"შოუბიზნესი ბნელი რამაა"- ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz ევროვიზიაზე

"შოუბიზნესი ბნელი რამაა"- ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz ევროვიზიაზე

2016 წელს ევროვიზიის რიგით 61-ე სიმღერის კონკურსი­ შვედეთში, ქალაქ სტოკ­ჰოლმში გაიმართება. გრანდიოზულ სანახაობას Globe Arena უმასპინძლებს. ამჯერად კონკურსში 43 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. ნახევარფინალი 10 და 12 მაისს ჩატარდება, ფინალი კი - 14 მაისს. წელს ევროვიზიაზე­ საქართველოს წარადგენენ ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz სიმღერით Midnight Gold. "კვირის პალიტრა" ნიკა კოჩაროვს გაესაუბრა:

- ევროვიზიის კონკურსისთვის მზადება დასასრულს უახლოვდება. მუსიკალურად ყველაფერი რიგზეა, ახლა კოსტიუმებს­ გვიკერავენ. ჩვენი საკონკურსო ნომრის სცენოგრაფიაზე შვედი რეჟისორი, საშა ჟან-ბაპტისტი ზრუნავს. კონკურსი Globe Arena-ს უზარმაზარი ეკრანებით გაფორმებულ დიდ სცენაზე წარიმართება, ძალიან საინტერესო გრაფიკით, პირდაპირ ეთერში ვიდეოეფექტებიც გადაიცემა.

- ევროვიზიის ფესტივალზე აქამდე გასული სხვა ნომრებიდან, რით განსხვავდება თქვენი ნომერი?

- სტილით. ჩვენნაირი მუსიკა ჯერ არ მოუსმენიათ ევროვიზიის ფესტივალზე. შესაძლოა, ეს არც ისე კარგია, მაგრამ ევროვიზიის ქართველი პარტნიორების თამამი ექსპერიმენტია.

- ელოდით, რომ თქვენ წარმოადგენდით საქართველოს?

- არა. როდესაც დამირეკეს და მაუწყეს, კარგა ხანი დამჭირდა, დავრწმუნებულიყავი, რომ არ ხუმრობდნენ. თვითმიზანი არასდროს ყოფილა ევროვიზიაზე გასვლა. ჩვენ სულ სხვა სცენისკენ მივილტვით, მაგრამ, როდესაც შემოგვთავაზეს, ვიფიქრეთ, რატომაც არა-მეთქი.

- საქართველო არ არის გათამამებული­ ევროვიზიაზე მოპოვებული წარმატებებით.

- ჩვენზე არაფერია დამოკიდებული. ევროვიზია ისეთი კონკურსია, ვერ გათვლი. იქ 60 ათასი ჟურნალისტი დაგვხვდება, ერთადერთი, რაც თავის კარგად წარმოსაჩენად შეგიძლია გააკეთო, ჟურნალისტებს კარგად გააცნო თავი. ევროვიზიას მუსიკალური კონკურსი ჰქვია, მაგრამ ხალხს იშვიათად ამახსოვრდება სიმღერა. გახსოვთ სიმღერა, რომელმაც შარშან ან იმის წინ გაიმარჯვა? დარწმუნებული ვარ - არა.

- ბევრს მიაჩნია, რომ ევროვიზია პოლიტიკური კონკურსია. ეთანხმებით?

- მეც მსმენია ამგვარი მოსაზრება. სინამდვილეში რა ხდება, კაცმა არ იცის. კონკურსანტს ხალხი აძლევს ხმას და პლუს ჟიური. შარშანდელი გამარჯვებული, ხალხის ხმებით, მესამე ადგილზე იყო, თუმცა ჟიურიმ პირველ ადგილზე გაიყვანა. ვერ გაიგებ, შოუბიზნესი ხომ ბნელი რამაა.

- ამ ეტაპზე ვის რა შანსი აქვს?

- ყველა ამბობს, რომ გამარჯვების დიდი შანსი აქვს რუსეთის წარმომადგენელ სერგეი ლაზარევს. მის კლიპზე მილიონებია დახარჯული. თუმცა არავინ იცის, ფინალში რა მოხდება... გამარჯვების შანსი რომ საშუალოზე ნაკლები გვაქვს, ამას ყველა ხვდება. ჩვენ ხალხში არაპოპულარულები ვართ. ჩვენი მუსიკა არ არის ფართო მასებისთვის. ჩვენი ბეგრაუნდი როკ-ენ-როლია, მაგრამ ვცდილობთ, ახალი ელემენტებიც შევძინოთ. არ ვაღიარებთ ჩარჩოებს, მიგვაჩნია, რომ ჩარჩოები მუსიკისთვის დამღუპველია.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება