"ამ ქალებს არ ჰქონიათ ისეთ კაცთან ურთიერთობა, ვინც "მონობას" დაავიწყებს" - ცნობილი ქართველი ქალები ოჯახსა და ქმრის როლზე

"ამ ქალებს არ ჰქონიათ ისეთ კაცთან ურთიერთობა, ვინც "მონობას" დაავიწყებს" - ცნობილი ქართველი ქალები ოჯახსა და ქმრის როლზე

ქალის და კაცის თანასწორ უფლებებზე ბოლო დროს სულ უფრო ბევრს საუბრობენ. არსებობენ ქალები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ გათხოვება ქმრის მონობაა, თუმცა ბევრს საპირისპირო მოსაზრება აქვს, რომ კაცის მონობა ქალის ბრალია. რას ფიქრობენ ამაზე ცნობილი მანდილოსნები, ამაზე თავად ისაუბრებენ.

მომღერალი ნინი ქარსელაძე იმ ქართველ ქალებს არ ეკუთვნის, ვინც გენდერული თანასწორობის მომხრეა.

- გენდერული თანასწორობის მომხრე არ ვარ. ჩემი აზრით, ოჯახში წამყვანი მაინც მამაკაცია. სწორედ მან უნდა აიღოს საკუთარ თავზე ოჯახის ყველა სირთულე. წყვილი ურთიერთშეთანხმებულად უნდა ცხოვრობდეს, რასაც ბევრი სხვადასხვა კომპონენტი განაპირობებს, სწორედ ეს შეთანხმება და კომპონენტები ქმნის ოჯახს იდეალურს.

- გათხოვება ქმრის მონობაა?

- ჩემთვის სირცხვილია ამ თემაზე საუბარი. ორი ძმა მყავს, რომლებსაც საჭმელსაც ვუკეთებ და ტანსაცმელსაც ვურეცხავ, მაგრამ ეს მონობა არ არის. ამას სიყვარულით ვაკეთებ. ეგ ქალბატონები ცდებიან, ან არ ჰქონიათ ისეთ მამაკაცთან ურთიერთობა, ვინც ამ ფრაზას დაავიწყებს. ეს იმ ქალების წარმოდგენაა, ვისაც აზიატ კაცებთან აქვს ურთიერთობა. არც ჩემი ოჯახის მამაკაცები, არც ჩემი ყოფილი შეყვარებული და მეგობრები არ არიან აზიატი ბუნების ადამიანები. აზიატ ხასიათს და ეჭვიანობას ნდობა განაპირობებს, თუ კაცი ქალს ენდობა, ეჭვიანობა მეორე პლანზე გადადის.

- როცა კაცი ეჭვიანობს, ყოველთვის იძლევა ქალი ამის საბაბს?

- ყოველთვის არ იძლევა ქალი ამის საბაბს. რაღაც მცირე მიზეზი არსებობს, როცა კაცი ეჭვიანობას იწყებს.

მომღერალ მაია ჯაბუას ქალიშვილი, მომღერალი ლიზა ყენია ოჯახში თანასწორობის მომხრეა:

- ოჯახში თანაბრად უნდა იყოს გადანაწილებული ქალის და კაცის ფუნქციები. როცა წყვილი სწორად აზროვნებს და განვითარებული ადამიანები არიან, არცერთს არ მოუწევს იმაზე საუბარი, ვინ იქნება ოჯახში წამყვანი. თუმცა ქალს თავის საქმე აქვს, კაცს - თავისი. ცოტა უცნაური იქნება, ქალმა კაცს იატაკის მოწმენდა მოსთხოვოს, თუმცა რაღაც თუ დაისხმება კაცმაც შეიძლება მოწმინდოს და არც ეს იქნება სირცხვილი. წყვილს ურთიერთპატივისცემა უნდა ჰქონდეს.

- ქართველი კაცები თავიანთი ბუნების გამო ბევრ რაღაცას უკრძალავენ ცოლებს...

- ჩემს ოჯახში ასეთი რამ არ ხდება. ქართველი კაცი თვლის, რომ ქალს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს, რაც მე არ მომწონს. ეჭვიანი ადამიანი არ შემიყვარდება, მით უმეტეს, ჩემი ქმარიც ვერ გახდება. ქართველ კაცებს ლამაზი ცოლები უნდათ და როცა სადმე მიდიან ამ ლამაზ ცოლთან ერთად, ქალი თუ სექსუალურად გამოიყურება, იბოღმებიან. მე რომ კაცი ვიყო, ვიამაყებდი ლამაზი ცოლით და მოკლეს ჩავაცმევდი.

სკანდალური მოდელი ნინი ონიანი თვლის, რომ ვინ იქნება ოჯახში წამყვანი ძალა, ეს წყვილმა ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს.

- ეს პირადი ამბავია, წყვილმა თავად უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება წამყვანი ოჯახში. ზოგადად ვთვლი, რომ რაღაც მომენტში ორივე წამყვანი უნდა იყოს.

- გათხოვება ქმრის მონობაა?

- არა, რა სისულელეა. გათხოვება ქმრის მონობას არ ნიშნავს. იმ ქალებს, ვინც ასეთი მესიჯებით გამოვიდა ქუჩაში, ვფიქრობ სხვა რაღაცის თქმა უნდოდათ. გათხოვება თავისუფლების შეზღუდვას არ ნიშნავს. ქმარი თუ თავისუფლებას გიზღუდავს, არც უნდა გათხოვდე. როცა ქმარი, შეყვარებული და ბოიფრენდი გყავს, უფრო თავისუფალი ხარ, ვიდრე მაშინ როცა მარტო ხარ.

- რა არ მოგწონს ქართველი კაცის ხასიათში?

- არ მომწონს - "ქალი ვიცი კუხნაში". ქალი არ არის გაჩენილი იმისთვის, რომ კაცს ემსახუროს. მაგრამ ბევრი კაცი ასე თვლის, მე ნორმალურ ქართველ კაცებთან მაქვს ურთიერთობა, რომლებმაც კარგად იციან ქალის ფასი.

ტელეწამყვანი და მოდელი ლიკა ქორქია მიიჩნევს, რომ ქალი რეალიზებული უნდა იყოს და სწორედ ეს არის წარმატებული და ჰარმონიული ოჯახის გარანტი.

- ოჯახში თანაბრად უნდა იყოს გადანაწილებული ქალის და მამაკაცის როლი. ყველა საკითხი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე უნდა გადაიჭრას. ადრე თითქოს წესი იყო, რომ მხოლოდ კაცს აეღო ოჯახური რუტინა თავზე. ახლა ასე არ ხდება. ჩემი თაობის ბიჭებში - ცოტა, მაგრამ არიან ისეთები, ვინც თვლის, რომ ქალი უნდა იყოს რეალიზებული. სხვანაირად იმას მივიღებთ, რასაც ვიღებდით აქამდე.

- შენი აზრით, რატომ ითვლება, რომ ოჯახში წამყვანი უნდა იყოს მამაკაცი?

- არ ვიცი, ეს ბევრ კომპლექსებთანაცაა დაკავშირებული. ალბათ იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში ქალი რეალიზებული არ არის. ქალები თვლიან, რომ მხოლოდ იმისთვის დაიბადნენ, შვილები გააჩინონ და აღზარდონ. ეს ასე არ არის, ქალი არის ადამიანი, რომელსაც ბევრი რაღაცის გაკეთება შეუძლია ცხოვრებაში. ბევრი სარგებელის მოტანა ქვეყნიერებისთვის. მამაკაცებს ხომ აქვთ უფლება, ყველაფერი აკეთონ, ქალსაც ასევე აქვს. მათ თავიათი რესურსი უნდა დახარჯონ იმისთვის, რომ იყვნენ გახარებულები და ბედნიერები, ქმარს არ მოსთხოვონ ყველაფერი. როცა ორი რეალიზებული ადამიანი ცხოვრობს ოჯახში, უფრო კარგია.

თამუნა ვაშალომიძე საზოგადოებამ სკანდალურად გაიცნო. ის თვლის, რომ კაცმა ქალს ქალურობა უნდა აგრძნობინოს და სწორედ ეს იქნება ჰარმონიული ცხოვრების გარანტი.

- ოჯახში ქალსაც და კაცსაც ერთნაირად უნდა ეთქმოდეს სიტყვა. წარმოუდგენელია ქალი თეფშებს რეცხავდეს და კაცი ტელევიზორს უყურებდეს. პირიქით, უნდა დაეხმარო მეუღლეს. მე ასეთი ოჯახი არ მეყოლება. კაცი ძლიერი უნდა იყოს, მაგრამ სიძლიერე ქალის ჩაგვრას არ ნიშნას. მე გენდერული თანასწორობის მომხრე ვარ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ქალმა კაცს თეფშები ურტყას. ქალს კაცმა ქალურობა უნდა აგრძნობინოს. სწორედ ეს არის კაცის სიძლიერე.

- ქალი კაცის მორჩილი უნდა იყოს?

- რა სისულელეა. ირანში აღარ არის ქალი კაცის მორჩილი და საქართველოში შემორჩა?!

- რა არ მოგწონს ქართველის კაცის ხასიათში?

- ქალი სანამ გათხოვდება, მანამდე კარგად უნდა გაიცნოს მამაკაცი. ბევრი ოჯახი ვიცი, სადაც კაცი ქალს ურტყამს, ეს ტრაგედიაა. ჩემთვის გათხოვება ბედნიერ ოჯახთან და შვილებთან ასოცირდება. შესაძლოა, რაღაც ეტაპზე ოჯახი დაინგრეს, მაგრამ გათხოვება მონობა არ არის. მე მონა არ ვიქნები. გავთხოვდები, გავაჩენ შვილებს, მაგრამ წლების მერე შესაძლოა, დავშორდე. უნდა ამოიღონ ხელისმოწერის და ჯვრისწერის დროს, წყვილს რომ ეკითხებიან, თანახმა ხართ თუ არა სიცოცხლის ბოლომდე ერთად იყოთ ჭირშიც და ლხინშიცო, ეს უნდა ამოიღონ. ქართველი კაცის ხასიათში არ მომწონს, ცოლს საოჯახო დანიშნულებით რომ უყურებენ, რომელმაც შვილები უნდა გააჩინოს და ოჯახს მიხედოს. მიუღებელია მათთვის ცოლთან გართობა და ა.შ. ქართველ კაცს შეუძლია ჰყავდეს 400 საყვარელი, ცოლს დაარტყას და ქალმა ხმა არ ამოიღოს, რაც ჩემთვის მიუღებელია. ეს ჩვენი წინაპრების ბრალიც არის. რაც არ უნდა თქვას ახალგაზრდობამ, რომ ევროპაში მივიწევთ, ფსიქოლოგიურად ასეთი წყობა გვაქვს და რამდენიმე საუკუნე ასე იქნება.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება