კითხვა, რომელსაც სტანისლავ ბონდარენკომ არ უპასუხა - Ambebi.ge-ს ექსკლუზიური ინტერვიუ უკრაინელ მსახიობთან

კითხვა, რომელსაც სტანისლავ ბონდარენკომ არ უპასუხა - Ambebi.ge-ს ექსკლუზიური ინტერვიუ უკრაინელ მსახიობთან

მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ, საქართველოს პოპულარული უკრაინელი მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო სტუმრობდა, რომელმაც საქველმოქმედო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე ნაწყვეტები "მე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან: ქართველ კოლეგებთან ერთად(რუსულ ენაზე), 17 წლის მიხეილ სხვიტარიძის დასახმარებლად ზედიზედ ორი დღის განმავლობაში ითამაშა.

ბონდარენკოს ქართველი საზოგადოება დიდი აღფრთოვანებითა და ინტერესით შეხვდა. პოპულარული მსახიობის სანახავად, მისი ავტოგრაფის მოსაპოვებლად და "სელფების" გადასაღებად თეატრს ასობით ადამიანი მიაწყდა. წარმოდგენის შემდეგ, ინტერესიანი თაყვანისმცემლებისთვის სტასმა დრო არ დაინანა და დარბაზში მსხდომთ საკუთარი ამბებიც მოუთხრო. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, წარმოშობით უკრაინელი, რუსეთში მცხოვრები მსახიობისთვის შეკითხვები დაესვა, სტასი კი მათ სიხარულითა და სიამოვნებით პასუხობდა. ყველა შეკითხვა, რომელიც ამ ინტერვიუში შეგხვდებათ, მაყურებელსა და საღამოს წამყვანს, მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობს რაჟდენ კერვალიშვილს ეკუთვნის. გადავწყვიტე, სტასისა და მათი დიალოგი მკითხველისთვისაც გადმომეცა.

შეგახსენებთ, რომ ამ საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორები ელენე თარგამაძე და ნათია ქარდავა იყვნენდა სტანისლავ ბონდარენკო საქართველოში სწორედ მათი თხოვნითა და მიხეილის დახმარების სურვილით ჩამოვიდა.

სტანისლავ ბონდარენკო:

- ქართველების გენიალური მწერლის - ნოდარ დუმბაძის ეს ნაწარმოები - "მე ბებია, ილიკო და ილარიონი" ძალიან მომწონს, მასში "ტონკი", კარგი, ლამაზი იუმორია და ამავდროულად, გულისამაჩუყებელი სცენებიც. ჩემთვის ზურიკელას როლის თამაში სიამოვნება იყო. ხალხზე ის ემოციურად მოქმედებს. სადაც არ უნდა იყოთ, ნურასდროს დაივიწყებთ თქვენიანებს მშობლებს, ბებია-ბაბუებს, ნათესავებს.

- სტას, თქვენ შესახებ, თქვენი ბავშვობის, ოჯახის შესახებ გვიამბეთ, სად გაიზარდეთ? ვინ არიან თქვენი მშობლები და ა.შ.

- უკრაინაში დავიბადე, 1985 წლის 2 ივლისს, 30 წლის ვარ. 11 წლის ვიყავი, როცა მოსკოვში ჩავედი საცხოვრებლად, ნათესავები უკრაინაში მყავს, ბებია-ბაბუები, მათთან დღესასწაულებზე ჩავდივარ. ტყუპი და და ძმა მყავს, დიდი ოჯახი გვაქვს, ზოგი მოსკოვში ვცხოვრობთ, ზოგიც - უკრაინაში. რაც შეეხება სოფელს, ბებიასთან ხშირად ჩავდიოდი და როგორც ზურიკელას, მეც ისე დამდევდა, ერთი ამოჩემებული ხე მქონდა, ალუბლის, რომელიც ახლაც ძალიან მიყვარს და ამ ხეზე ავძვრებოდი ხოლმე, თან ვჭამდი, თან ვფიქრობდი ჩემთვის, სხვები კი მეძებდნენ. ბაბუა ჩემს სპორტულ აღზრდაზე ზრუნავდა, დედა - ქორეოგრაფიულზე, მოსკოვში გადასვლისას, კარატეზე დავიწყე სიარული, მერე ბავშვებსაც ვასწავლიდი. თანამედროვე ცეკვებზე ერთი გოგონას გამო დავდიოდი, რომელიც მომეწონა, არ ვხუმრობ (იცინის). კვანდოს რომ ვამთავრებდით, მოცეკვავეთა ჯგუფი მერე მოდიოდა. ეს გოგონა ჩემს სკოლაშიც სწავლობდა და ამგვარად, მას უფრო ახლოს გავიცნობდი. მაშინ 14 წლის ვიყავი. ცეკვაზე რომ დავდიოდი, მეგობრებს ვუმალავდი, ვარჯიშის მერე იმათ გავისტუმრებდი ხოლმე და უცებ ვიცვლიდი ფორმას (იცინის). შემდეგ, სხვა სტუდიაშიც გადავედი, სადაც ჩემი ტყუპი დები დადიოდნენ. ეს თანამედროვე ცეკვები შემდგომში `გიტესში~ ჩაბარების დროსაც დამეხმარა. სკოლაში ოროსანი-სამოსანი ვიყავი, განსაკუთრებით რუსულ ენაში, მაგრამ ინსტიტუტში უპრობლემოდ ჩავაბარე. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში დიდი ხნის ჩასული ვიყავი, უკრაინული აქცენტი მაინც მქონდა, თეატრალურში მიმიღეს, მაგრამ მითხრეს, რომ თუ შენს ხმაზე, აქცენტსა და მეტყველების აპარატზე არ იმუშავებ, საერთოდ არაფერი გამოგივაო და მესამე კურსის ბოლოსკენ უკვე რაღაც შედეგი იყო.

- ვიცით, რომ დატვირთული გრაფიკი გაქვთ და თავისუფალი დრო -  ნაკლები, მაგრამ მაინც, რას აკეთებთ, როცა ისვენებთ? მაგალითად, კულინარიასთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

-  იშვიათად ვამზადებ, თუ სადმე აგარაკზე ვარ, მაგ შემთხვევაში. თავისუფალ დროს თვითგანვითარებას ვუთმობ, პროფესიონალურ ზრდას, სპორტს, მოტოციკლეტით სეირნობას, მოწევას თავი ჯერ ვერ დავანებე, მომწონს (იცინის).

-  თქვენს შვილზე, მარკზეც გვიამბეთ.

- ის 8 წლისაა, ფეხბურთითაა დაკავებული და კარგი იუმორის გრძნობა აქვს. ერთხელ მირეკავს, დედამ ნება დამრთო და კატა მომიყვანეო, იქიდან ხმა მესმის - ნუ ატყუებ, არ მომიცია უფლებაო, მარკმა კი გამიმეორა _ აი, გესმის? დედამ თქვა, "დაჟე" ორიო (იცინის).

-  გვაინტერესებს, როგორი იყო თქვენი შეხედულება საქართველოზე და გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი? აქ კიდევ ჩამოხვალთ?

- როცა ასეთი შესაძლებლობა კიდევ მომეცემა, დიდი სიამოვნებითა და სიხარულით გესტუმრებით. გაგებული მქონდა, რომ მეგობრული, სტუმართმოყვარე ხალხი ხართ, ქართველებთან ერთად ვმუშაობ და ასე თუ ისე, გიცნობთ, მაგრამ რაც აქ დამხვდა, არ ველოდი, მართლა ძალიან მომეწონა! ასეთი ყურადღების ღირსიც არ ვარ, მეც ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, როგორც ნებისმიერი თქვენთაგანი.

- ქართული სამზარეულოს როგორ შეაფასებთ?

- აღფრთოვანებული ვარ! პირდაპირ გასაოცარია, ჭამ, ჭამ, აღარ ჩაგდის და მაინც კიდევ გინდა, მაგრამ სადღაა ადგილი? (იცინის) სხვათა შორის, ერთხელ ხაში მოვამზადე, ძალიან მიყვარს.

- თბილისში ყველაზე მეტად რა მოგეწონათ?

- ბევრი რამ, მაგალითად, ძველი თბილისი, ვგიჟდები ქალაქებზე, სადაც ძველი, პატარა სახლებია, ისეთი ატმოსფეროა ხოლმე, წარმოუდგენელია, არ დატკბე. ყველაზე მთავარი კი რაც მომეწონა, უძველესი ეკლესიებია, ასეთი ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს. ორთაჭალის აბანოებიც ძალიან მაგარია!

- ყველა ფილმსა თუ სერიალში დადებით გმირებს ასახიერებთ და ისინი იმდენად საყვარლები არიან, რომ შეიძლება, შეგიყვარდეს. არ გქონიათ სურვილი უარყოფითი ტიპებიც განგესახიერებინათ?

- რა გითხრათ, ჩემი აზრით, დადებითი და უარყოფითი პერსონაჟების რაოდენობა ალბათ 50/50-ზე მაქვს. მთლად დადებითიც არაა ყველა.

- ნანა ჯორჯაძესთან მუშაობზე რას იტყვით? პირველი ქართველი რეჟისორია, ვისთანაც ითანამშრომლეთ.

- ნანა ჯორჯაძე უნიკალური ადამიანია! მისი შვილი - მიხო კვირიკაძე ოპერატორი იყო და უნდა გენახათ, როგორ კამათობდნენ გადასაღებ მოედანზე (იცინის). თუმცა დედის მიმართ, რა თქმა უნდა, დიდი პატივისცემა აქვს და ეს დედა-შვილის საინტერესო სამუშაო პროცესი იყო.

-  რას ეძებთ ცხოვრებაში? რა არის თქვენთვის ბედნიერება?

-  გამუდმებით სანთებელას ვეძებ.

- ანუ აქედან გამომდინარე, ბედნიერება ისაა, როცა სანთებელას პოულობთ?

- კი, კი, სწორედ ესაა (იცინის). როცა იპოვი, სიგარეტს მოუკიდებ და გემრიელად გააბოლებ.

- არ გქონიათ სურვილი მონაწილეობა მიგეღოთ რუსულ "ცეკვავენ ვარსკვლავებში"?

- იცით, როცა შემომთავაზეს, მე მაშინ ფილმის გადაღება მქონდა და უარის თქმა მომიწია. თუ რამე საქმეს იწყებ, მთლიანად მასში უნდა იყო ჩართული, სხვაგვარად კარგი არ გამოგივა და იმ ეტაპისთვის არ მინდოდა, სხვა გეგმები მქონდა.

- შესაძლებლობა რომ გქონდეთ, რას შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში?

- სიმართლე რომ გითხრათ, არაფერს. რა და როგორცაა, ისე უნდა იყოს. ჩემი გზა, ჩემი არჩევანი, როგორც მიდის, ესე იგი, ასე იყო საჭირო.

- საქართველოში შეხვდებოდით ახალ წელს? ქუთაისლებს შეპირებიხართ, ჩამოვალო.

- რა არის იცით, ადამიანები, სადაც არ უნდა იყვნენ, ყოველთვის ცდილობენ, ეს დღე ოჯახურ გარემოში გაატარონ, სხვა ქალაქებიდან თავიანთ მშობლიურ ადგილებში ჩადიან. ჩემი აზრით, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და საყვარელი დღესასწაულია ადამიანისთვის. ვიცი, რომ ახალი წლის ღამეს თბილისი ძალიან ლამაზია. ვინაიდან, ჩემი დედმამისშვილები, ხუთივე გაფანტულები ვართ აქეთ-იქით, წინასწარ ვულოცავთ ხოლმე და ისინი არ აპროტესტებენ, ჩვენ თუ სადმე წავალთ. გვეუბნებიან, ბავშვებო, თქვენ ყველაფერი უნდა ნახოთ, სანამ ამისი შესაძლებლობა გაქვთო, ცხოვრებით დატკბეთ, იმ ყველაფრით, რაც გაქვთ, ნუ იღელვებთ ჩვენზე, რადგან ამქვეყნად მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთო.

- მაშინ მთელი ოჯახით გეპატიჟებით ქუთაისში და იქ შეხვდით!

- ყველაფერი შეიძლება (იცინის). სხვათა შორის, საქართველოს პატრიარქს პირველად შევხვდი და ეს შესანიშნავი ემოცია იყო. მან მითხრა, შენ საქართველოში აუცილებლად კიდევ ჩამოხვალო.

- შეგიძლიათ მოკლედ რუსეთისა და უკრაინის ომზეც გვითხრათ რაიმე?

- მოკლედ? შემდეგი შეკითხვა.

- გყავთ თუ არა კუმირი მსახიობი?

- კი, ჩემთვის კიანუ რივზია ძალიან მაგარი მსახიობი, ასევე, ლეონარდო დიკაპრიო, უნიჭიერესია, შესანიშნავად თამაშობს და წარმოუდგენელ რამეებს აკეთებს ფილმებში. თუ ადრე ეს მსახიობები უბრალოდ მომწონდა, ახლა უკვე სხვა თვალით ვაფასებ და მათი პროფესიონალიზმით აღფრთოვანებული ვარ. ფილმში "დიდი გეცბი" ძალიან მომწონს ის მომენტი, როცა გეცბი დარცხვენილია დეიზისთან პირველი შეხვედრის გამო და წვიმაში სახლს წრეს დაარტყამს, გასაოცრად თამაშობს ამ ეპიზოდს! ასეთი დეტალები ქმნის დიდ როლებს. კიანუ რივზს საოცარი სიღრმე აქვს თვალებში.

- ვისთან იმუშავებდი?

- ტარანტინოსთან!

- რას ნიშნავს ეს წითელი ძაფი თქვენს ხელზე?

-  ეს ისრაელიდან ჩამომიტანეს, ერთგვარი თილისმასავითაა, ზოგჯერ ვიხსნი, გადაღებების დროს, სხვა დროს სულ მიკეთია.

- რაში მდგომარეობს თქვენი ფილმების წარმატების ფორმულა?

-  გულახდილად გითხრათ? როცა სცენარს კითხულობ, შენ არ შეგიძლია გათვალო, როგორი გამოგივა როლი, შესაძლოა, სცენარი ძალიან მაგრად იყოს დაწერილი და თქვა, რომ "კრუტო"! მერე კი გადაღებულს რომ შეხედავ, შეიძლება თქვა, უი, აქ რაღაც ისე არააო. მუშაობის პროცესში არ იცი, საბოლოო შედეგი რამდენად კარგი იქნება. ეს დიდწილად რეჟისორებზეა დამოკიდებული, ამიტომ ცდილობ ისეთ რეჟისორებთან იმუშაო, რომლებთანაც მანამდეც გიმუშავია და იცი, რომ თუნდაც ცუდი სცენარიდან მართლაც კარგ, ხარისხიან ფილმს გამოიყვანენ და წარმატებას, რეიტინგს მოუტანს, მაგალითად, ტელეარხსაც და ფილმზე მომუშავე კოლექტივსაც.

-  თეატრი უფრო მოგწონთ თუ კინო?

- კინოსგან მეტ "კაიფს" ვიჭერ. თეატრის რეპეტიცია გაცილებით უფრო რთულია და მუშაობისას დიდ ნებისყოფას მოითხოვს, მაგრამ ძალიან საინტერესოა და როცა უკვე გამოგდის როლი, მერე მეტი ინტერესი გაქვს. კინოში ბევრ რამეს ისწავლი, თუ გინდა, რომ პროფესიულად გაიზარდო.

- ბავშვობისას ვინ გინდოდათ გამოსულიყავით?

- მილიოციონერი, რადგან მას პისტოლეტი აქვს და ყველას იცავს.

- ხომ არ გინანიათ ოდესმე, რომ მსახიობის პროფესია აირჩიეთ და დათანხმდებით თუ არა ფულის გამო ისეთ პროექტს, რომელიც არ მოგწონთ?

- გააჩნია, რა პროექტია, იმ მომენტში ფული რამდენად მჭირდება და რამდენს მთავაზობენ. თუ ბანკის სესხი გაქვს და პროცენტია გადასახდელი, გემოვნების მიხედვით რჩევას ვერ დაიწყებ. ფული საჭირო რამაა, რაღაცნაირად ხომ უნდა იცხოვრო ადამიანმა? შემოსავლის წყაროგჭირდება. თუმცა, როცა ფულის გამო ვთანხმდები, მაინც იგივე დატვირთვითა და მონდომებით ვმუშაობ, როგორც სხვა შემთხვევაში.

-  როგორია სამომავლო გეგმები?

- რამდენიმე სპექტაკლსა და ფილმის გადაღებაზე ვმუშაობთ.სანამ ავტოგრაფებს დავარიგებ, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო იმ ორ უმაგრეს გოგონას, რომლებმაც მიხოს დასახმარებლად ასეთი პროექტი განახორციელეს! ესენი არიან _ ელენე თარგამაძე და ნათია ქარდავა. მადლობა, თქვენ, ქართველებს ასეთი დახვედრისთვის!

თამთა დადეშელი, სპეციალურად Ambebi.ge-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება