"სხვაზე ნაკლები "ექსტრემისტი" არ ვყოფილვარ..."

"სხვაზე ნაკლები "ექსტრემისტი" არ ვყოფილვარ..."

თემო გოცაძის 75 წლისათვის მიძღვნილი გამოფენა რომ არ რქმეოდა, ვერც ვიფიქრებდი, თუ მხატვარი, რომელიც ჩვენ წინ იჯდა, ამ ხნისა გახდა. იმიტომ კი არა, რომ ჭაღარა არა აქვს, ან ყმაწვილურად მკვირცხლია, გარეგნულ მხარეს მნიშვნელობა არა აქვს: მერვე ათეულს შემდგარი კაცი შინაგანად ახალგაზრდაა. კამათი და სხვისი პოზიციის გააზრება დღემდე მისი არსებობის ფორმაა. გაუაზრებლად ნაბიჯს ვერ გადაადგმევინებ, სიტყვას ვერ ათქმევინებ, უბრალოდ არავის დაუქნევს თავს დასტურად... ძიება და ახლისკენ სწრაფვა, სიმართლის პირუთვნელი აღიარება და "ჩინ-მედლების" არცნობა გახლავთ მისი მარადიული ახალგაზრდობის გასაღები. ეს ახალგაზრდული სული მის ბოლოდროინდელ ნამუშევრებში - განსაკუთრებული სტილით შექმნილ აბსტრაქციებში ფერადოვნად გეგებება, თუმცა ათეული წლების წინ დახატული "ლურჯა ცხენები" ისევ საწყისად რჩება...

- ცხადია, რთული იყო ცხოვ­რება. ძალიან ბევრი რამ გვქონდა აკრძალული. სინამდვილეში აკრძალული იყო სიტყვით, რეალურად კი მაინც შეიძლებოდა გეკეთებინა, რაც გინდოდა. ასე იყო აკადემიაში სწავლის დროსაც და მერეც. დღეს რომ ვფიქრობ, არაფრით სხვაზე­ ნაკლები "ექსტრემისტი" არ ვყოფილვარ. ჩვენი ჩამოყალიბება მოხდა რაღაცის უარყოფაში. ეს იყო დაპირისპირება ჯერ მასწავლებლებთან, მერე კი...

- როგორ შეიქმნა ეს უმნიშვნ­ელოვანესი "ლურჯა ცხენები"?

- სტუდენტობის წლებში არ ვაძლევდი თავს უფლებას, რაიმე შემოქმედებითი გამეკეთებინა­. ექვსი წელიწადი ნატურიდან ვხატავდი, ან ასლს ვაკეთებდი... 1965 წელს პირველი სურათი დავხატე - "ლურჯა ცხენები". ამდენი შეკავება რომ არა, არაფერი გამოვიდოდა! "ლურჯა ცხენები" საშემოდგომო გამოფენაზე­ გალერეაში მივიტანე. ერთმა ცნობილმა მხატვარმა ჩამოხსნა, თანაც­ ფეხი გაჰკრა, - უბრატო!.. მიხვდა, ეს ნამუშევარი "შეჭამდა" მთელ გამოფენას. გავცოფდი და შევაგ­ინე. მითხრა, - ეს ნახატი გამოფენაზე არ იქნება, მაგრამ შენ საინტერესო კაცი ხარო. მოეწონა, რომ არ შევეპუე. თვითონ იყო ასეთი. გამოფენაზე მთელი რუსთაველის პროსპექტი მყავდა დაპატიჟებული. მოვიდნენ - არ დახვდათ ჩემი ნამუშევარი...

საგაზაფხულო გამოფენაზე გამოიფინა "ლურჯა ცხენები" და კომკავშირის პრემიაზეც წარადგინეს. აკადემიის მაშინდელმა რექტორმა გოგი თოთიბაძემ - არ შეიძლება სახელმწიფო პრემია მიენიჭოს ბურჟუაზიული ხელოვნების ნიმუშსო. ჟიული შარტავამ (კომკავშირის ცკ-ის მდივანი იყო) საკადრისად უპასუხა. თოთიბაძემ წერილი გაგზავნა სსრკ-ის კულტურის განყოფილებაში, ამის შემდეგ კულტურის განყოფილების გამგემ, შაურომ მოსწერა საქართველოს ცკ-ს - ეს საქმე გაარკვიეთო. გამოფენა შეაჩერეს, წიგნი, სადაც სხვა კომკავშირის პრემიის ლაურეატებთან ერთად მეც ვიყავი დაბეჭდილი, დააპატიმრეს. 1976 წელია. ცკ-ის პროპაგანდის განყოფილების გამგემ, ნუგზარ ფოფხაძემ დამიბარა და შაუროს რეზოლუცია წამიკითხა: გასწორებული ვიყავი მიწასთან, 1937 წელი რომ ყოფილიყო, ალბათ დამხვრეტდნენ. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ერთადერთი მხატვარი ვარ, ვის მიმართაც რეჟიმმა ოფიციალური­ დოკუმენტი დატოვა, რომ მე ვარ მიუღებელი.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება