმა ვეღარ გაუძლო... შნაიდერი 43 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მერილინ მონრო

მერილინ მონრო სიცოცხლეშივე იქცა ამერიკულ ლეგენდად. მომხიბვლელი, სექსუალური, უბრალო - მონრო მილიონობით ამერიკელის სათაყვანო კერპი გახლდათ.

მას შეეძლო ნებისმიერი ადამიანი მოენუსხა და დადებითად განეწყო მისდამი. საბოლოოდ, ამ ადამიანურმა თვისებამ დაღუპა კიდეც.

გამოჩენილი პოლიტიკოსები, მილიარდერი ბიზნესმენები და მსხვილი მაფიოზებიც კი ცდილობდნენ მერლინის საზოგადოებაში მოხვედრას. მერილინით ჯერ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯონ კენედი დაინტერესდა, შემდეგ კი მისი ძმა რობერტი - იუსტიციის მინისტრი. თუმცა, ქვეყნის პირველი პირისა და სექს-სიმბოლოს ურთიერთობამ ღრმად შეტოპა. სენსაციების მაძიებელი ჟურნალისტები კალმებს "ლესავდნენ". მათ არ ესმოდათ, რომ "უბრალო ამერიკელ გოგონას" საშიშროება ემუქრებოდა. კენედების მძლავრ კლანს სასწრაფოდ უნდა ეზრუნა რეპუტაციაზე. ამასთან, მერილინ მონროსთან ურთიერთობას ფრენკ სინატრამ მოუხშირა, რომელიც ცნობილი იყო მაფიასთან კავშირით.

მონროს მოულოდნელმა სიკვდილმა მთელი ამერიკა შეძრა. პრესა დაჟინებით ირწმუნებოდა, რომ მერლინი ნარკოტიკების ჭარბი დოზისგან დაიღუპა. რამდენიმე წლის შემდეგ FBI-ს საიდუმლო არქივში აღმოაჩინეს საბუთი, რომლის მიხედვით ხდება ცნობილი, რომ 36 წლის მსახიობი შეთქმულების მსხვერპლი გახდა.

ჯეინ მენსფილდი

ჯეინ მენსფილდი მერილინ მონროსთან ერთად 50-იანი წლების სექს-სიმბოლოდ მიიჩნეოდა. შთამბეჭდავი ფორმების მქონე ქერა ლამაზმანი ჟურნალ Playboy-ს ხშირად ამშვენებდა. გამოირჩეოდა ნიჭიერებით. სამსახიობო კარიერის განმავლობაში მიღებული აქვს "მსოფლიო თეატრალური პრემია", "ოქროს გლობუსი" და "ოქროს დაფნის გვირგვინი".

სამწუხაროდ, ჯეინის ბრწყინვალე კარიერამ დიდხანს არ გასტანა. გაურკვეველი მიზეზების გამო, მსახიობი უეცრად გაცივდა პროფესიის მიმართ. თუმცა, აგრძელებდა გამოსვლას ღამის კლუბებსა და რესტორნებში, რითაც აღფრთოვანებაში მოჰყავდა მაყურებელი. ჰოლივუდის ვარსკვლავი სამჯერ იყო გათხოვილი, ჰყავდა 5 შვილი. მრავალშვილიანი დედის შემყურე, ხალხი გაოცებას ვერ მალავდა, როგორ შეინარჩუნა მან სხეულის შესანიშნავი ფორმა და კანი. ჯეინი მუდამ ხალისიანი იყო და ოპტიმიზმით მუხტავდა გარშემომყოფებს. მენსფილდი 34 წლის ასაკში ავტოკატასტროფას ემსხვერპლა.

ანა ნიკოლ სმიტი

ვიკი ლინ ჰოგანი სამოდელო ბიზნესში 20 წლის ასაკში მოხვდა. მან ჟურნალის Playboy კონკურში "გარეკანის გოგონა" მიიღო მონაწილეობა და ყველასთვის მოულოდნელად, გაიმარჯვა კიდეც. ეს იყო პატარა ნაბიჯი დიდი შოუბიზნესისკენ. ვიკიმ სახელი შეიცვალა და აიღო ფსევდონიმი ანა ნიკოლ სმიტი. მისი პოპულარობა დღითიდღე იზრდებოდა. სმიტი კინოშიც გადაიღეს.

შემდეგ ახალგამომცხვარი მსახიობი საკუთარი გადაცემის "ანა ნიკოლის შოუ" წამყვანი გახდა. სცენარისტობა და პროდიუსერობაც სცადა და ეკრანებზე ავტობიოგრაფიული დრამა "ანა ნიკოლ სმიტის საიდუმლოებანი" გამოვიდა. მას შემდეგ მის კარიერაში მკვეთრი ვარდნა მოხდა.

ანა ნიკოლ სმიტმა შესამჩნევად მოიმატა წონაში და უწინდებურ ლამაზმანს აღარ ჰგავდა.

სმიტი სამჯერ იყო გათხოვილი. მისი პირადი ცხოვრება წარმატებული არ ყოფილა. უფროსი ვაჟის ავადმყოფობა და შემდეგ სიკვდილი, მეორე მეუღლესთან დაშორების შემდეგ ქონებრივი დავით გამოწვეული ხმაურიანი სკანდალები - ყველაფერი ეს ქალის ჯანმრთელობაზე აისახა.

შედარებით ბედნიერი მესამე ქორწინებაც საკუთარ ადვოკატთან, ჰოვარდ სტერნთან ვერ დაეხმარა დეპრესიასთან გამკლავებაში. ანა ნიკოლ სმიტი 40 წლის ასაკში პნევმონიით გარდაიცვალა...

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა დუდანა ზაქარაიამ

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება